in

“შექმენი შენი Story” – Avon-ის რეალითი შოუში ინსტაგრამერმა ელენიკო რუხაძემ გაიმარჯვა

100-მდე მსურველი, 15 საუკეთესო მონაწილე, 4 მენტორი, მასტერკლასები და ერთი გამარჯვებული – ეს Avon-ის რეალითი შოუს “შექმენი შენი Story” ამბავია. პროექტი გასულ წელს დაიწყო და სურდა სილამაზის ინდუსტრია სრულიად სხვა კუთხით დაენახებინა მაყურებლებისთვისა და მონაწილეებისთვის, რომელთაგან რჩეული სპეციალურ პრიზს – “Beauty Fashion Academy Millano”-ს საგანმანათლებლო ტურს მიიღებდა. პროექტი რეალითი ფორმატში მიმდინარეობდა YouTube-ზე. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ რეალითი შოუსაც შეუცვალა გეგმები, პროექტი შედგა და გამარჯვებულის ტიტული ელენიკო რუხაძემ მოიპოვა. პროექტის მიმდინარეობასა და სხვა დეტალებზე Avon-ის PR მენეჯერი და პროექტის ხელმძღვანელი ნათია ზუბიაშვილი გვპასუხობს.

“ძალიან გვინდოდა ქართულ ბაზარზე შემოგვეტანა ინოვაცია ამ პროექტის სახით, რადგან ეს არის პირველი ონლაინ ბიუთი რეალითი შოუ, რომელიც ადამიანების რამდენიმეთვიან ერთგვარ “დაპირისპირებასა” და ცხოვრებისეულ გამოცდილებას, ანუ რეალურ მომენტებს ასახავს. ქონთენთი ასევე შეიქმნა სპეციალურად YouTube პლატფორმისთვის, რაც გვაძლევდა იმის შესაძლებლობას,  ჩვენს ინდუსტრიაში საქართველოში ვყოფილიყავით პირველი ბიუთი ბრენდი, რომელიც ამ პლატფორმას ერთ-ერთ მთავარ საკომუნიკაციო წყაროდ გამოიყენებდა და ამ სივრცეში მომხმარებლის ჩართულობას გაზრდიდა.

ნათია ზუბიაშვილი

4-მა პროფესიონალმა, ერთმანეთისგან განსხვავებულმა მენტორმა და 15-მა მართლაც საუკეთესო მონაწილემ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ჩანაფიქრი, ბიუთი ინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანები, ინფლუენსერები, ბლოგერები და უბრალოდ დაინტერესებული მაყურებლები გაგვეერთიანებინა, ვფიქრობ, ნამდვილად საუკეთესოდ შეძლო.”

M: რა მთავარი ფაქტორები გაითვალისწინეთ პროექტის დაგეგმვისას?

საკმაოდ რთული იყო მენტორების შერჩევის პროცესიც. გვინდოდა 4 პროფესიონალით სრულად დაგვეფარა ის მიმართულებები, რაც მონაწილეებს პროექტის მიმდინარეობის დროს, დავალებების შესრულებაში დაეხმარებოდათ. მენტორები მათ მასტერკლასებს უტარებდნენ, ანუ ჯერ ასწავლიდნენ, უზიარებდნენ ცოდნასა და გამოცდილებას და შემდეგ “აჯიბრებდნენ” ერთმანეთს. შესაბამისად, გამოვყავით 4 სფერო – მოდა და დიზაინი, ქართველი დიზაინერის, მარიამ გვასალიას სახით, მაკიაჟის ხელოვნება, ახალგაზრდა, თვითნასწავლი მეიქაფ არტისტის, თინა შალიკაშვილის სახით, ბიუთი ბლოგერობა/ინფლუენსინგი/ქონთენთის შექმნა, რასაც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბლოგერი, თეონა ჩაჩუა ასწავლიდა და კანის მოვლა და რუტინა, რომელსაც დერმატოლოგი, კანის მოვლის ექსპერტი და მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, თამუნა ბასილაძე უძღვებოდა. შესაბამისად, დავფარეთ ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი და მენტორებიც, მთელი ამ დროის განმავლობაში, არ იშურებდნენ ენერგიასა და მონდომებას, რომ მართლაც მაქსიმალური გაეცათ და ესწავლებინათ მონაწილეებისთვის.

M: რამდენად რთული იყო პროექტის წარმართვა პანდემიის პირობებში?

პანდემიამ, პირველ რიგში, შეცვალა ის, რომ გამარჯვებულმა ვერ მიიღო პრიზი, რადგან არა მხოლოდ საქართველოში, მთელ ევროპაში საკმაოდ მწვავე მეორე ტალღაა ვირუსის და ფრენები შეფერხებულია. შესაბამისად, ამ პრიზის ნაცვლად, გამარჯვებული Avon-ისგან იღებს 1 წლიან კონტრაქტს, რაც ნიშნავს, რომ 2021 წლის განმავლობაში, ის იქნება ჩვენი გლობალური ბრენდის ინფლუენსერი და ამბასადორი და ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს მიიღებს. შევქმნით ბევრ საინტერესო პროექტსა და ქონთენთს ერთად, რაც მისი, როგორც ბლოგერის ცნობადობის ზრდას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

პანდემიამ ხელი შეგვიშალა პროექტის გაშუქებაშიც და წინასწარ დაგეგმილი კალენდარი სრულიად აგვირია, თუმცა პროექტი მაინც შედგა, ეპიზოდების სრულად განთავსება Avon-ის YouTube არხზე სულ ცოტა ხნის წინ დავასრულეთ, შესაბამისად, გამარჯვებულის ვინაობაც სულ ახლახან გახდა ცნობილი.

