in

როგორ ავირიდოთ თავიდან თანამშრომლების “გადაწვა”?

მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და განტვირთვა აუცილებელია!

CircleUp-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი რაიან კალდბეკი ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელიც ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. პრობლემები შეეხო როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებას. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც იგრძნო, რომ “გადაიწვა”.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ტექნოლოგიით აღჭურვილი საინვესტიციო პლატფორმა CircleUp 2011 წელს დაფუძნდა. საწყისი ეტაპი რთული და ამასთანავე მომაჯადოებელი იყო, თუმცა 2016 წლისთვის რაღაც შეიცვალა, კომპანია კრიზისში იყო. იმის გაფიქრებაც კი, რომ მის გადარჩენას კონცენტრაცია და ძალისხმევა სჭირდებოდა, რაიანს სტრესულ სიტუაციაში აყენებდა. ამას დაემატა ჯანმრთელობის პრობლემები, კიბოს სახით. მიუხედავად ამისა, როგორც პასუხისმგებელი პირი, რაიანი ვალდებული იყო, სიმტკიცე შეენარჩუნებინა და უბრალოდ ებრძოლა. შედეგად, წლებთან ერთად ყველაფერი დალაგდა – იგი კიბოსგან განიკურნა, კომპანია პოსტ-საპილოტე ზრდაში გადავიდა. და მაინც, რაღაც რიგზე ვერ იყო… რაიანი უბრალოდ გადაიწვა, რასაც გარშემომყოფებიც ამჩნევდნენ.

ამიტომაც, რაიან კალდბეკმა გადაწყვიტა, მისი ადგილი სხვისთვის დაეთმო, თავად კი აღმასრულებელი თავმჯდომარის პოზიცია დაიკავა. როგორც თავად ამბობს, ამ გამოცდილებამ ბევრი რამ ასწავლა და დროთა განმავლობაში კომპანიის გუნდმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე: კუთვნილება, დაუცველობა, თანაგრძნობა, კონტროლის გრძნობა და გარე დახმარება.

კუთვნილება

აღმასრულებელ დირექტორად ყოფნა, სამწუხაროდ, ერთგვარ იზოლირებას იწევს გუნდის დანარჩენ წევრებთან. თითქოს, უფლება არ გაქვს, პირადი ემოციები და დამოკიდებულება სხვებს ღიად გაუზიარო. რადგანაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოსცადა რაიან კალდბეკმა, CircleUp-ის ერთ-ერთ მთავარ ორიენტირად სწორედ თანამშრომლების ერთმანეთთან დაახლოების იდეა იქცა. ამისათვის, კომპანიაში წახალისებულია სხვადასხვა ტიპის ერთობლივი ღონისძიებები, “სასიამოვნო საათები”, სადილის ერთად მირთმევა, გასეირნება და ასე შემდეგ.

დაუცველობა

ამერიკის მკაცრი ბიზნესის კულტურა ადამიანებს დიდ სირთულეს უქმნის – მათ უჭირთ აღიარება, როდესაც რაღაც პრობლემის წინაშე იმყოფებიან ან უბრალოდ დაუცველად გრძნობენ თავს. CircleUp-ის გუნდი კი ბევრს მუშაობდა მეტი ნამდვილობისა და მოწყვლადობის ასამაღლებლად – ეს მართლაც კოლექტიური ძალისხმევაა. მაგალითად, კომპანია თანამშრომლებს უბრალო, “მარტივი” გზითაც კი აგრძნობინებს, რომ მათ არ სჭირდებათ საკუთარი ემოციების დამალვა. გასულ წელს, CircleUp-ისგან მათ ელექტრონული შეტყობინება მიიღეს ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა რასობრივი სამართლიანობის საპროტესტო აქციები, აშშ-ს კაპიტოლიუმის შტურმი, კორონავირუსი და სხვ. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას და დაცულობის შეგრძნების გაზრდას.

