in

ავტომობილები ყველაზე განსხვავებული და ორიგინალური ინტერიერით

თქვენი მანქანის ინტერიერი შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ზოგიერთი ჩვენგანი მანქანაში უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე სახლში, რადგან დღის განმავლობაში ბევრჯერ უწევს გადაადგილება. ამიტომ მისი სალონი თუ არ მოგვწონს და არ გვეკომფორტულება, რთული იქნება, ასეთ მანქანასთან შეგუება. 

მანქანების დიდი ბრენდები ცნობილნი არიან დახვეწილი ინტერიერით, უბადლო დიზაინითა და გამორჩეული მოწყობილობით შიდა სივრცეში. თუმცა დღეს სულ სხვა თემაზე გვინდა გესაუბროთ და მიმოვიხილოთ რამდენიმე ისეთი ავტომობილი, რომლის სალონიც უცნაური და რბილად, რომ ვთქვათ, ორიგინალურია.

1992 Buick Skylark

მკვრივი წითელი ხავერდის, მოლიპულ ვინილის პანელებითა და ზედმეტად მბზინავი ხის პანელებისაგან შექმნილი ეს სალონი თვალში აუცილებლად მოგხვდებათ, თუმცა ალბათ ცოტას თუ მოეწონება. მანქანის ფართო სპიდომეტრი 1950-იან და 1960-იანი წლების Buicks-ის კონტროლის სქემებსაა მიმსგავსებული, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ რაიმე რეალური კავშირი აქვს ტრადიციული და ელეგანტური Buicks-ის მანქანებთან. 

Nissan Cube

Nissan-ს ამ მანქანის ინტერიერით კომფორტზე უნდოდა ხაზგასმა და ფაქტია, რომ ორიგინალურობის შემოტანაც სურდა. მაღალი გვერდებისა და დიდი ფანჯრების წყალობით დიდი სივრცის მიღება ნამდვილად მოახერხა, შიგნით ჰაეროვანი ატმოსფეროც მიიღო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ვერ ვიტყვით, რომ ძალიან პრაქტიკული ავტომობილი გამოვიდა.

კომპანიაში თქვეს, რომ სავარძლები ჯაკუზის დიზაინით იყო შთაგონებული, რაც, უნდა ითქვას, რომ თამამი გადაწყვეტილება იყო. რაც შეეხება ქსოვილს, რომელიც მანქანის სალონს ფარავს, ის ნამდვილად არ ჰგავდა თანამედროვე მანქანის დიზაინს. 

Cadillac Eldorado Biarritz

ამ მოდელის რომელ თაობასაც არ უნდა გადახედოთ, უცხო და გიჟური სტილის ნაზავს ყველგან შეხვდებით. პირველი, რაც კარის გაღებისას თვალში მოგხვდებათ ფუმფულა სავარძლებია ბალიშის ეფექტით. დამატებითი სირბილისა და ფუფუნებისთვის მანქანას კარის გვერდებიც რბილი ჰქონდა.

McLaren F1

McLaren F1-ის სალონის განმსაზღვრელი მახასიათებელია მისი ცენტრალური მართვის პოზიცია და სამი ადგილი. პირველი ნაკარნახევი იყო დიზაინერ გორდონ მიურეის სურვილით, გაეკეთებინა საუკეთესო სპორტული მანქანა, ხოლო მეორე უბრალოდ არსებული სივრცის გამოყენების მცდელობა იყო.

მანქანას აქვს მოძრავი, რეგულირებადი პედლები, უკანა ხედვის ორმაგი სარკე, კონსოლები ორივე მხარეს და სტერეო სისტემა.

Maserati Quattroporte III

ეს იყო ოთხკარიანი სალონის მქონე მანქანა უხეში ტყავის სავარძლებით. უკანა სალონში მანქანას მინი ბარი და პატარა მაგიდა ჰქონდა პიკნიკისთვის. ოთხივე სავარძელი ელექტრორეგულირებადი იყო და მანქანას დამატებით კომფორტს ანიჭებდა. 

Buick Questor

Buick ჩვენს სიაში მეორედაც მოხვდა. ამ მანქანამ შეიძლება კოსმოსური ხომალდიც მოგაგონოთ. პირველი, რასაც მის ინტერიერში შეამჩნევთ, არის უცნაური საჭე, რომელსაც მართვის პანელი აქვს იმ ადგილას, სადაც დღეს აირბაგებია ხოლმე, როგორც წესი, დამონტაჟებული. ეს ღილაკები მანქანის ძირითად ფუნქციებს მართავს, იქნება ეს ფარების ჩართვა, პარკინგი, კრუიზკონტროლი თუ სხვა. 

Citroën Karin

Citroën ზოგადად ცნობილია უცნაური კონცეპტუალური მანქანების დამზადებით, Karin კი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეულია მათ შორის. ის მთლიანად კრემისფერია, როგორც გარედან, ასევე შიგნიდან და არის პირამიდის ფორმის სამადგილიანი მანქანა.

ამ სალონში მძღოლი შუაში ზის, თითქოს ფორმულა 1-ის პილოტი იყოს. ორი მგზავრი კი უკან ჯდება. საჭის სვეტი გამყარებულია შუაში და რადგან მანქანას არ აქვს ცენტრალური კონსოლი, მასზე დამონტაჟდა ყველა მნიშვნელოვანი საკონტროლო სისტემა.

ეს ჩვენ მიერ მოძიებული უცნაური და სხვებისგან განსხვავებული ინტერიერების მოკლე სიაა. შესაძლოა, ეს მანქანები არ გამხადა ყოველდღიური მოხმარების, შესაძლოა, ქუჩაში რომ დავინახავთ, გაგვიკვირდება და ვიტყვით, რა უცნაური მანქანა მოდისო, მაგრამ ფაქტია, რომ მათაც თავისებური ავტოისტორია დაწერეს, თუნდაც იმით, რომ დამკვიდრდნენ,, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უცნაური მანქანები მსოფლიოში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

Burning Man-ის ინსტალაცია უდიდესი ყინულის შელფის შთაგონებით შეიქმნა!

როგორ იყენებენ სააგენტოები AI-ის დამკვეთებისთვის ინოვაციის შესათავაზებლად