ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, სილიკონის ველზე დაფუძნებულ ვენჩურული საინვესტიციო კომპანია 500 Global-თან ერთად, სტარტაპერებს სპეციალურ სააქსელერაციო პროგრამა 500 Georgia-ში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. პროექტი მიზნად ისახავს, მძლავრი ადგილობრივი სტარტაპ-გარემოს ჩამოყალიბებას, სტარტაპერებისთვის მასშტაბირების შესაძლებლობის შექმნას, გლობალური ინვესტორების დაინტერესებას, ინვესტიციების მოზიდვასა და საერთაშორისო სტარტაპ-ეკოსისტემაში ჩართვას. 500 Georgia-მ მნიშვნელოვნად შეცვალა არამხოლოდ ქართული სტარტაპ-ეკოსისტემა, არამედ რეგიონულ დონეზეც შემოიერთა სტარტაპერები. აღსანიშნავია 500 Georgia-ში მონაწილე სტარტაპების შედეგებიც – ათობით მილიონი ლარის ინვესტიცია, მილიარდამდე მომხმარებელი და უსწრაფესი ზრდა, დროის მცირე პერიოდში.
ამჯერად, პროგრამის მონაწილე ქართულ სტარტაპ Awork-ზე გიამბობთ, რომელიც პროცესების გაციფრულებაში ეხმარება როგორც ბიზნესებს, ასევე სამუშაოს მაძიებლებს. თითოეულ მხარეს აქვს სრული წვდომა მათ მიერ განხორციელებულ ქმედებებთან, რაც მნიშნველოვანია შედეგების ანალიზისთვის.
„კომპანიებს შესაძლებლობას ვაძლევთ სრულიად უფასოდ ისარგებლონ ბიზნეს პროფილით და ბიზნესის მობილური აპლიკაციით, სადაც თავმოყრილია ვაკანსიების, აპლიკანტების და ანალიტიკის მოდულები. ამასთან ერთად, ბიზნეს ვთავაზობთ მათ საჭიროებებზე მორგებულ ვაკანსიის პაკეტებს და განთავსებული ვაკანსიების სწორ მარკეტიგნულ კამპანიებს“ – გვიამბო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი რაზმაძემ.
M: ბაზარზე არსებული რა საჭიროებებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა სტარტაპი?
საქართველოს ბაზარზე, ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაგვჭირდა ვაკანსიის გამოცხადება, თანამშრომლის სწრაფი მოძიება და ტექნოლოგიით შერჩევის სრული ციკლის წარმოება, თუმცა ბაზარზე არსებული გადაწყვეტები ამ მხრივ არც თუ ისე მოქნილი და ეფექტურები იყვნენ, შესაბამისად დავინახეთ შერჩევის პროცესში არაერთი მიმართულებით ტექნოლოგიური გაუმჯობესების საჭიროება.
თუმცა, არ გვინდოდა მხოლოდ ტრადიციული დასაქმების პლატფორმის შექმნა, რომელიც მხოლოდ ქართულ ბაზარზე იქნებოდა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ ჩავატარეთ უცხოური ბაზრის კვლევაც, დავისახეთ გრძელვადიანი გეგმა და შემდეგ დავიწყეთ პროდუქტზე მუშაობა.
ამას დაერთო პანდემიით გამოწვეული პრობლემები, რომელიც განსაკუთრებით მომსახურების სფეროში კადრების გადინებამ გამოიწვია და დღესაც დიდ პრობლებას წარმოადგენს სწრაფად ბრუნვად პოზიციებზე თანამშრომლების დროული მოძიება. წინა წლის ერთ-ერთი კვლევის თანახმად რესტორანში დასაქმებული ადამიანების 80% მიდის სამსახურიდან 6 თვის შემდეგ, რაც დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის.
Awork-ს კი განსაკუთრებულად ის მარტივი გამოცდილება ხდის, რომელიც დღეს დასაქმების ბაზარზე დავნერგეთ. ჩვენი მიზანია სამსახურის ძიება არ ასოცირდებოდეს სტრესთან და როგორც მაძიებლების, ასევე კომპანიებისთვის იყოს სწრაფი, ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული, რასაც საკმაოდ კარგად ვახერხებთ.