თანაგრძნობა

როდესაც ყველა მხოლოდ საკუთარ საქმეზეა ფოკუსირებული, თანაგრძნობის დონე იკლებს. ეს კიდევ უფრო გაამწვავა პანდემიურმა სიტუაციამ. CircleUp-ში კი ლიდერებს ყოველთვის მოუწოდებენ, ისაუბრონ თანაგრძნობაზე, მისი მნიშვნელობის შესახებ. კომპანიაში თანამშრომელთა ერთი ჯგუფია, რომელიც ყველა შეხვედრაზე იმყოფება და იცის, ვინ რას აკეთებს, ვინ რა ეტაპზეა და რა მნიშვნელობის მატარებელია მათი საქმიანობა მთელი ორგანიზაციისთვის. როგორც ჩანს, მენეჯერებს გამომუშავებული აქვთ ერთი მიდგომა – ისინი თანამშრომელს რუტინულად” ეკითხებიან: “როგორ ხარ?” და შემდეგ: “რეალურად როგორ ხარ?”… CircleUp-ის მისიაა, დაეხმაროს სტარტაპებს აყვავებაში, მათთვის საჭირო კაპიტალისა და რესურსების მიცემით. ამრიგად, როდესაც ვმსჯელობთ, თუ როგორ მოქმედებენ ისინი, არ აქვს მნიშვნელობა ვითარებას. კომპანია ყველასთან მხოლოდ პატივისცემისა და თანაგრძნობის ენას იყენებს.

აღიარება

როდესაც ადამიანი გადამწვარია, ობიექტურად ვერც კი აღიქვამს და აცნობიერებს რაღაც მნიშვნელოვან მიღწევას, შესაბამის დაფასებასა და აღიარებას. ასეთ დროს შესაძლოა, ლიდერების ან სხვა თანამშრომლებისგან გარკვეული შექება საკმარისი არ იყოს. CircleUp-ში ამის პრევენციისთვის, ყოველ შეხვდერაზე ხაზი ესმევა თითოეული ადამიანის დიდ თუ მცირე მიღწევას. შესაბამისად, ყველა გრძნობს, რომ აღიარებულია. ასევე, საზეიმოდ Slack-საც კი იყენებენ.

კონტროლი

მეწარმეობა არსებითად სარისკო ბიზნესია – იშვიათად გრძნობთ თქვენი ბედის კონტროლს. სტარტაპებშიც კი არსებობს გზები, რომლითაც ადამიანები გარკვეულწილად აკონტროლებენ თავს. ამისათვის CircleUp-ში შემუშავებულია ღია და გამჭვირვალე შეთანხმებები – კომპანიის ფარგლებში ყველასათვის ნათელია, მიზნები და ძირითადი შედეგები. თანამშრომლებს კი კონკრეტული შედეგის მიღების გზის არჩევა შეუძლიათ, რაც კონტროლის, სადავეების მართვის განცდას ბადებს. ასევე, აქ თანამშრომლებს ყოველთვის ურჩევენ, რომ საღამოს საათები არა მუშაობას, არამედ რაღაც სხვას დაუთმონ, რათა არ გადაიწვან.

გარე დახმარება

დეპრესია აშშ-ს მოზრდილთა დაახლოებით 7%-ს აქვს. მათი უმეტესობა სწორედ გადაწვას უკავშირდება. ეს ნიშნავს, რომ CircleUp-ის მასშტაბის კომპანიებში სულ მცირე 60 თანამშრომელი იტანჯება ამ მიზეზით. ამიტომაც, აღნიშნულ კომპანიაში ლიდერები თანამშრომლებს სერიოზული ფსიქიკური პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან – მათ სთავაზობენ დასვენებას, ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ასევე, მენტალური ჯანმრთელობის პროგრამების ანაზღაურებას და ლიდერების ქოუჩინგს.

ყველაზე დიდი შეცდომა, რომელსაც გადაწვის დროს ვუშვებთ, მდგომარეობის სხვებისთვის დამალვაა. საჭიროა, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებენ პრობლემებს. ასევე, გახსოვდეთ, მუშაობასთან ერთად, აუცილებელია განტვირთვა, საყვარელი ადამიანებისა და საქმიანობებისთვის დროის გამოყოფა.



„შემოქმედებითი ინდუსტრიების მეფინგის მხარდაჭერა საქართველოში“ – პროექტის და ახალი კვლევის შედეგების შესახებ

ზურა აფხაზი – “ზედმეტი ფიქრისგან” თავისუფალი მხატვარი