26
Aug
2019

როგორ დავაღწიოთ თავი სირცხვილისა და დანაშაულის გრძნობას?!

26 Aug 2019

ჩემი ნაცნობ-მეგობრების უმეტესობას, ძალიან გრძელი To Do List (შესასრულებელი საქმეების სია) აქვს. ჩამონათვალს, ზოგჯერ, ბოლო არ უჩანს. ხშირად, ისიც კი გაურკვეველია, როდის შესრულდება ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტებიც კი. სწორედ ასეთ დროს ჩნდება სირცხვილისა და დანაშაულის შეგრძნება. ანუ მაშინ, როცა საქმე ბოლომდე ვერ მიგყავს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ადამიანებს სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა მაშინაც უჩნდებათ, როცა რაღაცას არასწორად აკეთებენ, შეცდომებს უშვებენ. დანაშაულის შეგრძნება შინაგანად მოქმედებს, სირცხვილი კიდევ უფრო მძიმე ფიქრებს აღძრავს – ამ დროს, ჰგონია, რომ ცუდი ადამიანია და თანაც, ეს ყველამ იცის. შეიძლება ეს გრძნობები სასარგებლო იყოს?! აი, მთავარი შეკითხვა. არის ასეთი ფილმი Bridge of Spies,სადაც ერთ-ერთ ჯაშუშს ეკითხებიან, განიცდის თუ არა მომხდარს. „და ეს დამეხმარება?!“ – პასუხობს მთავარი ჯაშუში.

ჩვენ შემთხვევაში, პასუხი ასეთია – „გააჩნია“.

დანაშაულის გრძნობა, ზოგჯერ, მოტივატორიც გახდება. ამ განცდის „დამსახურებით“, ადამიანი ხშირად უკეთ თანამშრომლობს სხვებთან და თითქოს, ჩავარდნილი პროექტების გამოსწორებასაც კი ახერხებს. რეალურად, თუ თქვენი პოზიციის გათვალისწინებით, არაფრის შეცვლა ან გამოსწორება არ შეგიძლიათ, მხოლოდ დამაბრკოლებელი ფაქტორი იქნება. ეს განცდა საერთო საქმეზე იმოქმედებს და მეგობრებთან, ოჯახთან დროის გატარებაშიც კი შეგიშლით ხელს.

აი, სირცხვილის გრძნობა კი, სხვა საკითხია. დადასტურებულია, რომ ამ გრძნობას სასიკეთო არაფერი მოაქვს, რეალურად, მის გამო, მხოლოდ გააფუჭებთ საქმეს.

რა შეიძლება გააკეთოთ, რომ დანაშაულისა და სირცხვილის გრძნობის ნეგატიური შედეგები აირიდოთ თავიდან? ერთ-ერთი რითიც ამ ემოციების განეიტრალება შეგიძლიათ, პრობლემური თემის ხელახალი გააზრებაა. სხვადასხვა კუთხით, ამ საკითხის შეფასება. ამ უარყოფითი განცდების თავიდან დასაღწევად კიდევ რამდენიმე საშუალება არსებობს:

უგულშემატკივრეთ საკუთარ თავს – საკუთარი თავისადმი მიმტევებლობა სირცხვილის გრძნობას ამცირებს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ადგილზე სხვა ადამიანია და მას უნდა მისცეთ რჩევა. მაგალითად, მეგობარს, რომელიც რამდენიმე პროექტს შორის „იხლიჩება“. დიდი ალბათობით, ურჩევდით, ცოტა ხნით ყველაფერს მოწყდეს, დაისვენოს და დასვენებულ გონებაზე შეუდგეს საქმის კეთებას. იგივე ურჩიეთ საკუთარ თავსაც.

კონცენტრირდით თქვენს მიღწევებზე – ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმაზე ფოკუსირება, რას მიაღწიეთ და რას გინდათ, რომ მომავალში მიაღწიოთ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობას აჩენს. როცა თქვენს მიღწევებზე აკეთებთ აქცენტს, სიამაყის განცდა გეუფლებათ. გათავისუფლდით დანაშაულის გრძნობისგან, სანაცვლოდ კი იფიქრეთ იმაზე, რაც აქამდე გაგიკეთებიათ. შემდეგ მიუბრუნდით საქმეს.

მიიღეთ ნებისმიერი მოცემულობა  – ერთ-ერთი ყველაზე სწორი ნაბიჯია, მიიღოთ არსებული სიტუაცია. ეს მაშინაც ძალიან ეფექტურია, როდესაც ცდილობთ, დანაშაულის გრძნობა გადალახოთ. გაითავისეთ, რომ საქმე იქ დაგხვდებათ, როცა სამსახურში მიხვალთ და ეს არ შეიცვლება თქვენი განცდების მიუხედავად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაშაულის გრძნობის საკუთარი თავისთვის შეხსენება, არაფერში გამოგადგებათ.

დანაშაულის გრძნობა მოტივაციისთვის, შეიძლება, მაშინ გამოგადგეთ, როცა საქმე გაქვთ გასაკეთებელი და თუ ასე არაა, ყველანაირად ეცადეთ, თავიდან მოიშოროთ ეს განცდა. ასევე, ეცადეთ თავი დააღწიოთ სირცხვილის შეგრძნებას. გახსოვდეთ, თუ რაღაც მომენტში საქმე ვერ გააკეთეთ, სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანი ხართ. თქვენ უბრალოდ ადამიანი ხართ.

წყარო: HBR



განხილვა