in

როგორ იცვლებოდა ავტოინდუსტრიის ტრენდები დროთა განმავლობაში?

საავტომობილო ინდუსტრიას ასწლოვანი ისტორია აქვს და ამ დროის განმავლობაში, რა თქმა უნდა, მან გარკვეული ცვლილებები განიცადა. მრავალი ტექნოლოგიური ინოვაციისა და ბაზრის ცვლილების გამო, მწარმოებლები გასულ საუკუნესთან შედარებით უფრო დიდი გამოწვევების წინაშე დღეს დგანან. თუმცა, საინტერესოა, როგორ იცვლებოდა და ვითარდებოდა ტრენდები სხვადასხვა დროს.

რა იყო სულ თავიდან?

1900 წლამდე ავტომობილების წარმოება მცირე მასშტაბის მცდელობას წარმოადგენდა. მანქანებს მექანიკოსები ინდივიდუალურად ამზადებდნენ, რაც მათ იშვიათ და ძვირადღირებულ პროდუქტად აქცევდა მომხმარებლისთვის. თუმცა მათზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ საწარმოო სახლები იძულებულნი გახდნენ, დაფიქრებულიყვნენ მანქანების წარმოების ახალ და უფრო ხელმისაწვდომ მიდგომებზე. შესაბამისად, ბევრი ექსპერტი თვლის, რომ მე-20 საუკუნის დადგომასთან ერთად ავტოინდუსტრიაც დაიბადა.

პირველადი ტრენდები

ამ პერიოდში უამრავი მცირე მწარმოებელი გამოჩნდა. აქედან ზოგიერთებმა მოახერხეს დიდ კომპანიად ქცევა, ზოგმა ეს ვერ შეძლო. კონკურენცია იმდენად მაღალი იყო, რომ მუდმივად ცდილობდნენ ახალი ფუნქციების, ახალი შესაძლებლობების დამატებას თავიანთი ავტომობილებისთვის. სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა ის, რომ მოკლე დროში განვითარდა მუხრუჭების, ელექტრული დაქოქვის, გადაცემათა კოლოფების და სხვა მახასიათებლების ფუნქციები.

ფორდი

1908 წელს Ford Model T გახდა პირველი მანქანა, რომელიც საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო ჩვეულებრივი მოქალაქისთვის. მისი აწყობის სტრქუტურა იყო იმ დროისთვის ახალი და ორიგინალური. ასამბლეის ხაზი, რომელიც ფორდმა შექმნა, შეიძლება იყოს ერთადერთი უდიდესი განვითარება ავტო ინდუსტრიაში, რამაც გამოიწვია ტენდენცია მასობრივი წარმოების მანქანებისკენ და ის გრძელდება დღემდე.

ომი და მანქანები

ეს იყო დიდი დეპრესიის პერიოდი, რადგან ჯერ პირველმა, შემდეგ მეორე მსოფლიო ომმა საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა ავტო მწარმოებლებზე. ამ დროს ის საწარმოები, რომლებსაც ასე თუ ისე უკვე ფეხი მოკიდებული ჰქონდათ ბაზარზე, გადავიდნენ ძირითადად სამხედრო მოდელების, იარაღისა და სხვა, ომისთვის საჭირო ტექნიკის შექმნაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ესეც ერთგვარი გამოცდილება იყო მწარმოებლებისთვის, რადგან სწორედ სამხედრო მოდელების შექმნისას შეიმუშავეს ფარების მოდელები და წინა წამყვანი თვლები.

კომპანიების ნახევარმა მარცხი განიცადა ან კონკურენტებმა ჩაიგდეს ხელში. შეერთებულ შტატებში „დიდი სამეული”: General Motors, Ford და Chrysler გამოჩნდა, როგორც შესანიშნავი ძალა ავტო ინდუსტრიაში. 

ომის შედეგად სამსახურიდან გათავისუფლებისა და მზარდი დაძაბულობის ფონზე, მუშებსა და ავტომწარმოებლებს შორის გაერთიანებული ავტომუშაკთა კავშირი (UAW) დაარსდა 1935 წელს. UAW აღმოჩნდა საკმაოდ დიდი ძალა, რომელმაც ჩამოაყალიბა ავტო ინდუსტრია მე-20 საუკუნეში.

