10
Jul
2018

ავთანდილი, როგორც ბრენდი და ადამიანი – ცხოვრების 3 ჯილდო და აღიარება!

10 Jul 2018

ყველა ადამიანს აქვს საკუთარი თავგადასავალი. ჩემი ცხოვრება არის, როგორ გითხრათ, ყველა ფილმის ჟანრი ერთად: კომიკურიც, ტრაგიკულიც, დრამატულიც. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თავგადასავალი მქონდა ცხოვრებაში და ალბათ, ყველაფერი, კიდევ უფრო საინტერესო, წინ არის“, – დიზაინერი, ავთანდილ ცქვიტინიძე.

0.5 ანაბარზე

ჯერ კიდევ ანტიკურ ეპოქაში, ძველი ბერძნები შეთანხმდნენ, რომ ადამიანის სულს ხელოვნებასთან ზიარება ანიჭებდა შვებას. ყველაზე ძლიერად კი, ტრაგიკული კათარზისი მიიჩნეოდა ის, რაც ადამიანს მძიმე ტანჯვის, დათმენის, შიშისა და თანაგრძნობის შედეგად ეუფლებოდა. კულტურის დაბალ საფეხურებზე შვება და სიამოვნება მხოლოდ შემოქმედითი აქტორის ხვედრი იყო, ინტელექტუალური განვითარების მაღალ დონეზე კი, იგივე გრძნობა რეციპიენტისთვისაც ხდებოდა დამახასიათებელი.

ავთანდილმა ცხოვრება ესთეტიკის მსახურებას მიუძღვნა და დღემდე, როგორც ხშირად გვესმის ხოლმე, ბნელი და ტკბილი 90-იანების ერთ-ერთ თვალსაჩინო წარმომადგენლად მოგვევლინა, რომელმაც ამ პერიოდის არც ისე ადვილად მოსაპოვებელი, რიგით პირველი ჯილდო დაიმსახურა: იპოვნა საკუთარი თავი. არა მხოლოდ გადარჩა, არამედ შედგა, როგორც პერსონა. ხელოვნება, იუმორი და შრომისმოყვარეობაა, ალბათ, ის სამი მთავარი კრიტერიუმი, რამაც ავთანდილი, როგორც პიროვნება და „ავთანდილი“, როგორც ბრენდი შექმნა.

როგორ აირეკლა ავთანდილ ცქვიტინიძის შემოქმედება საზოგადოებაზე? ცხოვრების რა ეტაპზე იქცა საკუთარი ცხოვრების დრამატურგად და როგორი იყო მისი პერსონალური 90-იანები? როგორ გახდა ავთანდილ ცქვიტინიძე ავთანდილი?ავთანდილის ცხოვრებაზე თხრობას მისი ბავშვობიდან, კერძოდ კი, ოზურგეთის რაიკომის ერთ-ერთი პრესტიჟული ბინის ძალიან დიდი ფანჯრის, ასევე, ძალიან დიდი რაფიდან დავიწყებთ. რაფიდან, რომელიც ძალიან გამხდარი, ხუჭუჭა ბიჭის შთაგონების წყაროდ და ერთგულ მესაიდუმლედ არაერთხელ ქცეულა.

თურმე, ოცნებები კი არა, ჩემი ცხოვრების გეგმები ყოფილა. კასეტებზე ვწერდი ინტერვიუებს, როგორ არ მეცალა და როგორი დაკავებული ვიყავი. რომ დავფრინავდი ყველგან და როგორი ძნელი იყო ჩემი დაჭერა. ეტაპობრივად, თითქოს ყველაფერი აეწყო. ძალიან მაგარი ფანჯრის რაფა იყო, ალბათ, ჯადოსნური.

