30 წელი, 8 ფილიალი, 150-ზე მეტი მომწოდებელი მთელი მსოფლიოდან, 40 000+ დასახელების პროდუქტი საწყობებში, რომლებიც 10 000+ კვადრატული მეტრს მოიცავს – ეს მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები არ არის, ეს დაუღალავი შრომის, მონდომებისა და პასუხისმგებლობის ისტორიაა, რომელიც 90-იანი წლების რთულ პერიოდში, ორი ადამიანის პირადი გამოცდილებით დაიწყო.
ნინო გოგოლაძემ და ბაკურ ხუნდაძემ კომპანია „ავტობანი” 1995 წელს დააფუძნეს იმ მოტივით, რომ მომხმარებლისთვის ორიგინალი და ხარისხიანი ავტონაწილები შეეთავაზებინათ. წლების განმავლობაში ეს მიდგომა მათ დევიზად იქცა. კომპანია ფართოვდებოდა, ემატებოდა ფილიალები, თანამშრომლები, საერთაშორისო პარტნიორები, მრავალფეროვნდებოდა პროდუქციის არჩევანი და მომხმარებელზე ორიენტირებული გადაწყვეტილებების რიცხვიც იზრდებოდა, რაც, თავის მხრივ, ავტობანის ლოიალურ და ერთგულ მომხმარებლებს აჩენდა.
ამ სამი ათეული წლის განმავლობაში ბრენდმა, რა თქმა უნდა, ბევრი გამოწვევაც გაიარა, იყო იმედგაცრუებებიცა და ყველაფრის თავიდან დაწყების საჭიროებაც. ერთ-ერთი ბოლო გამოწვევა პანდემიის პერიოდი იყო, როდესაც ბევრ კომპანიას მოუწია მომსახურების გაჩერება, მაგრამ არა ავტობანს. გუნდი დისტანციურ გაყიდვებზე გადავიდა და არცერთი დღით არ აუღია პაუზა. ეს ყველაფერი ბრენდისა და მისი გუნდის სიმტკიცის დასტურია, რომელიც სხვებსაც აძლევს მოტივაციას, იყვნენ მუდამ მომავალზე ფოკუსირებული.
2025 წელი ავტობანის საიუბილეო თარიღია. ბრენდი 30 წლის გახდა და ეს დღე საზეიმოდ „შერატონ მეტეხი პალასში”, თავის გუნდთან, ასევე, უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად აღნიშნა. დიდი ღონისძიება ორ დღეზე გადანაწილდა და 23-24 ოქტომბერს გაიმართა. წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელშიც დამფუძნებლები და თანამშრომლები ავტობანის განვლილ გზას იხსენებენ და ძირითად ფასეულობებს გამოყოფენ.
ჩვენ რამდენიმე კომენტარი ჩავწერეთ ადგილზე მყოფ უცხოელ პარტნიორებთან და, ასევე, კომპანიის დამფუძნებელთანაც:
იორგ ჰერგლი, Bilstein Group-ის რეგიონული გაყიდვების დირექტორი:
„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ ღონისძიებაზე დასწრება, კომპანიის, რომელიც მას შემდეგ, რაც მასთან ვთანამშრომლობთ, სრულად იაზრებს პროგრესისა და წინსვლის მნიშვნელობას. ეს გუნდი ყოველთვის მზადაა საჭირო ცვლილებებისთვის და დიდ ძალისხმევას დებს იმაში, რომ ჩადოს ინვესტიცია ადამიანებში, სასწავლო პროგრამებსა და პარტნიორობებში. მოხარული ვიქნები, თუ ამ ტემპს არ დაკარგავენ. მე გუნდს წარმატებებს ვუსურვებ მომავალში”.
დონგიუნ პარკი, CTR-ის წარმომადგენელი:
„ერთი სიტყვით რომ აღვწერო, რას ნიშნავს ჩემთვის და ჩემი კომპანიისთვის ავტობანთან თანამშრომლობა, გეტყვით, რომ ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. ეს თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ, მკაფიო მიზნებით დაიწყო და ვფიქრობ, ის, რაც დღეისათვის გვაქვს, უკვე საკმარისია იმის სათქმელად, რომ ჩვენ მნიშვნელოვანი პარტნიორები ვართ ერთმანეთისთვის.