1950 და შემდგომ…

50-იანი წლებიდან, როცა აქტიურად დაიწყეს ავტომაგისტრალების შენება, ავტოინდუსტრიის აყვავების პერიოდიც დადგა. თანამედროვე გზებმა უფრო გააფართოვა მოთხოვნაც, მიწოდებაც და უკვე უფრო მეტი ადამიანი ფლობდა ავტომობილს. 

საავტომობილო ტრენდებზე ყოველთვის მოქმედებდა, ერთი მხრივ, ეკონომიკა და მეორე მხრივ, თავად მომხმარებელი. 70-იან წლებში, როდესაც საწვავზე ფასმა საკმაოდ მოიმატა და მისი დეფიციტი გაჩნდა, მწარმოებლების ტენდეცია იყო ისეთი ძრავის შემუშავება, რომელიც ნაკლებ საწვავს მოიხმარდა. თუმცა, როდესაც ფასები დასტაბილურდა, მომხმარებელთა პრიორიტეტები გადაინაცვლა მძლავრი, კომფორტული სატრანსპორტო საშუალებებისკენ, რომლებსაც შეეძლოთ რამდენიმე მგზავრის მოთავსება.

იმავე 70-იანების ბოლოს მსოფლიოში კიდევ ერთი დიდი და რევოლუციური ინდუსტრია გაჩნდა – კომპიუტერული ტექნოლოგია, რომელმაც, რა თქმა უნდა, საავტომობილო სფეროზეც თავისებური გავლენა მოახდინა. ავტომატიზაციამ შეამცირა ადამიანური რესურსები და აჩვენა, რომ მეტი მანქანის წარმოება შეიძლებოდა, ვიდრე მანამდე.

80-იანები: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

80-იანი წლებიდან ყველაზე პოპულარული აზრი ავტო მწარმოებლებს შორის იყო ის, რომ მათ ეწარმოებინათ უსაფრთხო მანქანები. სწორედ ამ დროს შემოვიდა ისეთი დამატებითი ფუნქციები, როგორებიცაა: აიბარგები, დაბლოკვის საწინააღმდეგო მუხრუჭები, უსაფრთხოების ღვედები. ამ საშუალებებით მანქანა უფრო დაცულ ტრანსპორტად იქცა. გარდა მგზავრებისა, ბრენდების დიდი ნაწილი ორიენტირებული იყო და ლაპარაკობდა არა ცალკეული ადამიანების, არამედ ზოგადად, საზოგადოების უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც ამ პერიოდში აშკარა გახდა, იყო ის, რომ ავტოინდუსტრია ძალიან გლობალურად იქცა. ადრე თუ ამ ბიზნესში მონოპოლია აშშ-ს ჰქონდა აღებული, შემდეგ ეს ტენდენცია შეიცვალა და მას ევროპისა და აზიის კომპანიებიც შეუერთდნენ. ამან გამოიწვია ის, რომ აშშ აღარ ითვლებოდა საუკეთესო ავტო მწარმოებლად მსოფლიო ბაზარზე. 

იმავე პერიოდში შემოვიდა ახალი ტრენდი, კერძოდ, საერთო პლატფორმების გამოყენება. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება. მრავალი მოდელი მაშინაც და დღესაც ერთსა და იმავე პლატფორმას იყენებს. მათ ერთმანეთისგან განასხვავებს ექსტერიერისა და ინტერიერის დიზაინი, ელექტრონიკა, ტექნოლოგიური ფუნქციები და აქსესუარები, რაც მათ ერთმანეთისგან განსხვავებულს ხდის და მოქმედებს ფასზეც.

2000-იანებიდან დღემდე

2000-იანმა წლებმა როგორც ბევრ სხვა, საავტომობილო ინდუსტრიაშიც ახალი ტრენდები დაამკვიდრა. ყველაზე მეტად ეს საწვავს შეეხო. საწვავის ეკონომიაზე გაზრდილი აქცენტით, ბევრმა საავტომობილო კომპანიამ დაიწყო ალტერნატიული საწვავის მანქანების წარმოება. ოფციები იყო ჰიბრიდული მოდელები, რომელთა შორისაც პოპულარული გახდა Toyota Prius, ბუნებრივ აირზე მომუშავე მანქანები და ბიოდიზელი.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Nvidia 3D MoMa ტექნოლოგიით იმპროვიზაციას 3D-შიც შეძლებთ

მეცნიერებმა პირველი კვანტური წრედი შექმნეს!