ახალი მედიკამენტით მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანებისთვის უკეთესი თერაპიის ჩატარება გახდება შესაძლებელი. წამალი, რომელიც ადრე ალკოჰოლიკებისთვისაც გამოიყენებოდა, ახლა ხელს მხედველობის გაუმჯობესებასაც შეუწყობს…
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ეს შედეგები თაგვებზე დაკვირვებით მიიღეს. მედიკამენტი იმ ადამიანებს დაეხმარება, რომელთაც თვალის მემკვიდრეობითი დაავადებები, პიგმენტური რეტინიტი, ასაკთან დაკავშირებული თუ თვალის სხვა დარღვევები აქვთ.
მკვლევრების შედეგები უფრო სამეცნიერო ენით რომ ავხსნათ: ქიმიური ნივთიერება — რეტინოინის მჟავა, ჩნდება მაშინ, როცა ბადურას სინათლის მგრძნობიარე უჯრედები ფუნქციას აღარ ასრულებს. ეს ქიმიკატი ბადურაში ჰიპერაქტიურობას იწვევს, ხელს უშლის ვიზუალური ინფორმაციის დაშიფვრას და მხედველობას აბრკოლებს. წამალი დისულფირამი კი, რომელსაც ანტაბუსსაც უწოდებენ, რეტინოინის მჟავის წარმოქმნის პროცესს აფერხებს. იგი თაგვებშიც გამოცადეს და დადებითი შედეგები მიიღეს.
მეტიც, მკვლევრები ოფთალმოლოგებთან თანამშრომლობასაც გეგმავენ. მათ კვლევის ჩატარება პიგმენტური რეტინიტით დაავადებულ პაციენტებზეც სურთ… მნიშვნელოვანია ისიც, რომ FDA-ის მიერ მედიკამენტი უკვე დამტკიცდა.
„რეტინოინის მჟავის დათრგუნვა ისეთი წამლებით, როგორიცაა დისულფირამი, არსებითად გააუმჯობესებს დაბალ მხედველობას და ადამიანის ცხოვრებაში დიდ ცვლილებასაც მოახდენს. ხოლო, რადგან პრეპარატი FDA-ის მიერ უკვე დამტკიცდა, მეტად ნაკლები დაბრკოლებებია მოსალოდნელი“, — ამბობენ მკვლევრები.
თუმცა იმასაც ვარაუდობენ, რომ ეს პრეპარატი ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება… აქ იგულისხმება ის მძიმე გვერდითი ჩვენებები, რაც წამალს ალკოჰოლის მოხმარებასთან ერთად ახასიათებს — მათ შორის თავის ტკივილი, გულისრევა, სიწითლე და კრუნჩხვები.











