ერთია მხატვრული წიგნების კითხვისგან მიღებული სიამოვნება, სადაც ყველაფერი მეტ-ნაკლებად გამოგონილია, მწერლის ფანტაზიებსა და რეალური მოცემულობების სუბიექტურ შეფასებას ეყრდნობა; და მეორეა ავტობიოგრაფიული ან დოკუმენტური წიგნები — ნამდვილი, ობიექტური ფაქტებით გაჯერებული, სადაც ავტორი რეალობისგან „თავის დაღწევას“ ვერ ახერხებს. აზრების ჩამოსაყალიბებლად ვერც ჭარბ ფანტაზიას იშველიებს და ვერც სასურველი მიმართულებით მიჰყავს სიუჟეტი — ყველაფერს „რაც იყო, იყოს“ პრინციპით უნდა მიჰყვეს.
ზოგჯერ ისეთ რაღაცებს გვიყვებიან, რაც უკვე ვიცით მათი ცხოვრების ან სამყაროში მომხდარი მოვლენების შესახებ, მაგრამ საკუთარი ხედვით დაწერილი მაინც განსაკუთრებული სიამოვნების მომტანია. მაინც ერთი ავტორის აღქმის ქვეშ ვექცევით და ინდივიდუალურად დამახასიათებელი წერის მანერით, შეფასებებით ვიკვებებით.
საუკუნის სკანდალი — გაბრიელ გარსია მარკესი
ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.
„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა…
ჩერჩილის ფაქტორი — ბორის ჯონსონი
ჩერჩილს უთქვამს, ისტორია კეთილად მომიგონებს, რადგან მისი დაწერა მე განმიზრახავსო. სინამდვილეში, ამის მთავარი მიზეზი ის უნდა იყოს, რომ 1940 წლის მაისში, როცა ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტს კრიზისისთვის ვერასგზით ვერ დაეღწია თავი, ვიქტორიანულ ეპოქაში დაბადებულ გმირს ეყო სიბრძნე, ძალა, სიმამაცე, გამბედაობა, „წაგებისთვის განწირულ ომში“ ევროპული ცივილიზაციის ეგზისტენციალური საფრთხისგან დასახსნელად ებრძოლა. საღი ლოგიკის წყალობით ისიც განჭვრიტა, როგორ გადაყლაპავდა კომუნისტური რუსეთი აღმოსავლეთ ევროპას.
ბორის ჯონსონის წიგნს „ჩერჩილის ფაქტორი“ გამოარჩევს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – მახვილგონივრული იუმორით გამორჩეული ავტორის ხმა მკითხველს მშრალ ისტორიულ ფაქტებს კი არ აღუწერს, არამედ უინსტონ ჩერჩილის სიმამაცეზე, ჰუმანურობაზე, გულისხმიერებაზე ამახვილებს ყურადღებას და აცხადებს, რომ საკუთარი პრინციპების ერთგულება ქმნის „ფაქტორს“ და მოაქვს გამარჯვება.
ყველაზე ბედნიერი კაცი დედამიწაზე — ედი ჯაკუ
გაკვეთილი იმისა, თუ როგორ შეიძლება ბედნიერების პოვნა ყველაზე უიმედო და საშინელ დროს… ეს არის ედი ჯაკუს, გერმანელი ებრაელის ისტორია, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ნაცისტების ტყვეობაში. როგორც თავად ამბობს, 1938 წლის ნოემბრამდე პირველ რიგში ყოველთვის გერმანელად თვლიდა თავს, თუმცა ყველაფერი შეიცვალა, როცა სცემეს, დააპატიმრეს და საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. ერთადერთი, რამაც გააძლებინა, მისი გამბედაობა და სიმტკიცე იყო.
ალბათ, ცოტა ირონიულად კი ჟღერს ასეთ დროს ყველაზე ბედნიერის წოდება, მაგრამ ედის გულისამაჩუყებელი, იმედისმომცემი მემუარები შთაგონებითაა სავსე — ამ წიგნის წაკითხვა დაგარწმუნებთ, რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი.
