„ვინ ხარ შენ, ახალო ადამიაინო?“- ამ კითხვით იწყებოდა ჩემი ყველა ლექცია „ლიტერატურისა და ხელოვნების“ კურსზე, რომელშიც ყოველი ახალი ეპოქა ანტიკური ხანიდან მოდერნისტულ სამყარომდე ახალი ადამიანის პორტრეტს ხატავდა. ახლა დრო შეკუმშულია, სივრცე გაშლილი, შესაბამისად ახალ-ახალი ადამიანები ბევრად უფრო მალ-მალე და მარტივად, ათწლეულებში ჩნდებიან. დღეს საკუთარი თავისთვის მიწევს იმავე კითხვის დასმა: „ვინ ხარ შენ, ახალო ადამიანო, რომელიც განსხვავდები 10 წლის წინანდელი უკვე სიძველისკენ მიდრეკილი ადამიანისგან?“
#გამარჯობა. მე generation Z ვარ, დავიბადე 1996 წელს. ჩემთან ერთად და ჩემ შემდეგ დაბადებული ყველა ადამიანი „Z” თაობის წარმომადგენელია. მილენიალებთან (“Y”) და მათ წინამორბედ „X”-ებთან შედარებით “Z”-ების შესახებ საქართველოში ბევრი არაფერი ვიცით, ამიტომ თიბისის სტაჟიორების გუნდის წევრებმა ამ თაობის კვლევა დავიწყეთ.

მკვლევარის როლში ვიჯექი “Z”-ებთან ინტერვიუებზე და თან ვფიქრობდი, რა არის ყველაზე მთავარი და საინტერესო ჩვენს შესახებ. მინდოდა მიმეკვლია რაიმე ისეთისთვის, რაც საკუთარი თავის შესახებაც კი არ ვიცოდი და აღმოჩენა იქნებოდა ჩემთვის. გზადაგზა კი რესპოდენტების პასუხებით დასტურდებოდა ჩემი თეორიები „ჩვენ“ შესახებ:
დილას ყავა და ინსტაგრამი, შემდეგ ფეისბუქი და უნივერსიტეტი, საღამოს ფაბრიკა და „story”, ძილის წინ კი მესენჯერი – ყოველდღიური რუტინის მთავარი თანმდევი ტექნოლოგიური სოციალიზაცია, სადაც ყველა და ყველაფერი ერთ დიდ სიცრცეში ცოცხლობს და რომელიც უკვე გვირთულებს კიდეც იმის აღქმას, რა უფრო ნამდვილია რეალობა თუ ვირტუალური სივრცე. ჩვენ, ყველა „Z“ ერთად ვართ ამ ახალ „ნამდვილ“ სამყაროში, რომელიც ძალაუნებურად ძალიან გვამსგავსებს ერთმანეთს. არადა ვცდილობთ მაქსიმალურად განსხვავებულები ვიყოთ, „გვიტყდება“ ვიღაცისნაირი ტატუს გაკეთება, არ გვინდა იქ წასვლა, სადაც ყველამ დაიწყო სიარული. და თან ახალ ტატუს, რომელიც არავისას ჰგავს, ახალმიკვლეულ კაფეს, რომელსაც ჯერ მხოლოდ რამდენიმე ადამიანი სტუმრობს, ყველას ვუზიარებთ ინსტაგრამსა და ფეისბუქზე, თითქოს თავს ვიწონებთ საკუთარი გამორჩეულობით. ინდივიდუალიზმისკენ და განსხვავებულობისკენ სწრაფვით კი იმდენად ვემსგასებით ერთმანეთს, რომ ალბათ ეს სწრაფვაც მალე „გაპაპსავდება“.
თეორიები დასტურდებოდა, მაგრამ ჯერ მაინც ვერ ვპოულობდი ახალ აღმოჩენას და ისევ ვამტკიცებდი, რომ:
ჩვენ ვართ თაობა, რომლისთვისაც მომავლის გეგმები უპირველეს ყოვლისა კარიერასთანაა დაკავშვირებული. თვითმყოფადობისა და ფინანსური დამოუკიდებლობის საჭიროება დაგვიმტკიცა არც თუ ისე შორეულმა წარსულმა, რომელიც ტუტორიალია სათაურით „10 რამ, რაც არ უნდა გააკეთო, იმისთვის რომ წარმატებული ადამიანი იყო“. წარუმატებლობის შიშით დაკომპლექსებულები, ჩვენც რესურსების უმეტესობას ამ მიმართულებით ვხარჯავთ. კი, ძალიან გვაინტერესებს პირადი ცხოვრება, მაგრამ ალბათ მივხვდით, რომ ძალისხმევა აქ უფრო საჭიროა, ამიტომაც პასუხი კითხვაზე „როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი 1 წლის შემდეგ, 5 წლის შემდეგ, 10 წლის შემდეგ“ ძირითადად იყო ასეთი: „ ვისწავლი, ვიმუშავებ, უფრო კარგ პოზიციაზე ვიმუშავებ“.
