in

ავტომობილები ერთმანეთს სისწრაფეში არსებობის დღიდან ეჯიბრებიან

ავტორბოლა, ფაქტობრივად, იმდენივე ხნისაა, რამდენისაც თავად ავტომობილის ინდუსტრია. შიდაწვის ძრავების გამოგონების შემდეგ კაცობრიობა დაინტერესდა, რომელი მანქანა იყო ყველაზე სწრაფი. თავის მხრივ, მძღოლებს სურდათ ყველაზე სწრაფი მრბოლელის სტატუსი მიეღოთ.

როგორც ავტოისტორია იუწყება, პირველი ოფიციალური ავტორბოლა ჯერ კიდევ 1894 წელს მოეწყო. ეს იყო 80-კილომეტრიანი მანძილი, რომელიც მოიცავდა პარიზსა და რუანს შორის გზას. გამარჯვებულმა რბოლა საშუალოდ 16,4 კმ/სთ სიჩქარით დაასრულა. იმ დროში ეს დიდი მიღწევა იყო.

პირველი ოფიციალური რბოლა

პირველი ოფიციალური ავტორბოლა ამერიკაში ერთი წლის შემდეგ მოეწყო. ეს იყო 87-კილომეტრიანი რბოლა ჩიკაგოდან ევანსტონამდე და ისევ ჩიკაგომდე. მან ნორმად აქცია ქალაქიდან ქალაქში რბოლის ჩატარება როგორც აშშ-ში, ისე ევროპაში.

1900 წლისთვის ავტომრბოლელებმა შეძლეს თავიანთი მანქანების სიჩქარე 80 კმ/სთ-მდე აეწიათ, რაც იმ დროისთვის საოცარი მაჩვენებელი იყო. ეს იმას ნიშნავდა, რომ მძღოლები, რომლებიც გზაზე ატარებდნენ რბოლებს, ზედმეტად სახიფათო ხდებოდნენ მაყურებლებისთვის, მრბოლელებისთვის და პირუტყვისთვის, რომლებიც ხშირად ჩნდებიან გზაზე.

ცნობილი ტრასა

სარბოლო ტრასებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილია Pista di Monza – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იპოდრომი. რბოლის ნებისმიერი ნამდვილი მოყვარულის გულში მას განსაკუთრებული ადგილი უკავია. იგი მასპინძლობდა ფორმულა 1-ის რბოლებს, FIA-ს მსოფლიო ჩემპიონატს, ლე მანის სერიებს, სხვადასხვა მოტოციკლეტის რბოლებს და ა.შ. ეს არის ტრასა, რომლითაც იტალიელები ამაყობენ.

საერთაშორისო რბოლის დაბადება

ჯეიმს გორდონ ბენეტი საერთაშორისო რბოლების მამად მიიჩნევა. მან დააფინანსა თასი, რომლისთვისაც ეროვნული საავტომობილო კლუბები იბრძოდნენ. რბოლები ჩატარდა საფრანგეთში, ირლანდიასა და გერმანიაში. ფრანგი ავტომობილების მწარმოებლები არ იყვნენ კმაყოფილი კონკურსის წესებით, ამიტომ გადაწყვიტეს დაეწყოთ საკუთარი სარბოლო სერია – საფრანგეთის გრან-პრი, რომელიც ლე მანზე გაიმართა.

ლე მანი

ლე მანის 24 საათი არის ყველაზე ცნობილი რბოლა საავტომობილო სამყაროში. ის ყოველწლიურად იმართება Circuit de la Sarthe-ზე და შედგება დახურული გზებისა და სარბოლო ტრასის მონაკვეთებისგან. იგი პირველად მოეწყო 1923 წლის 26-27 მაისს.

რბოლის აქცენტი არ იყო უსწრაფესი მანქანების შექმნა, არამედ ავტომობილების მწარმოებლების შესაძლებლობა, გამოეშვათ სპორტული მანქანები, რომლებიც სუპერ საიმედო იქნებოდა. ამის შედეგად ავტოკომპანიებმა აწარმოვეს ეფექტური მანქანები დახვეწილი აეროდინამიკით.

ტრადიციულად, რბოლა ივნისში იმართება, რა დროსაც საკმაოდ ცხელა და მონაწილეებს მძიმე პირობებში უწევთ მონაწილეობა. გუნდები ხშირად ფარავენ 5000 კმ-ზე მეტს 24 საათის განმავლობაში.

ადრეულ რბოლებში 20-იან და 30-იან წლებში დომინირებდნენ ფრანგი, ბრიტანელი და იტალიელი მძღოლები. ლე მანის ოქროს ხანად 70-80-იანი წლები ითვლება. სწორედ მაშინ დაიწყეს პორშეს სარბოლო მანქანებმა დომინირება რბოლაზე. Porsche 917, 935 და 936 იყო დომინანტური სარბოლო მანქანები, რომლებიც გადაიქცნენ რბოლის სახეებად, როგორც მათ დღესაც ვიცნობთ.

რალი

რბოლა, რომელიც მითითებული მარშრუტებით ტარდება, დაიწყო 1907 წელს პეკინიდან პარიზამდე დაახლოებით 12000 კმ-ის გავლით. 1911 წელს კი მონტე კარლოს რალი დაიწყო სხვადასხვა საწყისი წერტილიდან და ძალიან პოპულარული გახდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ის მთელ მსოფლიოში გავრცელდა, დაწყებული ადგილობრივი ავტოკლუბების მიერ ჩატარებული შეჯიბრებიდან – დამთავრებული უფრო დიდი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული რბოლებით.

გრან პრი და ფორმულა 1

პირველი რბოლა, რომელსაც გრან პრი ერქვა, მოეწყო 1996 წელს ლე მანში. მას 32 მონაწილე ჰყავდა 12 სხვადასხვა ავტომობილის მწარმოებლისგან. რბოლის გამარჯვებული გახდა ფერენც შისი, უნგრელი მძღოლი, რომელიც რენოს სარბოლო მანქანით ასპარეზობდა.

შეჯიბრმა რეალური განვითარება დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც პარიზში დაარსდა საავტომობილო საერთაშორისო ფედერაცია (FIA). ამან თავისთავად გამოიწვია იმ რბოლის დაბადება, რომელსაც დღეს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს და ესაა ფორმულა 1. მისი პირველი შეჯიბრი 1947 წელს მოეწყო.

1950 წელს დაორგანიზდა პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სილვერსტოუნში, დიდ ბრიტანეთში. ამ რბოლაზე დომინირებდნენ იტალიელი მძღოლები ალფა რომეოსა და ფერარის სარბოლო მანქანებით.

ფორმულა 1-ის რბოლის ოქროს ხანის არჩევა რთულია. წლების განმავლობაში ჩვენ გვქონდა პრივილეგია, გვეყურებინა წარმოუდგენელი სანახაობისთვის. ჯიმ კლარკი, ნიკი ლაუდა, აირტონ სენა, ნაიჯელ მენსელი, ლუის ჰემილტონი, ფერნანდო ალონსო და სხვები ის სახელები არიან, რომლებმაც წარუშლელი კვალი დატოვეს ფორმულა ერთის ისტორიაში.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ზრუნვა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სამსახური — Doctolib-ის ვიდეორგოლი

ბაკურიანში მეამა ქოლექთის ახალი ობიექტი გაიხსნა