ყოველთვის იცოდა, რომ იქ, გურიაში, არ უნდა ეცხოვრა იმიტომ, რომ მოცემულობა არ აკმაყოფილებდა არც მის ამბიციებს, არც მის მონდომებას. ძაფსახვევ ფაბრიკაში ბებიას რომ მიჰყავდა ხოლმე, პროცესითა და ფერებით პატარა ასაკშივე მოიხიბლა, მოგვიანებით კი, საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები ადეკვატურად გაიაზრა და ბევრი რჩევის მიუხედავად, კარგმა მოსწავლემ, სამედიცინოზე არ ჩააბარა – ასე აღმოჩნდა საქართველოს ხელოვნების აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე, 1990 წელს. ოზურგეთთან ერთად კი, აბსოლუტურად უდარდელ და უზრუნველყოფილ ბავშვობასაც დაემშვიდობა.

„არც შუქი იყო, არც პური. უმძიმესი პერიოდი იყო. სტუდენტები ვიკრიბებოდით ჩემს მეგობართან, იქ საერთო საჭმელი გვქონდა და ვინც რას გვიგზავნიდა, ერთმანეთს ვუზიარებდით. ამით გადავიტანეთ – ახალგაზრდობითა და მხიარულებით. შუაღამემდე ვერთობოდით ხოლმე, ერთი ჩვენი მეგობარი ფორტეპიანოზე უკრავდა, ჩვენ კიდევ, ხელოვანი თუ არახელოვანი ადამიანები ღამის 4 საათზე თეატრალურ ვარდნებს ვაკეთებდით ხოლმე“, – ავთანდილ ცქვიტინიძე.

მიუხედავად იმისა, რომ კარგ ფერმწერად მიიჩნეოდა, გადაწყვიტა, რომ მოდაშიც ეცადა საკუთარი შესაძლებლობები. ავთანდილის პირველი ჩვენება 1995 წელს, თბილისში, მოდის ფესტივალ „ამაზე“ შედგა. პირველი იყო სიაში, პირველი ინტერვიუც მაშინ ჩამოართვეს და ნელ-ნელა კამერას თვალებიც გაუსწორა – კოსმოსის მსგავს ყოველდღიურობას თანდათანობით შეეჩვია. მისი ჩვენებები გამოირჩეოდა არა მხოლოდ განსაკუთრებული სამოსით, არამედ ასეთივე მუსიკალური გაფორმებითაც. The Prodigy მაშინ არც ისეთი ცნობილი იყო საქართველოში, თუმცა, რაღაცნაირად, ჩაკეტილი წრის მიუხედავად, ახერხებდა, რომ განსხვავებული შეეთავაზებინა აუდიტორიისთვის. 22-23 წლის კი, ძალიან სერიოზულ სამკერვალო ფაბრიკა „იმერეთში“ გაამწესეს დიზაინერად.  2000 წელს, პლეხანოვზე, ბაბლუანის კინოთეატრის მოპირდაპირე მხარეს, „ავთანდილის“ პირველი მაღაზია გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ  ადამიანებს სწორედ ეს სჭირდებოდათ: „წარმოიდგინე, ამ გაგანია უბედურების დროს აკეთებ მაღაზიას, აკეთებ მოდას – ასტრალს, რომელიც თურმე, არის ძალიან მოთხოვნადი“.

დილით, მაღაზიასთან რიგები გვქონდა. ჩვენი თანამშრომელი 1 საათით ადრე მოდიოდა, გენერატორს აამუშავებდა, მერე „კერასინკებით“ გავათბობდით შენობას და ასე ვმუშაობდით. 

ავთანდილის მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ჯილდო, ასევე, ძალიან რთულად მოსაპოვებელი, საზოგადოებისგან აღიარებაა:მათ თვალწინ გავიზარდე და იციან, რომ ხელოვნურად შექმნილი არ ვარ. არც ვინმეს დასკუპებული, რომ ეს ამბავი გადაწყვეტილია და მიიღეთ, ასე არასდროს ყოფილა“. სწორედ ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ გაჭირვებასა და უშუქობაში ავთანდილის წარმატებას გაეღიზიანებინა საზოგადოება, მისი შრომისმოყვარეობა და ძალისხმევა, დედისგან თანდაყოლილი გემოვნება და ჯიუტი ხასიათი დააფასეს და არამხოლოდ პროფესიული წრეებისგან დაიმსახურა სიყვარული და პატივისცემა.

