ჩინური საავიაციო-კოსმოსური კომპანია Space Transportation “ფრთიან რაკეტას” ქმნის, რომელიც, კოსმოსურ ტურიზმთან ერთად, დედამიწაზე სწრაფი მგზავრობისთვისაც გამოდგება. როგორც ცნობილია, მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი საშუალებას მოგვცემს, დედამიწაზე სუბორბიტული ფრენის მეშვეობით, ნებისმიერ ადგილას უმოკლეს დროში ჩავიდეთ.
Space Transportation-ის ვებგვერდზე განთავსებულ სიმულაციაში ვხედავთ, რომ იგი უზარმაზარ სამკუთხა ფრთაზეა მიმაგრებული, რომელსაც ორი დიდი სასტარტო ძრავა აქვს. ხომალდი ფრთას შორდება და სუბორბიტული სივრცისაკენ მიფრინავს, რის შემდეგაც ფრთა დედამიწაზე უსაფრთხოდ ეშვება, საფრენი აპარატი კი დანიშნულების ადგილისაკენ განაგრძობს სვლას. საგულისხმოა, რომ რაკეტა დაშვებისას SpaceX-ის Falcon 9-ის ანალოგიურ მეთოდს მიმართავს — ანუ, ვერტიკალურად ეშვება.
“სწრაფი, პირდაპირი ტრანსპორტირებისთვის ფრთიან რაკეტას ვქმნით, რომელიც სატელიტების გადამტან რაკეტებზე იაფი და ტრადიციულ თვითმფრინავებზე გაცილებით სწრაფი იქნება”, — აღნიშნავენ კომპანიაში. მართლაც, მონაცემებზე დაყრდნობით, კოსმოსური ხომალდი დაახლოებით 4 184 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს. ეს კი თეორიულად იმას ნიშნავს, რომ მას ნიუ-იორკიდან ლონდონამდე ჩასასვლელად მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება.
ამჟამინდელი გამოთვლებით, პირველი ტესტირებები 2023 წლისთვის ჩატარდება, პირველი სატესტო გაფრენა კი — 2024-ში. ხოლო უკვე ეკიპირებულ ფრენას 2025 წლისთვის უნდა ველოდეთ.
საგულისხმოა, რომ მსგავსი კონცეფცია ჯერ კიდევ 2017 წელს შემოგვთავაზა ილონ მასკმა. კომპანია SpaceX იუწყებოდა, რომ ერთი ქალაქიდან მეორეში მგზავრების ერთ საათზე ნაკლებ დროში გადასაყვანად, Starship-ის ახალ რაკეტებს გამოიყენებდა. თუმცა ჯერჯერობით იდეა რეალობად არ ქცეულა…