სამუშაოს მაძიებელს შესაძლებლობას ვაძლევთ მობილური აპლიკაციით, ლოკაციის გამოყენებით მარტივად მოიძიონ სასურველი ვაკანსია და თითის ერთი მოძრაობით (სვაიფით) აპლიკაციიდანვე გააგზავნონ სივი სასურველ კომპანიასთან.
M: როგორია სამიზნე სეგმენტი?
ბიზნესების მხარეს ჩვენს ძირითად სამიზნე სეგმენტს წარმოადგენენ საშუალო და დიდი ზომის ბიზნესები, რომლებიც მომსახურების სფეროში არიან წარმოდგენილი. დღეს ჩვენი მომხმარებლების 75% სწორედ ამ პროფილს წარმოადგენს და ისინი ყოველთვიურად აქტიურად ეწევიან შერჩევის პროცესს დამწყებ და საშუალო პოზიციებზე.
M: რა შესაძლებლობები მოგცათ 500 Georgia-ში მონაწილეობამ?
500 Georgia-ს აქსელერატორში მოხვედრა ჩვენი გუნდისთვის დიდ შესაძლებლობებთან ერთად, მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობაც იყო. საქარველოში მსგავსი ტიპის გლობალური აქსელერატორი, უმნიშნველოვანეს როლს თამაშობს სტარტაპების ზრდისა და ეკოსისტემის განვითარებისთვის.
3 თვის განმავლობაში, აქტიურად ვმუშაობდით გამოცდილ მენტორებთან ერთად, ჩავატარეთ 50-ზე მეტი სხვადასხვა ექსპერიმენტი – მარკეტინგის, გაყიდვების, პროდუქტის განვითარების ჭრილში. ინტენსიურმა მუშაობამ კი გავლენა იქონა, როგორც ევორქის, ასევე ინდივიდუალურად გუნდის წევრების ზრდაზე.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ Awork გახდა 500 Global-ის community-ს წევრი, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2,800-ზე მეტ სტარტაპს აერთიანებს. გვჯერა, რომ 500-ის გამოცდილება სამომავლო პერიოდში დაგვეხმარება გლობალურ ბაზარზე ექსპანსიასა და დამატებითი ინვესტიციების მოზიდვაში.
M: როგორ შეცვალა ამ გამოცდილებამ სტარტაპის გეზი?
500 Georgia-ს გამოცდილებამ ბევრი საკითხი სხვა კუთხით დაგვანახა, რამაც საერთო ჯამში პოზიტიური გავლენა მოახდინა ჩვენი სტარტაპის განვითარებაზე. Awork-ის გუნდი გახდა უფრო Data Driven, რაც გულისხმობს მონაცემებზე დაყრდნობით შედეგების ანალიზს. ეს გვეხმარება უფრო ეფექტურად დავგეგმოთ სამუშაო პროცესი და ყველა მიმართულებით სწრაფად განვვითარდეთ.
M: როგორია ახლანდელი მდგომარეობა და რას გეგმავთ განვითარების მომდევნო ეტაპზე?
Awork წინა წელს საქართველოს ბაზრის ათვისებაზე იყო კონცენტრირებული და დღეს უკვე 100,000-ზე მეტ სამუშაოს მაძიებელს და 1,000-ზე მეტ ბიზნესს აერთიანებს ჩვენი პლატფორმა.
2024-წლის მთავარი გეგმა არის ჩვენი პროდუქტის უცხოურ ბაზარზე ექსპანსია, რა ჭრილშიც დაწყებული გვაქვს უკვე ვიზიტები ჩვენს სამიზნე ქვეყნებში და ასევე ვმუშაობთ არსებულ ტექნოლოგიის განვითრებაზე და ჩვენი მომხმარებლებისთვის ახალი გადაწყვეტების შეთავაზებაზე.