in

ავთენტურობის განსაზღვრა, როცა ბრენდი იდენტობის კრიზისს განიცდის

როცა ახალგაზრდები ვართ, ნაკლებად გვაინტერესებს ხალხის აზრი. ასაკთან ერთად კი ეს მიდგომა იცვლება — თითქოს, ვცდილობთ, სხვადასხვა პერსონაჟს მოვერგოთ, რათა საზოგადოებამ მიგვიღოს. მაგალითად, ბევრი თინეიჯერი ჯექსონის მოსმენიდან ემო სტილზე გადადის…

რა კავშირშია ეს ყველაფერი მარკეტინგთან და ბრენდინგთან? ისე, ადამ ფიგუეროა, Brandfolder-ის მარკეტინგის დირექტორი, ფიქრობს, რომ დღეს ბრენდების უმეტესობა სწორედ ემო ფაზაშია. მათ იდენტობის კრიზისი აქვთ. 2023 კი კომპანიებისთვის საკუთარ თავთან დაბრუნების წელი უნდა იყოს, რათა ერთგულება შეინარჩუნონ როგორც თავიანთი ღირებულებების, ისე მომხმარებელთა მიმართ.

უბრალოდ, ეს არ მოხდება, თუ კომპანიები სათანადოდ არ დაფიქრდებიან იმაზე, რაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ისწავლეს. ამავდროულად, აუცილებელია, ინდივიდუალურად განმარტონ: რას ნიშნავს, იყო ავთენტური.

ბრენდინგი Covid 19-ის დროს

გლობალური პანდემია საზოგადოებისთვის ისეთი ძირითადი კატალიზატორი გახდა, რომ ცხოვრება ორ განსხვავებულ პერიოდად დაიყო: „პრე-კოვიდ“ და „პოსტ-კოვიდ“. მაშინ, როცა კორონავირუსის თანმდევი მარკეტინგი თანმიმდევრულობასა და ბრენდის იდენტობის არსებობის მნიშვნელობას გვასწავლიდა, რებრენდინგი დიდი რისკი იყო. სწორედ ამ პერიოდში ვისწავლეთ ერთი დიდი გაკვეთილი — ბიზნესის განვითარების საუკეთესო გზაა, ემსახუროთ კონკრეტულ არხს, აუდიტორიას ან გზავნილს და შექმნათ ლოიალური მომხმარებლების ჯგუფი, რომელთანაც თქვენი ბრენდი იქნება დაკავშირებული.

პანდემიის დროს სოციალურმა დაძაბულობამ ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია, რადგან საზოგადოებრივი აზრი სულ უფრო და უფრო პოლარიზდებოდა. ბრენდის გადაწყვეტილება, ჩაერთოს (ან არ ჩაერთოს) კონკრეტულ თემაში, ჩაითვალა აქტიურ შეურაცხყოფად. ამდენი გაურკვევლობისა და მღელვარების პირისპირ, ბრენდებმა მალევე დაიწყეს გავრცელება სხვადასხვა არხსა და აუდიტორიაში, რათა ყოფილიყვნენ „ყველაფერი ყველასთვის“.

ახლა კი მომხმარებლები ბრენდებისგან განსხვავებულს ითხოვენ: ავთენტურობას. თანაც ამას საზოგადოების უზარმაზარი, 88% აფასებს. მაგრამ თუ კომპანიები ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ იმასთან დაბრუნებას ნიშნავს, „რაც ადრე ხდებოდა“, ჯობია კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ — პანდემიამ სამუდამოდ შეცვალა ავთენტურობის აღქმა.

სიმართლე ავთენტურობის შესახებ

როგორ განვსაზღვრავთ ავთენტურობას? ორიგინალური, სანდო და ერთგული — ეს ის სიტყვებია, რომლებიც პირველი მოგვდის თავში. უბრალოდ, კორონავირუსის ხანამ და შემდგომმა მოვლენებმა აშკარად დაგვანახა, რომ რეალური ცხოვრება არეულია. ჩვენი კოლეგები აღარ არიან ის „პროფესიონალური კარიკატურები“, რომელთა ხილვასაც ყოველდღიურად ვიყავით მიჩვეულნი. ამის ნაცვლად, ყველამ Zoom-ში გადავინაცვლეთ. გვესმოდა მათი ძაღლების ყეფა და მათი შვილების ცელქობა. ჩვენ მათ ვხედავთ როგორც მშობლებს, მეუღლეებს, ძმებს, შვილებსა და მეგობრებს…

ავთენტურობა ნიშნავს, იყო უხეში და იცოდე ყველა ის ნაწილი, რომელიც ჩვენს არსებას ქმნის — თუნდაც ის ნაწილები, რომლებიც შეიძლება არ მოგვწონდეს. ის მოითხოვს ჩვენს ირგვლივ არსებულ ადამიანებთან და გარემოებებთან ადაპტაციის უნარს და მუდმივად ზრდას, სწავლას და გაუმჯობესებას. არავის შეუძლია ყველაფერი კარგად გააკეთოს ან ყველასთვის ყოველთვის ყველაფერი იყოს.

და ახლა, როდესაც ჩვენ ვიცით ამ საკითხების შესახებ, შეუძლებელია მათი იგნორირება ჩვენს საყვარელ ბრენდებში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კარგია, თუ კომპანიები იდენტობის საზღვრებს გაზრდიან — უბრალოდ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი დეტალები არ უნდა დაივიწყონ.

რეალურად შენარჩუნება

მაშ, როგორ უნდა გამოხვიდეთ იდენტობის კრიზისიდან და თან სრულად გაითვალისწინოთ ავთენტურობა? 

აი, რამდენიმე იდეა:

  1. პირველ რიგში, მკაფიოდ განსაზღვრეთ ბრენდის მიზანი და მისია. დარწმუნდით, რომ თქვენს ორგანიზაციაში ყველა დაინტერესებულია მისი აქტიური მხარდაჭერით.
  2. იფიქრეთ თქვენს ბრენდზე, როგორც პიროვნებაზე —  ვინ არის ის? რა არის მისი საზღვრები? როგორია ინტერესისა და ზრდის სფეროები?
  3. გაიღეთ შემოწირულობა, გახდით მოხალისე, მონაწილეობა მიიღეთ დისკუსიებში, რათა აჩვენოთ, რომ ეს არამხოლოდ ცარიელი სიტყვებია, არამედ რეალური მიზნები გამოძრავებთ.
  4. ითანამშრომლეთ სხვა ბრენდებთან, რათა საკუთარი კომპანიის იდენტობა მეტად გამოკვეთოთ და სხვადასხვა აუდიტორიას უპრობლემოდ მიაღწიოთ.
  5. მიიღეთ ინკლუზიურობა — წაახალისეთ თქვენი გუნდის წევრები, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ იდენტობისა და ავთენტურობის ჩამოყალიბებაში.

თბილისის აეროპორტში თიბისი კონცეპტის სივრცე გელოდებათ

Durex ზეტ თაობის მოზიდვას მუსიკალური კონტენტით ცდილობს