In Extremis: The Life of War Correspondent Marie Colvin — ლინდსი ჰილსამი
ბრიტანულ ჟურნალ The Sunday Times-ში უცხოელ კორესპონდენტად მუშაობისას მარი კოლვინი მსოფლიოს ყველაზე საშიშ ადგილებს სტუმრობდა. ეს იყო სამუშაო, რომელიც საბოლოოდ სიცოცხლის ფასად დაუჯდა — 2012 წლის 22 თებერვალს კოლვინი სირიის სამთავრობო ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს გარდაიცვალა, მაშინ, როცა ფრანგ ჟურნალისტ რემი ოჩლიკთან ერთად ჰომსის ალყას აშუქებდა…
წიგნის ავტორი ლინდსი ჰილსამი კი ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე გაბედული და შთამაგონებელი ქალის ისტორიას გვიამბობს — მის თავგადასავლებსა თუ სიმამაცეზე წერს.
ცა მიწიდან იწყება — ოთარ ჭილაძე
ოთარ ჭილაძის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ხელნაწერი ტექსტებით.
დიდი მწერლის გამოუქვეყნებელი ჩანაწერები.
ყველაზე ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრება სიმარტოვეში წერდა.
აქ ნახავთ მწერლის ყოველდღიურ განცდებსა თუ ემოციებს, შემოქმედებით ლაბორატორიას, გამოხმაურებებს ამა თუ იმ მოვლენაზე, შეხედულებებს ცნობილ ადამიანებზე. ჩანაწერები გასდევს მთელ მის შემოქმედებით ცხოვრებას 1955 წლიდან გარდაცვალებამდე.
კრებული შეადგინა და წინასიტყვაობა დაურთო თამაზ ჭილაძემ. წიგნში გამოყენებულია ოთარ ჭილაძის ნახატები.
სიგიჟის ფერი — სამარა ლინტონი
ეს წიგნი მოგონებებს, ესეებს, პოეზიას, მცირე ზომის მოთხრობებსა და ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს — თითოეული მათგანი მენტალური სირთულეების მქონე ადამიანებმა შექმნეს. მიკრო-აგრესიებით დაწყებული, კულტურული პრობლემებით გამოწვეული ბარიერებით დასრულებული, ამ ადამიანებს სხვადასხვა მენტალური დაავადება განუვითარდათ. თავიანთ შინაგან განცდებსა და ემოციებზე კი ყველა თავისებურად ალაპარაკდა — ზოგს დარდების პოეზიით გამოხატვა ერჩივნა, ზოგი კი პირდაპირი მნიშვნელობით ფერებს მიმართავდა. რა თქმა უნდა, ნებისმიერი მკითხველისთვის საინტერესოა „შიგნიდან გარეთ“ დანახული სამყარო, სადაც უშუალოდ სუბიექტები აფასებენ მიმდინარე მოვლენებს, საკუთარ თავზე გამოცდილ რეალობას. ალბათ, ასე მეტად აღქმადიც ხდება, რა აწუხებთ მსგავსი გამოწვევების წინაშე მყოფ პირებს. ასე ვთქვათ, ეს არის მხატვრულ-ფსიქოლოგიური, ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელიც რეალური ფაქტების სუბიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული.
ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი — მუხრან მაჭავარიანი
მუხრან მაჭავარიანის ჩანაწერების ახალი, შევსებული გამოცემა, ფოტოებითა და ავტორის ავტოგრაფით.
„ჩემი ცხოვრების ყველაზე ტკბილი მონაკვეთია ჩემი სიყრმე და სიჭაბუკე — დაკავშირებული საჩხერესთან, საჩხერის პატარა მატარებელთან. ჩემი გულის ჩქროლა იწყებოდა შორაპანში, დიდი მატარებლიდან პატარაში გადაჯდომისას; ჭიათურაში გული უფრო უმატებდა ძგერას, საჩხერეში კიდევ უფრო, არგვეთში კი, როცა შორიდან თვალს მოვკრავდი ხოლმე ჩვენ ეზოში აღმართულ ვეებერთელა კაკლის ხეს, უკვე ზენიტს აღწევდა ჩემი სიხარული…“ — მუხრან მაჭავარიანის წიგნში ჩვეულებრიობით არაჩვეულებრივი შესულია პოეტის ჩანაწერები, დღიურები და მოგონებანი თავის ბავშვობაზე, სტუდენტობის წლებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე, მწერლებზე, სოფელში გატარებულ სიცოცხლის ბოლო წლებზე.
რუბრიკის წარმდგენია გამომცემლობა ინტელექტი
#ვისაუბროთწიგნებზე
ავტორი: ქეთია ბელქანია