„ყველა კომპანიას უნდა ესმოდეს, რომ ბედნიერი და კმაყოფილი თანამშრომელია ბიზნესის წარმატების მთავარი გასაღები“, – გვითხრა თათო ბეჟანიშვილმა, „ეივონ საქართველოს“ ადამიანური რესურსების მენეჯერმა, ვსაუბრობდით რა კომპანიის მიერ, COVID-19-თან ადაპტაციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე. და თუ „ეივონის“ გადაწყვეტილებებს შევაფასებთ, როგორც სწორს იმიტომ, რომ კრიზისის მიუხედავად, კომპანია საქმიანობას წარმატებით აგრძელებს, თავის მხრივ კი, რეალობასთან მორგება, პირველ რიგში, თანამშრომლების უსაფრთხოებაზე ზრუნვით დაიწყო, მაშინ თავს იმის თქმის უფლებას მიცემთ, რომ: იმას, რაც ბედნიერ თანამშრომელზე ზემოთ ვახსენეთ, კომპანიის პრაქტიკული გამოცდილება ადასტურებს.
იმ კომპანიების გამოცდილება, რომლებმაც მყისიერად შეძლეს საჭირო რესურსების მობილიზება და COVID-19-ის შესაბამისად გადაწყობა, ვფიქრობთ, გაზიარებას იმსახურებს. სწორედ ამიტომ, ვსაუბრობთ თათო ბეჟანიშვილთან, „ეივონ საქართველოს“ ადამიანური რესურსების მენეჯერთან:
M: თათო, მოგვიყევი, „ეივონ საქართველოს“ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე COVID-19-ის საწყის ეტაპზე… საიდან დაიწყეთ კრიზისთან გამკლავება?
თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ „ეივონი“ იყო იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებმაც პირველებმა გადაიყვანეს თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე. ასევე, „ეივონ საქართველო“ იყო პირველი „ეივონის“ სხვა ბაზრებს შორის, რომლებმაც ეს პრაქტიკა დანერგეს. ქვეყანაში ჯერ საგანგებო მდგომარეობაც არ იყო გამოცხადებული, ჩვენი ყველა თანამშრომელი, მათ შორის, ქოლ ცენტრიც რომ სახლიდან მუშაობის რეჟიმზე გადავიყვანეთ. უმოკლეს ვადებში, ფაქტობრივად, 2 დღეში გადავაწყვეთ ტექნიკა დისტანციურად სამუშაოდ ისე, რომ არც კომპანიის ფუნქციონირება შეფერხებულიყო და უპირველ ყოვლისა, თანამშროლები უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ.
ჩვენ, მაქსიმალურად, ვეცადეთ, ჩვენი გუნდისთვის კომფორტული სამუშაო პირობები შეგვექმნა, მზად ვიყავით, თითოეული თანამშრომლისთვის დამატებითი ინვენტარიც კი გვეყიდა, თუ ამის საჭიროება დადგებოდა.
მხოლოდ საწყობი, სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ გადავიდა მუშაობის დისტანციურ სქემაზე და შესაბამისად, მათზე განსაკუთრებული ზრუნვა დავიწყეთ:
- ჩავატარეთ და დღემდე რეგულარულად ვატარებთ საწყობის სადეზინფექციო სამუშაოებს;
- ყველა თანამშრომელი აღიჭურვა პირბადეებით, სახის ნიღბებით, სპეციალური ხელთათმანებითა და ანტიბაქტერიული საშუალებებით;
- გამოვყავით ინდივიდუალური ტრანსპორტი მათი უსაფრთხო გადაადგილებისთვის;
- დავიწყეთ თერმოსკრინინგის განხორციელება ყოველდღიურ რეჟიმში;
- დავაწესეთ ორკვირიანი სამუშაო გრაფიკი მათი უსაფრთხოებისთვის.
სახელმწიფოს გაცემული ყველა რეკომენდაცია 100%-იანი სიზუსტით დავიცავით და დღემდე ვიცავთ ისე, რომ შემოწმების დროს, „სანიმუშო“ კომპანიის შეფასებაც კი მივიღეთ.
M: როგორც ვიცით, თქვენს შემთხვევაში, დისტანციური მუშაობის მოდელმა გაამართლა და ამ დაუგეგმავი ექსპერიმენტის შედეგები პოზიტიურია… რა კრიტერიუმები განსაზღვრავს, ამ კუთხით, თქვენს, მთლიანი გუნდის კმაყოფილებას?