M: როგორ შეაფასებთ პროექტის ეფექტურობას?

მენტორები

პროექტი მართლაც საოცრად ეფექტური იყო, ერთი მხრივ, კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მართლაც უდიდესი აუდიტორიის ჩართულობა გამოვიწვიოთ, მეორე მხრივ, მენტორებისა და ყველა მონაწილისთვისაც, რადგან დიდი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს ერთმანეთს, შეჯიბრის დროს კი უკეთ გაიცნეს თავიანთი თავები და აღმოაჩინეს ისეთი უნარები საკუთარ თავში, რაც იქამდე ნამდვილად უცნობი იყო მათთვის. ისწავლეს, როგორ შექმნან ხარისხიანი ქონთენთი სხვადასხვა პლატფორმისთვის, გაიცნეს არაერთი საინტერესო ადამიანი, რადგან პროექტის მსვლელობისას სხვადასხვა ეპიზოდში მოწვეული გვყავდა ისეთი სტუმრები, როგორიცაა იუთუბერი გიორგი დანელია, ბიუთი ბლოგერი თაკო საზინა, Glam Factory-ის დამფუძნებელი მარიამ კვაშილავა, ბიუთი ფოტოგრაფი თიკო ჭიღლაძე და სხვა. ასე რომ, ნამდვილად ძალიან ნაყოფიერი იყო მათთვის ეს პერიოდი.

ძალიან მოხარულები ვართ, რომ შევძელით და ერთად შევქმენით ასეთი დინამიკური, საინტერესო, ემოციებით სავსე და უნიკალური ქართული მინი რეალითი შოუ ონლაინ სივრცისთვის. ახლა კიდევ უფრო მეტად საინტერესო პერიოდი გველოდება წინ, რადგან გამარჯვებულთან, ელენიკო რუხაძესთან ერთად ვგეგმავთ უფრო მაგარ სიახლეებს.

ელენიკო რუხაძე

კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება გაგვიზიარა გამარჯვებულმა, ელენიკო რუხაძემ:

Avon-ის პროექტში მონაწილეობის მიღება ძალიან სპონტანურად გადავწყვიტე და საბოლოოდ, ამ არჩევანმა გამარჯვებულის სტატუსამდე მიმიყვანა. კონკურსის ჟიურის თითოეული წევრისგან დიდი ცოდნა მივიღე, რამაც ხელი შეუწყო ჩემი უნარების განვითარებას, როგორც სილამაზის სფეროში, ასევე კანის მოვლაში, ტანსაცმლის სწორად არჩევაში თუ ინფლუენსინგში. კონკურსის თითოეულ ტურში, მონაწილეები მაქსიმალურად ვიხარჯებოდით და ვცდილობდით ჩვენი კრეტივი, უნარები, ფანტაზია და გადმოცემული ინფორმაცია გამოგვეყენებინა სწორად და მიგვეღო მაქსიმალურად კარგი შედეგი. პროექტში მიღებული ცოდნა და გამოდცილება, საერთო ჯამში, ძალიან დამეხმარება ჩემს საქმიანობაში.”

პროექტი მენტორმა თეონა ჩაჩუამაც შეაფასა:

თეონა ჩაჩუა

“ამ პროექტით, პირველად მომეცა საშუალება, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებისთვის გამეზიარებინა. ძალიან საინტერესო იყო მასტერკლასების ჩატარება. მეც ძალიან ღრმად ჩავედი ამ ფილოსოფიაში, როგორ გადამეცა ჩემი ცოდნა სხვებისთვის. ამ პროცესში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ფაქტობრივად, შევქმენით კურსი, თუ როგორ შეიძლება მოკლე დროში შეისწავლონ ინფლუენსინგი, კონტენტის კეთება, შემოიკრიბონ აუდიტორია… ამას გარდა, გავიცანი შემოქმედებითი ადამიანები, არაჩვეულებრივი ხედვით და თავადაც შევისწავლე მენტორინგი ამ ცნების აკადემიური გაგებით.

ვფიქრობ, საკმაოდ მკაცრი მენტორი ვიყავი. ყურადღებას ვამახვილებდი ხარისხიან კონტენტზე. ვიდეოს გადაღებაც ბევრს ძალიან მარტივი ჰგონია. მიხარია, რომ მონაწილეები საოცარი მონდომებით მუშაობდნენ. ყოველ მომდევნო ეპიზოდში სულ უფრო გვიჭირდა გამარჯვებულების გამორჩევა. იმდენად ხარისხიანად აკეთებდნენ, მენანებოდა შოუს დასატოვებლად.”

ნათია ზუბიაშვილი: “კიდეც ერთხელ ვულოცავთ ელენიკოს გამარჯვებას. გვიხარია, რომ რეალითი შოუ შედგა და მოლოდინს გადააჭარბა, რაც არ ეხება მხოლოდ პროექტის რჩეულს, არამედ სხვა მონაწილეებს, მათ განვითარებას და მენტორებს. შეიქმნა ძალიან საინტერესო კონტენტი და მაყურებლის ინტერესიც გვაიმედებს, რომ ყოველივე ეს გაგრძელდება და კვლავაც შემოგთავაზებთ საინტერესო სიახლეებს.”

 

[R]

რა გამოწვევებს აწყდებიან ბიზნესის მფლობელი ქალები პანდემიურ კრიზისში?

ეფექტური მუშაობა დისტანციურად