in

რა საფრთხეები ახლავს სამსახურში ავთენტურობის ძიებას

M2
M2

ბოლო წლებში, ავთენტურობა ჩვენი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სამუშაო სივრცეში, ერთ-ერთ ყველაზე დაფასებულ თვისებად იქცა. თუმცა, მიუხედავად კეთილშობილური ჩანაფიქრისა, ამ ტენდენციამ სულ სხვა მიმართულება მიიღო. იდეა, რომელსაც ადამიანები კონფორმიზმის წნეხისგან უნდა გაეთავისუფლებინა, ხშირად უკურეაქციას იწვევს. მართალია, პოზიტიური ფსიქოლოგია ამტკიცებს, რომ საკუთარ „მესთან“ ჰარმონია განწყობასა და კეთილდღეობას აუმჯობესებს, მაგრამ საზოგადოების აკვიატებას – ვიყოთ მაქსიმალურად „ნამდვილები“ – მეორე მხარეც აქვს. მოწოდება, რომ მუდმივად საკუთარი თავის ერთგული დარჩე, ხშირად ნარცისიზმს, უკიდურეს ინდივიდუალიზმსა და სხვების მიმართ ვალდებულებების უგულებელყოფას უწყობს ხელს, რაც პროფესიულ გარემოში განსაკუთრებით დამაზიანებელია.

ლიდერებისთვის, რომლებსაც კომპეტენტური და ინკლუზიური კულტურის შექმნა სურთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გააცნობიერონ ის მახეები, რომლებიც ავთენტურობის ცნებას ახლავს თან. ხშირად ის მანტრები, რომლებიც ერთი შეხედვით სასარგებლო ქცევისკენ გვიბიძგებს, კარიერულ წინსვლას აფერხებს.

პირველი და ყველაზე გავრცელებული შეცდომა საკუთარ თავთან და სხვებთან მუდმივი გულახდილობაა. ადამიანების უმეტესობას საკუთარ პიროვნებაზე გაცილებით მაღალი წარმოდგენა აქვს, ვიდრე ამას რეალობა ან გარშემომყოფთა შეფასებები ადასტურებს. კვლევები აჩვენებს, რომ ჩვენი თვითაღქმა ხშირად მიკერძოებულია, ხოლო სხვებს ჩვენგან ყოველთვის „შიშველი სიმართლე“ კი არა, უფრო ხშირად გამხნევება, პოზიტიური უკუკავშირი და ზრდილობიანი სოციალური ინტერაქცია სჭირდებათ.

ამასთანავე, საკუთარი ღირებულებების ბრმად მიყოლაც გარკვეულ რისკებს შეიცავს. ისტორიას ახსოვს არაერთი ლიდერი, რომელიც საკუთარი რწმენების ერთგული იყო, თუმცა ამით დიდი ზიანი მოიტანა. ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც კი, ღირებულებებისადმი ზედმეტად ხისტი დამოკიდებულება თვითრეფლექსიას აფერხებს და პოლარიზაციას უწყობს ხელს, რის გამოც რჩევა – „მიჰყევი გულისთქმას“, ხშირად შეცდომაში შემყვანია. არანაკლებ საშიშია იმის იგნორირება, თუ რას ფიქრობენ სხვები. იდეა, რომ სხვისი აზრი არ უნდა გაღელვებდეს, არარეალისტურია, რადგან ჩვენ სამყაროს სწორედ სოციალური უკუკავშირის მეშვეობით აღვიქვამთ და ვიზრდებით. სხვების აზრის უგულებელყოფამ შესაძლოა შეგინარჩუნოთ „გმირის“ ილუზია საკუთარ თავზე, მაგრამ დაგაკარგვინოთ განვითარების შანსი როგორც ლიდერსა და კოლეგას.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კიდევ ერთი მითია „სამსახურში საკუთარი თავის სრულად გამოხატვაა“. რეალურად, ჩვენი პიროვნების ყველა ასპექტი – იქნება ეს ჭირვეულობა, იმპულსურობა თუ ეგოცენტრიზმი – სამუშაო გარემოში იშვიათადაა სასურველი. ორგანიზაციებმა აქცენტი უნდა გააკეთონ ისეთი ინკლუზიური გარემოს შექმნაზე, სადაც თვითგამოხატვა დაბალანსებულია გუნდურ პასუხისმგებლობასთან და თანამშრომლობასთან.

საბოლოო ჯამში, კარიერული და ლიდერული წარმატება სტრატეგიულ თვითპრეზენტაციას მოითხოვს. ნაცვლად იმისა, რომ სხვებს თავს მოვახვიოთ ჩვენი „დაუმუშავებელი“ ემოციები, უმჯობესია, გააზრებულად ვმართოთ ის, თუ როგორ აღგვიქვამენ. ეს არ ნიშნავს მანიპულაციას; ეს არის სოციალური კონტექსტის გაგება და ადაპტაცია, რაც რეალური მიზნების მიღწევაში გვეხმარება ისე, რომ პატიოსნება არ დავკარგოთ. ეფექტური ლიდერობაც ხომ სწორედ აღქმის მართვაა და არა ემოციების უკონტროლო ფრქვევა. ნდობის მოპოვება არ ნიშნავს ზედმეტ გახსნილობას; ეს ნიშნავს ემოციების მართვასა და ისეთ კომუნიკაციას, რომელიც თანამშრომლებს ზრდაში დაეხმარება. სტრატეგიული ხედვის გარეშე გამოვლენილმა „სიმართლემ“ შესაძლოა არასწორი ნაბიჯები გამოიწვიოს, მაშინ როცა გააზრებული კომუნიკაცია ლოიალობასა და გავლენას ზრდის.

წყარო: Fastcompany

გალფი რეგიონებში Web პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს

BTU-ში საქართველო-იტალიის ინოვაციების დღე გაიმართა