in

ავთანდილ მღებრიშვილი ილიაუნის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გახდა

ავთანდილ მღებრიშვილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექ მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი გახდა. ეს უკანასკნელი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ტექნოლოგიურ  და ინოვაციურ მიმართულებებს აერთიანებს — მათ შორისაა FABLAB ILIAUNI, Zoomout, რომელიც პირველი ქართული საუნივერსიტეტო აქსელერაციის პროგრამაა. ასევე, აერთიანებს სტუდენტურ კლუბებს, სასწავლო მოდულების მიმართულებებს, აქსელერაციას და ინკუბატორს.

„ვფიქრობ, ჩვენი ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი დასაყრდენი გახდება ქართული სამეწარმეო და სტარტაპ ეკოსისტემისთვის“, — ამბობს ავთანდილი.

ვიდრე ამ პოზიციას დაიკავებდა, ავთანდილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო — ანუ, ყველაფერი 2015 წლიდან დაიწყო, როცა აქ სწავლა დაიწყო. ჩაბარების ერთ-ერთი მიზეზი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის, რობოტების ბრძოლა და სხვა მისთვის საინტერესო მიმართულებები იყო, რომლის აღმოჩენასაც გეგმავდა. უკვე ერთი წლის შემდეგ კი მოხალისეობრივი და სტაჟირების პროგრამაში ჩართვა დაიწყო.

„ვიყავი ბიჭი რომელიც ძალიან დაინტერესებულია, შესაბამისი ცოდნა არ აქვს, თუმცა აქვს ენთუზიაზმი, მონდომება და სიყვარული ამ საქმის მიმართ. ამ კომუნიკაციიდან მალევე დავიწყე Fablab Iliauni-ში მუშაობა — ფაბლაბი მაღალტექნოლოგიური დანადგარებით აღჭურვილი სივრცეა, რომლის ძირითადი მიზანიც ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნაა,  სტარტაპებისთვის, მცირე ბიზნესებისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვისაც იდეები აქვთ და სურთ რეალობად აქციონ. სტაჟირების პერიოდში ვსწავლობდი დანადგარებთან მუშაობს, ბიზნესგეგმების წერას, სტარტაპებთან კომუნიკაციას და სხვა.

ზუსტად მახსოვს რამდენი გათენებული ღამე, ენერგია და შრომა ჩავდე ამ ყოველივეში. შედეგად კი, 8 თვეში გავხდი დამსახურებული თანამშრომელი — 3D მოდელირების და მთავარი ტექნიკოსის  თანამდებობაზე. ვმუშაობდი სტარტაპებთან, ვეხმარებოდი დიზაინების, პროტოტიპების შექმნაში, იდეების დახვეწაში, პატენტების გამზადებაში“. 

2018 წლის ბოლოს ავთანდილი Fablab Iliauni-ს მენეჯერი გახდა, რაც მისთვის ახალი გამოწვევა და შანსი იყო. ასევე, უფრო დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა, რასაც გაცილებით დიდი მოტივაციით მოეკიდა. „პირველ ეტაპზე დავიწყეთ ახალი სტრუქტურის, სამუშაო გარემოს ჩამოყალიბება და განვითარება, ვიღებდი სხვადასხვა საერთაშორისო გამოცდილებას და ვარგებდი ქართულ ეკოსისტემას.  გადავერთეთ უფრო მეტად ტექნოლოგიური და ინოვაციურ და საგანმანათლებლო საქმიანობებზე. ფაბლაბის ძირითადი სერვისები რომელიც  სტარტაპების და მცირე ბიზნესების მხარდაჭერა, პროტოტიპის აწყობას, სტუდენტური და სამეცნიერო პროექტების მხარდაჭერა იყო, გახდა უფრო მეტად ღირებული. დავნერგეთ სხვადასხვა მოდული რისი მეშვეობითაც ადამიანებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი შესაძლებლობები განევითარებინათ, ესწავლათ იდეებზე მუშაობა, ბიზნეს გეგმის წერა, საგრანტო კონკურსებისთვის მომზადება, ესწავლათ პროგრამირება, დიზაინი, ელექტრონიკა, მარკეტინგი და სხვა“. 

ამ ყველაფერმა ბევრი ინოვაციური სიახლე მოიტანა, რასაც მოჰყვა Tech Entrepreneurship and Innovation Development Center-ის შექმნაც. „მე კი ისევ ის ადამიანი ვარ, რომელსაც შესაბამისი ცოდნა არ აქვს, თუმცა აქვს მონდომება და ადვილად სწავლობს, რადგან შიშები დაძლევადია, დაბრკოლებები კი გვავითარებს. მე ისევ ამ გზაზე ვდგავარ, იმავე ენთუზიაზმით უფრო დიდი მწვერვალების დასაპყრობად ვემზადები“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო საინტერესო, წარმატებულ სიახლეებს უნდა ველოდეთ.

მალე ასტრონავტებს ოპერაციას კოსმოსშიც გაუკეთებენ

დღეს ბრენდებს კრეატივი და მრავალფეროვანი გუნდები სჭირდებათ