IBM-ის განცხადებით, Mayflower-ის ავტონომიურმა გემმა ისტორიული ტრანსატლანტიკური მოგზაურობა(დიდი ბრიტანეთიდან ახალ შოტლანდიამდე) წარმატებით დაასრულა. ისტორიული კი იმიტომაა, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა თვითმართვადმა გემმა ატლანტის ოკეანე გადაკვეთა. დიახ, ეს იმას გულისხმობს, რომ გემს კაპიტანი არ მართავს და იგი ოკეანეში ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ცურავს. მეტიც, იგი გადაწყვეტილებებს რეალურ დროშიც იღებს.
როგორც ამბობენ, ხომალდი ექვსი ხელოვნური ინტელექტის მქონე კამერით, 30-ზე მეტი სენსორით და 15 Edge მოწყობილობით იყო აღჭურვილი, ეს ყველაფერი კი AI კაპიტანს მოქმედებაში ეხმარებოდა. შთამბეჭდავია ისიც, რომ ხელოვნური ინტელექტის მქონე კაპიტანი მოგზაურობის დროს ზღვის კანონებს ემორჩილებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი გადაწყვეტილებებს მარშრუტის შესაცვლელად ან ცხოველების თავიდან ასაცილებლად, თავადვე, ადამიანის გარეშე, იღებდა. რაც შეეხება მოგზაურობის ხანგრძლივობას, ოკეანეში გემმა 40 დღე გაატარა და დაახლოებით 3500 მილიც გაიარა.
ეს ამბავი კი მნიშვნელოვანი არა მარტო მეზღვაურებისთვისაა, არამედ იმ ინდუსტრიებისთვისაც, სადაც მანქანურ სწავლებას იყენებენ — AI კაპიტანი მონაცემებს შეისწავლის, არჩევანს აკეთებს, რისკებს მართავს და გადაწყვეტილებებს იღებს. ეს უკანასკნელი კი საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს, რაც მისი წარმატების ძირითად კომპონენტადაც მიიჩნევა. იგი ადამიანებს საშუალებას აძლევს, გაიგონ თუ რატომ აკეთებს კონკრეტულ არჩევანს.
„მართალია, Mayflower-ის მოგზაურობა ატლანტიკაში დაიწყო, მაგრამ ეს აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური წინსვლისთვის მხოლოდ დასაწყისია“, — აცხადებენ IBM-ში.
ხოლო თუ იმაზე დაფიქრდებით, როგორ შეიძლება გამოიყენოთ ეს ავტონომიური სერვისი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაშინ უსასრულო შესაძლებლობებსაც დაინახავთ…











