in

“მაროს სახელით“ გენდერული თანასწორობისთვის – გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და Avon-ის ერთობლივი კამპანია

სიმბოლური, 19 ლარიანი კუპიურა მარო მაყაშვილის გამოსახულებით და თავისუფლებისთვის მებრძოლი გოგონა გენდერული თანასწორობის სიმბოლოდ  – გაეროს მოსახლეობის ფონდმა და კომპანია Avon-მა ერთობლივი კამპანია წამოიწყო “მაროს სახელით” გენდერული თანასწორობისთვის. ავტორებმა დიდ აუდიტორიასთან პირადად და ინდივიდუალურად ხმის მიწვდენა ყველაზე მასობრივი იარაღით – ფულის კუპიურის საშუალებით სცადეს. მითუმეტეს, რომ ქართულ კუპიურებშიც გენდერული დისბალანსია და 6 კუპიურიდან ქალი მხოლოდ 1-ზეა  გამოსახული. კამპანიის იდეასა და გადაწყვეტის გზებზე AVON-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი და პროექტის ხელმძღვანელი, ნათია ზუბიაშვილი გვესაუბრა.

როგორ მოხდა გენდერული პრობლემის იდენტიფიცირება და რატომ გადაწყვიტა AVON-მა აღნიშნულ პრობლემაზე ემუშავა?

კომპანია Avon-ი ათეული წლებია იმ 70-ზე მეტ ქვეყანაში, სადაც ბრენდია წარმოდგენილი, გენდერული თანასწორობისთვის, ქალების უფლებების დასაცავად და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებისათვის იბრძვის. სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია, როგორც პასუხისმგებლიანი ბიზნესი, ერთ-ერთი მოწინავე აქტივისტია მსოფლიოში ამ კუთხით და უკვე 80 მილიონი დოლარის დონაცია აქვს განხორციელებული გენდერული თანასწორობის მხარდასაჭერ პროექტებსა თუ კამპანიებში.

ნათია ზუბიაშვილი

სამწუხაროდ,  საქართველოში ისევ საკმაოდ მძიმე სტატისტიკა გვაქვს ოჯახში ძალადობისა თუ გენდერული ნიშნით ძალადობის კუთხით. Avon-ის ბრენდის ფილოსოფიისა და მთავარი იდეოლოგიის ღერძი კი არის ქალი – გვაინტერესებს და გვაწუხებს ყველაფერი, რაც ქალებს უკავშირდებათ.  სწორედ ამიტომ გასულ წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამაშრომლობის მემორანდუმს UNFPA-ის საქართველოს ოფისთან, რათა ჩვენს ქვეყანაშიც კიდევ უფრო ხმამაღლა დაგვეწყო საუბარი გენდერულ პრობლემებზე.

„მაროს სახელით“ ვსაუბრობთ ქალების პრობლემებზე, ვაერთიანებთ თანამედროვე საზოგადოების მნიშვნელოვან და ღირსეულ წარმომადგენელ ქალებს და არა მხოლოდ – მამაკაცებსაც. ყველანი ვერთიანდებით ერთი მიზნით, რომ ღირსეული ნაბიჯი გადავდგათ გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლის მისიაში და სიმბოლურად გამოვსახოთ მარო მაყაშვილი ეროვნულ კუპიურაზე.

როგორ შეარჩიეთ შემოქმედებითი ჯგუფი სამუშაოდ და რა იყო მთავარი საკითხები ბრიფში?

Ჩვენც და გაეროს წარმომადგენლობაც ერთხმად შევთანხმდით, რომ პროექტზე უნდა ემუშავა გიორგი პოპიაშვილს. Სასიამოვნო იყო, რომ თავადაც დაინტერესდა, რადგან კამპანიას სოციალური მიზნები ამოძრავებდა და ის პრობლემა, რაზეც უნდა გვესაუბრა, პერსონალურად მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გიორგი სრულად იზიარებს ჩვენს ერთობლივ მიზანს, გადავდგათ ნაბიჯი გენდერული თანასწორობისკენ და საზოგადოებაში გამოვიწვიოთ ჯანსაღი დისკუსია ამ საკითხის გარშემო.

