in

როგორ ჩამოყალიბდა Avon-ის გაყიდვების სისტემა?

დღეს ამ ბრენდის სახელს უამრავ ქვეყანაში იცნობენ. Avon-მა შეძლო და გაუძლო დროს, გამოწვევებს, შეიძინა მილიონობით მომხმარებელი და გულშემატკივარი მსოფლიოს გარშემო. სანამ თქვენ ფინჯან ყავას შეექცევით, ამ ბრენდის შექმნაზე მოგიყვებით.

კომპანიის დაფუძნება დევიდ ჰოლ მაკკონელს უკავშირდება. 1880-იან წლებში მან კარიერა კომივოიაჟორობით დაიწყო. კარდაკარ დადიოდა და თან წიგნებს ყიდდა. იმ დროისთვის რეკლამირების ბევრი საშუალება არ არსებობდა. წიგნების გასაყიდად მისული დევიდი პოტენციურ მომხმარებლებს, შეთავაზების მოსასმენად განკუთვნილი დროის სანაცვლოდ, საჩუქარს სთავაზობდა.

მომხმარებელთა უმეტესობა დიასახლისი გახლდათ, რომლებიც სახლში იმყოფებოდნენ, სამსახურიდან ქმრების დაბრუნების მოლოდინში. ამან მაკკონელი შთააგონა, ადგილობრივ აფთიაქთან თანამშრომლობით, შეექმნა არომატი, რომელსაც იმ ქალებს გაუზიარებდა, ვინც მის შეთავაზებას მოისმენდა. ამ მეთოდს ერთი ნაკლი აღმოაჩნდა. მომხმარებლები უფრო მეტად არომატით ინტერესდებოდნენ, ვიდრე შეთავაზებული წიგნებით.

ამ გარემოებამ მაკკონელს უბიძგა თავი დაენებებინა წიგნების ბიზნესისთვის და პარფიუმერიის გაყიდვა დაეწყო. 1886 წელს, The California Perfume Company-ის სახელით, პარფიუმერიის ხაზი გამოუშვა. ბრენდს Avon მოგვიანებით დაერქვა, 1928 წელს, შექსპირის დაბადების ადგილის პატივსაცემად.

პარფიუმერიის კარდაკარ სიარულით გაყიდვა ეფექტური გამოდგა. მომხმარებლებს მოსწონდათ, რომ სასურველი პროდუქტის შეძენა სახლშივე შეეძლოთ. ამან ანტრეპრენერს წარმატება მოუტანა.

სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვალა კომპანიის გაყიდვებში ქალის გამოჩენამ. პერსის ფოსტერ იემის ალბი. სწორედ მას მიაწერენ კომპანიის სადისტრიბუციო სისტემის შექმნას.

მაკკონელმა გააცნობიერა, რომ ქალის დაქირავება პროდუქტის ქალებზე გასაყიდად საუკეთესო გზა იყო. სწორედ ალბიმ დაიწყო ქალების გადამზადება გაყიდვების გასაზრდელად და ამ დროს დაიბადა ცნება Avon Lady. მაინც, რას ნიშნავს ეს? კომპანია თანამშრომლებს საშუალებას აძლევდა შეეძინათ მისი პროდუქტი და ლიტერატურა და გადაეყიდათ. ამრიგად, დაფუძნებიდან 1 წლის შემდეგ, მაკკონელს ჰყავდა 12 ქალისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც 18 სახეობის არომატს ჰყიდდა.

უკვე 1905 წელს, კომპანიამ გამოუშვა ჟურნალი Outlook, სადაც თავის წარმომადგენლებს კომპანიის შესახებ სიახლეებს ამცნობდა. მომდევნო წელს, Avon-ს უკვე ჰქონდა საკმარისი სახეობის პროდუქცია, რათა კატალოგი გამოეშვა და მნიშვნელოვნად გაეზარდა გაყიდვები.

რუბრიკის “ყავასთან საკითხავი” წარმდგენია Dunkin’.

Power BI – ანალიტიკური სისტემების ლიდერი პლატფორმა

Superflex — მანქანის ფლობის ინოვაციური გზა Europcar-ისგან