დღეს, 6 აპრილს, ცნობილი გახდა კანის ახალგაზრდული ფესტივალის შესარჩევი ლოკალური კონკურსის – Young Marketer – ახალგაზრდა მარკეტერების კატეგორიაში საუკეთესო მონაწილეთა ათეული. შემდეგი ეტაპი გულისხმობს პრეზენტაციების წარდგენას ჟიურის 10 წევრის წინაშე. კონკურსი 2 აპრილს, „იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გაიმართა, მასში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედი კომპანიების მარკეტერებმა. საერთო ჯამში, დარეგისტრირებული 43 გუნდიდან, 36 გამოცხადდა კონკურსზე. დავალების მიხედვით, მონაწილე ბრენდების წარმომადგენლებს, 12 საათის განმავლობაში, უნდა გამოეგონებინათ ახალი პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც თავისი არსით, მიმართული იქნებოდა თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისკენ. [ სრული ბრიფი – Young-Marketers-_-YLG-2017 ] ფესტივალის გენერალური პარტნიორია საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ ( BGEO group). კონკურსის შედეგები 19 აპრილს გახდება ცნობილი. პირველი ადგილის მფლობელი ივნისში, კანში გაემგზავრება და საქართველოს სახელით, გლობალურ შეჯიბრში იასპარეზებს. მანამდე კი მარკეტერი “Cannes Lions 2017”-ის Young Marketer-ის კატეგორიის პრეზიდენტს – რეზო ჩარკვიანს, ასევე, ათეულში გადასულ კონკურსანტებს – მანუჩარ მამეიშვილსა („ჯეოსელი“) და ნაუ სონღულაშვილს („თამაშობანა“) ესაუბრა.
რეზო ჩარკვიანი: წლევანდელი ბრიფი აქტუალურ სოციალურ თემას მოიცავდა. საერთაშორისო კვლევის შედეგად, თბილისი არის ყველაზე დაბინძურებული ჰაერის მქონე დედაქალაქი ევროპაში. ამის გამო, სიმსივნურ და სხვა დაავადებათა რიცხვია მომატებული. მონაწილეებს, საკუთარი კომპანიის სახელით, უნდა შეექმნათ პროდუქტის კონცეფცია, რომელიც გადაჭრიდა ან ეხმიანებოდა პრობლემას და ის უნდა დამდგარიყო ძლიერ, სიღრმისეულ ინსაითზე. გარდა ამისა, მარკეტერებს უნდა დაეწერათ ბრიფი სააგენტოსთვის. ამ სამი მიმართულებიდან, წინა წელთან შედარებით, ბრიფის წერის ნაწილი გაუმჯობესებულია, მაგრამ პროდუქტის კონცეფცია სუსტია და ინსაიდებში სერიოზული ჩავარდნა გვაქვს. ნამუშევრის სახით, მხოლოდ ერთი ძლიერი კონცეპტი მივიღეთ, ასევე, რამდენიმე კარგი, მაგრამ სტანდარტული, დანარჩენი კი სუსტი. ამ ეტაპზე გადასულ მონაწილეებს 8 აპრილს, მოუწევთ პრეზენტაციის ჩატარება, ჟიურის 10 წევრთან, სადაც წარმოაჩენენ საკუთარ ნამუშევარს, ამისთვის მათ 5 წუთი ექნებათ, ხოლო მომდევნო 5 წუთი ჟიურის კითხვებზე პასუხის გაცემას დაეთმობა. პირველი ეტაპის ქულები გუნდებს ფინალშიც გადაყვათ. ფინალისა და ძირითადი კონკურსის შეფასებები დაჯამდება და საბოლოო შედეგს ასე მივიღებთ. პრეზენტაციის შეფასება მოხდება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა: იდეის გადმოცემის ან ჟიურის ინსპირირების უნარი და ა.შ.
რაც შეეხება მონაწილეების კომენტარებს:
M: როგორ მოძებნეთ პრობლემის გადაჭრის გზა და რა ხერხებით მოარგეთ დავალება თქვენი კომპანიის საქმიანობას?
