in

ავთანდილ გახოკიძის ფერადი “გრაფიკები” – ფერწერული ობიექტები

მისი სურათები ძირითადად მითოლოგიურ თემებსა და ასპექტებს ეხება


ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მას, როგორც მხატვარს დედიკას გალერეა წარადგენს, რომელთანაც უკვე რამდენიმე წელია თანამშრომლობს. სწორედ ამ გალერეის სივრცეში მოეწყო მისი პირველი პერსონალური ექსპოზიციაც, სადაც  წარმოდგენილი იყო სერია “ოქროს ეროსი”.

მისი ნამუშევრები მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით ხასიათდება. ავთანდილის სურათები ძირითადად მითოლოგიურ თემებსა და ასპექტებს ეხება, რაც თანამედროვეობისა და უშუალოდ არტისტის ხედვით ახლებურად გადაიაზრება – განსხვავებული ფორმებით გამოიხატება.

ნამუშევრები მეტად სუბიექტურ პოზიციებს გამოხატავს, რაც ავტორის პირად გამოცდილებებთან  და თვითრეფლექსიის მომენტებთან არის დაკავშირებული. ავტორისეული იდენტიფიკაცია საკუთარ არტისტულ სახეებთან მთავარ და განმსაზღვრელ მოტივად გვევლინება… 

რაც შეეხება თავად ამ მხატვრულ სახეებს, უმეტესწილად, ისინი კლასიკური მითოლოგიისა  და ლიტერატურიდან აღებული პერსონაჟები არიან. თუმცა მიუხედავად ამისა, ნამუშევრები სრულიად დაცლილია თხრობითობის ელემენტებისა და ილუსტრაციის ენისგან. ამის საპირისპიროდ ეს ერთი შეხედვით ლიტერატურული გმირები განყენებულ, სტატიკურად სტერილურ და ერთგვარად პლასტიკურ – არქეტიპულ სახეებამდე  იფილტრება. 

მხატვრის ნამუშევრებში ძირითადი ადგილი ანთროპომორფულ გამოსახულებებს უკავია. ეს სახეები თუ სხეულები  წარმოდგენილია აქცენტირებული ეროტიზმით და არა – ბინარული იდენტობით. ფიგურატიული სურათები დიდი ზომის ფორმატებზეა შესრულებული, რაც  ნამუშევრებს თავისებურად მონუმენტურ ხასიათს ანიჭებს და ფერწერულ ობიექტებად აქცევს. 

ამ სახეებისა და  გამოსახულებების კვალდაკვალ  ხშირად ჩნდება დეკორატიული და გეომეტრიული მოტივები, მკვეთრი ფერადი კონტურებით შემოსაზღვრული ფიგურები,ზოგჯერ ეს ფორმები დამატებით ელემენტად გვევლინება, როგორც მაგალითად, ფონის ან სივრცის შემავსებელი პატერნი ან ხშირად, როგორც დამოუკიდებელი ნამუშევარი სადაც კვლავ მეორდება ფერწერული ობიექტის იდეა. 

როგორც თავად ავტორი აღნიშნავს საუბარში მისთვის ესკიზზე მუშაობის პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეტაპია, სწორედ ესკიზის მეშვეობით ცდილობს წინასწარ დაინახოს და წარმოიდგინოს დასრულებული შედეგი. “მუშაობას ყოველთვის ესკიზებით ვიწყებ. ეს შესრულებული საქმის თითქმის ნახევარია, ამიტომაც ვცდილობ, ზუსტი ესკიზი შევქმნა, რასაც ძირითადად ციფრულ ფორმატში ვაკეთებ. სწორედ ეს ფორმატი იძლევა მრავალმხრივი ექსპერიმენტებისა და ვარიაციების კეთების საშუალებას, რაც საბოლოოდ ერთ კონკრეტულ ვარიანტზე შეჯერებით სრულდება. შემდგომ კი, წინასწარ მომზადებულ ესკიზს ტილოზე ან სხვა სიბრტყეზე ვადიდებ” – ამბობს ავთანდილ გახოკიძე.

“ნამუშევრების საშემსრულებლო მხარე და მათი ტექნიკურად გადაწყვეტის ამოცანა, შეიძლება ითქვას, ცალკე კონცეფციად გვევლინება” – განმარტავს მხატვარი. ტილოს ზედაპირზე ზეთოვანი ფერწერის ტექნოლოგიით შესრულებულ ნამუშევრებში ბოლომდე გამქრალია ავტორის მოქმედების ნიშნები და სრულად წაშლილია ფუნჯის მოძრაობის კვალი ზედაპირზე, რაც ბუნდოვანს ხდის წარმოდგენის დონეზე პროცესის რეკონსტრუირების მცდელობას და არა ხელით შექმნილი ბეჭდური პრინტების ილუზიას ბადებს. 

დედიკას გალერეასთან თანამშრომლობის ფორმატში ავთანდილი აგრძელებს მუშაობას ახალ სერიაზე, რომელიც სამომავლოდ ამავე გალერეის ახალ სივრცეში იქნება წარმოდგენილი.


დალაგების სერვისი და ხელოსნის მომსახურება ერთ პლატფორმაზე – PROFY

კოკა ნიკოლაძის შექმნილი ჯიბის დრამი და მისსავე სამზარეულოში, ნული ბიუჯეტით გადაღებული რეკლამა