4 თვეა, სახლიდან ვმუშაობთ და შემიძლია, ვთქვა, რომ ამ პროცესმა გაამართლა. ზოგისთვის იმდენად კომფორტულიც კი აღმოჩნდა, რომ სამომავლოდ, ვფიქრობ, ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ. აქამდეც გვქონდა მსგავსი შეთავაზება თანამშრომლებისთვის, თვეში რამდენიმე დღე შეეძლოთ სახლიდან ემუშავათ, თუმცა სტანდარტულ რეჟიმში დაბრუნების შემდეგ, სავარაუდოდ, ამას უფრო ხშირ ხასიათს მივცემთ. გაამართლა ნამდვილად – არცერთი პროცესი არ შეფერხებულა, არცერთი დაგეგმილი პროექტი არ ჩაშლილა, უბრალოდ, გაკეთდა ყველაფერი ახალი რეალობის შესაბამისად – დისტანციურად.
თავიდან ყველას ძალიან გაგვიჭირდა ცალ-ცალკე მუშაობა. იმდენად მეგობრული გუნდი ვართ, იმდენად ერთობლივად ვგეგმავთ და ვაკეთებთ ყველაფერს, თავდაპირველად, სწორედ ეს იყო რთული, რომ ყოველდღიურად, აღარ გვქონდა პირადი ურთიერთობა როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური. თუმცა ნელ-ნელა მივეჩვიეთ ვირტუალურ ურთიერთობასაც, სხვა რა გზა გვქონდა. პროცესები მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. თანამშრომლებთან გვქონდა გამოკითხვა და მეტ-ნაკლებად ყველა მოერგო ახალ რეალობას.
M: თქვენს ორგანიზაციულ კულტურაზეც რომ ვისაუბროთ, რა არის ის მთავარი ფუნდამენტი, რომელზეც კომპანია დგას? თქვენი ღირებულებების რა ნაწილში ხვდება თანაშრომლებზე ზრუნვა?
ჩვენთვის ამოსავალი წერტილი ჩვენი თანამშრომლები არიან – ზოგადად, მსოფლიოში „ეივონისთვის“ ადამიანი მამოძრავებელი ღერძია. ჩვენი ბიზნესის ფუნდამენტს კი წარმოადგენს 5 მთავარი ღირებულება, რომლებმაც გაუძლო დროს და აგერ უკვე, 132 წელია, უცვლელად მოგვყვება, ესენია: ნდობა, პატივისცემა, რწმენა, თავმდაბლობა და პატიოსნება. ჩვენი კულტურაც სწორედ მათ გარშემო შეიქმნა. ადამიანებზე ზრუნვა ყოველ წამს იგრძნობა და ეს თანამშრომლებმაც იციან – ჩვენ გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა თითოეულ მათგანთან, ნებისმიერ საკითხში – იქნება ეს პროფესიული თუ პირადული, ყველა მზად არის სხვის დასახმარებლად.
ზოგადად, ეს მზაობა დახმარებისთვის ყველა ეივონელს გამძაფრებულად გვაქვს. ჩვენ გვიხარია ერთმანეთის სულ მცირეოდენი მიღწევაც, ალბათ, ამიტომაც ჰყავს „ეივონს“ უნიკალური გუნდი, რაშიც ნებისმიერი თანამშრომელი დამეთანხმება.
M: რომ განვაზოგადოთ, რას გულისხმობს, კომპანიის მხრიდან, თანამშრომლებზე ზრუნვა და რატომ აქვს ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის ამ ფაქტორს გადამწყვეტი მნიშვნელობა?
როგორც კი დისტანციურ რეჟიმზე გადავედით, მაშინვე შევიმუშავეთ გეგმა, რომ ამ მძიმე პერიოდში თანამშრომლები გაგვემხნევებინა – ვატარებდით სხვადასხვა მასტერკლასს, ტრენინგს, ე.წ. „ჩელენჯს“, რომ თან გადაგვეტანა ეს პერიოდი და გუნდურობაც შეგვენარჩუნებინა.
როცა კომპანია დასაქმებულებზე ზრუნავს, იღებს კმაყოფილ, ბედნიერ და ბევრად პროდუქტიულ თანამშრომელს. ადამიანებს ისეთი გარემო უნდა შევუქმნათ, რომ სამსახურში მოსვლა უხაროდეთ – რეალობა სწორედ ასეთია – უმეტეს დროს სამახურში ვატარებთ და გვჭირდება, აქ თავს კომფორტულად ვგრძნობდეთ. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ დისტანციური მუშაობის შემთხვევაშიც. ზრუნვა მარტივი რაღაცებით უნდა დავიწყოთ – უბრალოდ, ბედნიერი დღე ვუსურვოთ, მადლობა გადავუხადოთ შრომისთვის, აღვნიშნოთ მათი სულ მცირედი წარმატებაც კი, ვიფიქროთ მათ განვითარებაზე – ეს ისეთი ელემენტარული თემებია, რომელთა შესრულებაც დიდ რესურსს არ მოითხოვს, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია. იმიტომ, რომ ყველა კომპანიას უნდა ესმოდეს, ბედნიერი და კმაყოფილი თანამშრომელია ბიზნესის წარმატების მთავარი გასაღები.
[R]