ასე დავიწყეთ ერთობლივი, საინტერესო სამუშაო პროცესი. გიორგის იდეა იყო, რომ შეგვექმნა ეროვნული კუპიურა ქალის გამოსახულებით. ვინაიდან არ გვინდოდა ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიგვეღო, გადავწყვიტეთ საზოგადოებისთვის შეგვეთავაზებინა ქალი

კანდიდატები და მოსახლეობას აერჩია მთავარი გმირები. მართლაც, გავაკეთეთ გამოკითხვა და შეთავაზებული 10 ქალი კანდიდატიდან კვლევის მონაწილეებმა აირჩიეს ეროვნული გმირი ქალი – მარო მაყაშვილი, როგორც ყველაზე დამსახურებული ქალი, ვინც იმსახურებს იყოს გამოსახული ბანკნოტზე. ვინაიდან, ის 19 წლის იყო და 19 თებერვალს ემსხვერპლა საბჭოთა ჯარს ქვეყნის თავისუფლების იდეით ბრძოლაში, სწორედ 19 ნომინალიანი კუპიურის შექმნა დაიგეგმა სიმბოლურად.

რა გაგრძელება და განვითარება შეიძლება მოჰყვეს კამპანიას?

ახლა კამპანიის გაშუქების ეტაპი მიმდინარეობს და უნდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ წარმატებული და პოზიტიური გამოხმაურება აქვს საზოგადოების მხრიდან. შეიქმნა სპეციალური Facebook და Instagram გვერდები სადაც საზოგადოების მასობრივ აუდიტორიებს გენდერის პრობლემებზე ვესაუბრებით  მაროს ცხოვრებისეული მაგალითებისა და გამოცდილების გაზიარებით.

გიორგი პოპიაშვილი

“მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ საკომუნიკაციო კამპანიით ასეთი პრობლემები არ გვარდება, მას ნამდვილად შეუძლია დააფიქროს საზოგადოება და ინიცირება გაუკეთოს, ამ შემთხვევაში, გენდერული თანასწორობის საკითხის ირგვლის დისკუსიას. და არ შეიძლება ჯანსაღი დისკუსია არ მივიდეს იმ აქსიომამდე, რომ მიუხედავად სქესისა ჩვენ თანასწორები ვართ, ჩვენ უფლებებსა თუ პასუხისმგებლობებში. კუპიურებზე, როგორც წესი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ადამიანებია ხოლმე გამოსახული. ლარის შემთხვევაშიც, წარმოუდგენელია საქართველო იმ ადამიანების გარეშე, ვინც ახლა არის ლარის კუპიურებზე წარმოდგენილი. თუმცა ექვსი ძირითადი კუპიურიდან მხოლოდ ერთზეა ქალი გამოსახული. აქედან გაჩნდა იდეა, სიმბოლურად, შექმნილიყო ოთხი ახალი კუპიურა, იმ ქალთა სახეებით ვისაც არანაკლები ღვაწლი მიუძღვით ქვეყნის წინაშე. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ერთი ახალი კუპიურა, რაც ვფიქრობ წინ გადადგმული ნაბიჯია და განსაკუთრებით გასახარია, რომ მასზე მარო მაყაშვილია გამოსახული. ვფიქრობ მარო მაყაშვილი კარგი მაგალითია იმის შესახსენებლად, რომ საქართველოს, ახლო თუ ადრეულ ისტორიას, ბევრი ქალი ჰყავდა, რომელთა ღვაწლიც უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი ქვეყნისთვის.”- გიორგი პოპიაშვილი იდეის ავტორი.

საინტერესოა, ექნება თუ არა იდეას რეალური განხორციელების საშუალებას. იქნებ, ერთ დღეს მართლაც დაიბეჭდოს ქალის გამოსახულებით ახალი კუპიურა – თუნდაც საკოლექციო მონეტა. ეს ნამდვილად დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გენდერული თანასწორობის მისიით. მანამ კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კამპანიამ თავისი მისია შეასრულა და მიიქცია საზოგადოების ყურადღება და გენდერული საკითხების გარშემო დისკუსია კიდევ ერთხელ გამოიწვია.

[R]

ნათია ბარაბაძე – #პირველისამსახური

ქალი, რომელმაც ავტომობილით პირველმა იმოგზაურა გრძელ დისტანციაზე – ამბავი ბერტა ბენცზე