ვიმედოვნებ, კიდევ შევძლებთ, ერთად მივაღწიოთ დასახულ გეგმებს და აქვე იმასაც დავსძენ, რომ ძალიან სასიამოვნოა დღეს ამ ღონისძიებაზე ჩემი დასწრება, ამ მოპატიჟებას ძალიან ვაფასებ. ყველაფერი არაჩვეულებრივადაა ორგანიზებული, ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღამოა, რომელსაც დავსწრებივარ. გულწრფელად მინდა მადლობა გადავუხადო და ვუთხრა ავტობანის გუნდს, რომ შესანიშნავად მუშაობენ ყველა ასპექტში”.


ნინო გოგოლაძე, კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი:
„კომპანია „ავტობანი“ 30 წელია წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს მსოფლიო ავტომწარმოებლებსა და საქართველოს მომხმარებლებს შორის. კომპანიის ასორტიმენტში 40 000-ამდე დასახელების პროდუქტია ავტომობილის 350-ამდე მოდელზე. ჩვენი თანამშრომლები მუდმივად ესწრებიან საერთაშორისო გამოფენებსა და ტრენინგებს უშუალოდ ავტომწარმობლების ქარხნებსა და ოფისებში. კომპანიას ხშირად სტუმრობენ უცხოელი სპეციალისტები სემინარების კურსებითა და ტრენინგებით. ეს ყველაფერი კი თანამშრომლების მაღალ კვალიფიკაციას განაპირობებს.
კომპანია გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა „ავტობანის“ სკოლა, თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ნარჩენების მართვის ბიზნესასოციაცია, ტაბაკინის კავკასიური ძაღლსაშენის სპონსორობა.
ავტობანის უდიდეს მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ კომპანია 2014 წლის 1 იანვრიდან არის მსოფლიოს ავტომწარმობელთა ერთ-ერთი უდიდესი გაერთიანების Temot International Group-ის წევრი და აქციონერი.
ავტობანს მინიჭებული აქვს საერთაშორისო ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის სერტიფიკატი.
23 და 24 ოქტომბერს ავტობანმა საგანგებოდ აღნიშნა დაარსებიდან 30 წლისთავი. ორდღიანმა ღონისძიებამ მოიცვა მოგზაურობა და ეთნოტური კახეთის რეგიონში, სტუმრობა კომპანიის ფილიალებში, საქმიანი სესიები და სადღესასწაულო ღონისძიებები, რაც ულამაზესი გალასაღამოთი დასრულდა.
ამ მნიშვნელოვანი დღის აღსანიშნავად კომპანიას ესტუმრა 70-ზე მეტი სტუმარი პარტნიორი კომპანიებიდან, ევროპიდან, აშშ-დან, კანადიდან, იაპონიიდან და კორეიდან. დიდი პატივია, რომ სტუმრებს შორის იყო ავტომწარმოებელთა უდიდესი გაერთიანების, Temot International-ის პრეზიდენტი, ბ-ნი ფოტიოს კატსარდისი. უცხოელი სტუმრების ვიზიტი ხაზს უსვამს იმ მეგობრობასა და პარტნიორობას, რაც წლების განმავლობაში ჩამოვაყალიბეთ საერთაშორისო ასპარეზზე.
მინდა, ყველა თანამშრომელსა თუ პარტნიორს მადლობა გადავუხადო და აღვნიშნო, რომ 30 წლისთავი არ არის ფინალური წერტილი, ეს არის ახალი, უფრო დიდი მოგზაურობის დასაწყისი. ჩვენ ვუყურებთ მომავალს, სადაც გავაგრძელებთ ინოვაციების დანერგვას, ხარისხის სტანდარტების ამაღლებას და, რაც მთავარია, ქვეყნის განვითარებაში ჩვენი წვლილის შეტანას”.




[R]