„ოცნებას კაცი არ მოუკლავსო“, მაგრამ ჩვენ მაინც არ გვიყვარს ოცნება, რომელიც თუ არ კლავს ადამიანს, სულ მინიმუმ აძინებს მაინც. ალბათ ტკბილი ფიქრებისადმი ასეთ უნდობლობას იწვევს ის, რომ ყოველდღიურობა უფრო და უფრო მკაცრი და უპატიებელი ხდება უყურადღებობის მიმართ. ოცნებაში გახვეულმა წამიერმა მიძინებამ შეიძლება დაგვაკარგვინოს შანსი, რომლის შესახებაც ამჯერად ჩვენ თაობაში გამართლებული და პოპულარული ფრაზა ამბობს „ცხოვრებაში შანსი ბევრჯერ არ გეძლევა და აუცილებლად უნდა გამოიყენოო“. ამდენად, პრაგმატულობა საუკეთესო მიდგომაა, რომელიც გვეხმარება სტაბილურობისა და სიფხიზლის შენარჩუნებაში.
ჯერ სანატრელ აღმოჩენამდე არ მივსულვარ, მაგრამ კვლევის ზოგიერთმა შედეგმა ნამდვილად გამაკვირვა:
თურმე, ბევრი ჩვენს თაობაში არცთუ ისე ერთგულია ბრენდების მიმართ. ისინი კონკრეტული სერვისისა თუ პროდუქტის მომხმარებლები ხდებიან არა მათი ბრენდის გამო, არამედ იმ ფუნქციებისა და შემოთავაზებების წყალობით, რომლებიც მეტ კომფორტსა და სარგებელს ქმნიან. შესაბამისად, არც ისაა გასაკვირი რომ „Z”-მა უცაბედად უღალატოს წლების განმავლობაში მიჩვეულ ერთ ბრენდს, იმის გამო, რომ მეორის ახალი ფუნქცია მოსწონს. თავის მხრივ, კომპანიებისთვისაც , „Z” თაობის, როგორც ერთგული მომხმარებლების, შენარჩუნება ყველაზე რთულია.
ინტერვიუები დასრულდა, მაგრამ არცერთი შეხვედრიდან არ წამოვსულვარ ახალი აღმოჩენით აღფრთოვანებული. არადა, გული მიგრძნობდა, რომ არსებობდა რაღაც ისეთი, რაც ჩემი და „ჩემნაირების“ ქმედებებს თუნდაც შეუმჩნეველ ლაიტმოტივად გასდევს. უკვე ვიცოდი, რომ დასმულ კითხვებზე პასუხებში ეს საიდუმლო ინფორმაცია არ იმალებოდა, ამიტომ გადავწყვიტე გამეხსენებინა ინტერვიუები და საკუთარი თავის რესპოდენტთან კომუნიკაციას მესამე თვალით დაკვირვებოდი. აღმოსაჩენიც თავადვე აღმოჩნდა.
ყველა რესპოდენტი თავის თავს „ფუთავდა“ და სასურველი სახით წარმოჩენდა, თანაც საკმაოდ ოსტატურად. ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ნამდვილად ისეთები იყვნენ, როგორებადაც სურდათ მე აღმექვა ისინი. ჩვენ, „Z”-ები „self branding”-ის მასტერები ვართ და ამაში ალბათ ვერცერთი თაობა გვაჯობებს. თუმცა, როგორც კი ჩნდება ჩაკეტილი სივრცე, ყოველთვის იწყება მისი გამხსნელი “თულების” შექმნაც. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჰაკერები ყოველთვის იარსებებენ, მაგრამ ჩვენში უცნაური ისაა, რომ ყოველი ჩვენგანი ფეისბუქის შემქმნელიცაა და ჰაკერიც. ჩვენ საკუთარი თავების შეფუთვაში იმდენად „დავსპეცდით“, რომ ამ შეფუთვის გახსნის შესაბამისი მექანიზმებიც გვაქვს.
ინტერვიუზე ვიჯექი, მათ ოსტატობას ვაფასებდი და თან ვგრძნობდი, რა იყო ტყუილი და რა სიმართლე. ხანდახან, მეც „ვიოსტატებდი“ ხოლმე და ალბათ ისინიც ჩემსავით აფასებდნენ და გრძნობდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც ვაგრძელებდით ფუთვისა და გახსნის დაუსრულებელ თამაშს.

#გამარჯობა. მე სამყაროს ახალი საჩუქარი, „generation Z” ვარ, მუდმივად ლამაზი ლენტებით ვიფუთები და ვიხსნები და ისე მიყვარს ცხოვრებით ჩუმი, ფრთხილი თამაში, როგორც არასდროს არავის.
P.S. “X”…”Y”…”Z”- უკვე ანბანის ბოლოში გავედით, მომდვნო ასო კი აღარ დარჩა ახლი #გამარჯობის სათქმელად. ანბანური განზომილება უკვე ამოიწურა. ახლა კი საინტერესოა, რა სახელი ერქმევათ მომდევნოებს „XYZ”, “124“ თუ “R423”, ვინ იქნებიან ეს უცნაური კომბინაციები და საერთოდ ექნებათ თუ არა კავშირი ექნებათ მათ ჩვენთან, ადამიანებთან.
ავტორი: ქეთი რაზმაძე