პროფესიით ფერმწერმა დიზაინერმა მოდაში გადმოიტანა ის ფერთა გამა, რაც ძალიან სარისკო და რთულად შესასრულებელია სამოსის შემთხვევაში. თუმცა, სწორედ ამ ფერწერულმა ელემენტებმა დააკავებინა მას საკუთარი ნიშა და ნამუშევრებს დაატყო მისი ხელწერა. „ავთანდილი“ კი, პრეტენზიულმა, N1-მა ქალებმა მოირგეს. რაც შეეხება მამაკაცებს, 2018 წლის სექტემბრის ბოლოს, იქნება კაცების კოლექცია, რომელიც პერსონიფიცირების შემთხვევაში, თავად ავთანდილს, მისი ხასიათის შტრიხებს გაუსვამს ხაზს.
ავთანდილი, დღემდე, მარტო ქმნის საკუთარ კოლექციებს. დამწყებ დიზაინერებთან კოლაბორაციის მცდელობები ჰქონდა, თუმცა, როგორც თავადვე ამბობს, ხელს უფრო უშლიან ერთმანეთს.

დღეს, ავთანდილის კოლექციები თბილისში, ბათუმსა და სომხეთში 5 პერსონალურ და მთელს მსოფლიოში, 105 კონცეპტუალურ მაღაზიაშია განთავსებული, მათ შორის, პარიზსა და მილანში. ასაკობრივი კატეგორია არ აქვს განსაზღვრული, „ავთანდილი“ პრესტიჟულია როგორც ახალი თაობისთვის, ისე 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. მის შესახებ იწერება ჟურნალ VOGUE-ზე და ა.შ.

ავთანდილს იცვამენ ცნობილი ვარსკვლავები: ლედი გაგა ლაიონელ რიჩის კონცერტს ავთანდილის კაბაში გამოწყობილი დაესწრო, ხოლო ამერიკელ მომღერალს, Mary J. Blige-ს „ავთანდილის“ კოლექციიდან შერჩეული ჯინსის ორეული ეცვა.

ლედი გაგას აცვია „ავთანდილი“

„ავთანდილს“ 4 ხაზი აქვს: ავთანდილ 73 დემოკრატიული ფასებით; Pre ta porte; Pre ta porte ლუქსი, რომელიც ჩვენებებზე გამოდის და ლუქსი, რომელშიც შედის, კოქტეილის, საღამოს კაბები და ა.შ. ასევე, აქვს ინდივიდუალური შეკვეთები, რომელიც ძალიან შეამცირა, თუმცა: „აი, ყუფარაძეს რომ არ დაერეკა, ასეთი შემთხვევები გვაქვს ძალიან ბევრი, რომ აუცილებლად უნდა მივიღო“, – ავთანდილ ცქვიტინიძე. 

დღეს, ავთანდილის მთავარი გეგმა არის, რომ დაასრულოს სამკერვალო ფაბრიკის მშენებლობა დიღომში. ფაბრიკაში ნაწარმი იქნება თავიდან ბოლომდე ქართული და მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალიან ბევრ ადამიანს დაასაქმებს.

რაც შეეხება ავთანდილის მესამე და ყველაზე დიდ ჯილდოს:

ალბათ, ყველაზე დიდი ბედნიერება, ჩემი შვილია, ანასტასია, რომელმაც ჩემი ხედვა, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ნებისმიერი ფაქტი, რაც ჩემს ცხოვრებაში მოხდა ჩემი სიხარულია, ჩემი ტკივილია, ჩემი გამოცდილებაა,  ჩემი ემოციური ფონია და ამიტომ, არაფერს შევცვლიდი. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო თავგადასავალი მქონდა ცხოვრებაში და ალბათ, ყველაფერი, კიდევ უფრო საინტერესო, წინ არის!

განხილვა