მანუჩარ მამეიშვილი: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჰაერს ყველაზე მეტად აბინძურებს ავტომობილები. ამოცანა გადავჭერით აპლიკაციით. იმის გათვალისწინებით, რომ ჯეოსელის ინტერესი არის ინტერნეტის მოხმარების გაზრდა, მგზავრობისას კი საჭესთან არ შეიძლება მობილურის გამოყენება და ეს პროცესი გაცილებით უფრო კომფორტულია ტრანსპორტში, ჩვენ მოვიფიქრეთ, რომ მიგვეცა მომხმარებლისთვის აპლიკაცია, სადაც არის ინფორმაცია გზებისა და მარშრურტის შესახებ- მომხმარებელს აქვს სახლი და სამსახური მონიშნული და აპლიკაცია აძლევს ყველანაირ ინფორმაციას, რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეუძლია იმგზავროს, კონკრეტული ნომრებითა და დროებით. ასევე, მოვიფიქრეთ გეიმინგი, თამაში, რომელიც იჭერს მეგაბაიტებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მეტროში ქუჩაში და ა.შ. სხვადასხვა ადგილას. აპლიკაციას კიდევ ერთი მიმართულება აქვს, ნაბიჯებს ითვლის, ვისაც ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება აინტერესებს, რუკაზე ნაჩვენებია, ფეხით როგორ შეგიძლია, მიხვიდე დანიშნულების ადგილას – შენი „როუდ მეფის“ საშუალებით. 3 მარტივი კომპონენტი ჩავდეთ აპლიკაციაში, რითიც იზრდება ჯეოსელის მეგაბაიტების, ინტერნეტის მოხმარება, დაპორტირებულების რაოდენობა და ა.შ.
ნაუ სონღულაშილი: იქიდან გამომდინარე, რომ თამაშებს ვაკეთებთ ჩვენ, შესაბამისად, ამ პრობლემის გადასაჭრელად, ბორდგეიმი გავაკეთეთ და ამ ბორდგეიმში აღწერილი იყო, როგორ უნდა მიაწოდო სათანადო სეგმენტს ეს ინფორმაცია. სეგმენტია როგორც პატარები, ისე – დიდებიც. ბორდგეიმი იმიტომ, რომ პატარებსაც მოსწონთ და დიდებსაც. თამაშის არსი არის ის, ბავშვები შეაჩვიო, თავიდანვე ისწავლონ და იცოდნენ, რომ არ არის კარგი დაბინძურება, ზოგადად და გარემოზე ზემოქმედებს.
M: იდეის მოსაფიქრებლად რა დრო დაგჭირდათ ?
მანუჩარ მამეიშვილი: იდეაზე ჩამოვყალიბდით სადღაც 5 საათში და დანარჩენი დრო უკვე ამის დალაგებას, იდეის დახვეწას მოვამდომეთ.
ნაუ სონღულაშილი: ჩვენ, პირადი მიზეზების გამო, ფაქტობრივად, ბრიფი 6 საათში დავამთავრეთ. აქედან გამომდინარე, არ ველოდით, რომ ასეთი კარგი შედეგი გვექნებოდა. ამიტომ, ძალიან გაგვიხარდა, რომ შორტლისტშიც მოვხვდით.
M: რა დაგეხმარათ შემდეგ ეტაპზე გადასვლაში და რა მოგცათ კონკურსში მონაწილეობამ?
მანუჩარ მამეიშვილი: შემდეგ ეტაპზე გადასვლაში დაგვეხმარა: გუნდურობა, ჩემს მეწყვილესთან ერთად მუშაობა, კარგად შეთამაშება. ძირითადად, გამოცდილება და ჩვენი ფიდბექი აქ, კონკრეტულად, „ჯეოსელში“.
ნაუ სონღულაშილი: ზოგადად, ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია კონკურსები თუნდაც იმიტომ, რომ ბრიფზე მუშაობის პროცესში, სხვანაირად გავიაზრეთ რაღაც საკითხები, რაც უშუალოდ, ჩვენს კომპანიასაც გამოადგება. ეს კონკურსი კიდევ დამატებით გაძლევს იმის საშალებას, რომ შენი კომპანიის პროდუქტები მოარგო გარემოს დაცვას, მაგალითად. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია ამ ყველაფრის გააზრება და როგორღაც, შენს პროდუქტში ინტეგრაცია. რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე გადასვლას, ჩვენი კომპანიიდან, ასეთ რამდენიმე პროექტზე გვიმუშავია და ჩვენვე ვიყავით ამაშივე ჩართულები, შესაბამისად, დაგვეხმარა ის ცოდნა და გამოცდილება, რაც აქამდე გვაქვს შეძენილი.











