„აქსელი“ — ასე ჰქვია საქართველოს ე. წ. ანგელოზი ინვესტორების ქსელს, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ შეიქმნა, ადრეულ ეტაპზე მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტიციების განხორციელების მიზნით. ამ დროისათვის ორგანიზაცია 60-ზე მეტ ინვესტორს აერთიანებს და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში სტარტაპებთან 4 გარიგების დახურვა გახდა შესაძლებელი, რაც საკმაოდ კარგი რიცხვია ასეთ მოკლე ვადაში — რომ აღარაფერი ვთქვათ ორ მიმდინარე საინვესტიციო პროცესზე. წლის ბოლოსთვის კი ქართულ ტექნოლოგიურ სტარტაპებში აქსელის წევრების მიერ ინვესტირებული თანხა, წინასწარი შეფასებით, ნახევარ მილიონ დოლარს მიაღწევს.
უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გადავწყვიტეთ, გავსაუბრებოდით: აქსელის თანადამფუძნებელ გური ქოიავას, აქსელის წევრ ანგელოზ ინვესტორ ბაჩო ხაჩიძეს და მახო ქიტუაშვილს, სტარტაპ Omofox-ის თანადამფუძნებელს, რომელმაც აქსელისგან ინვესტიცია მოიპოვა.
M: გური, რა უპირატესობები აქვს აქსელის წევრების ინვესტიციის მოპოვებას სტარტაპებისთვის?
გური ქოიავა: რეალურად, სტარტაპ ეკოსისტემაში ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენდა, რომ ე. წ. „ჭკვიანი ფული“ (smart money) არ იყო ხელმისაწვდომი. ჩვენმა ორგანიზაციამ კი სწორედ „ჭკვიანი ფულის“ კაპიტალის შესაძლებლობა გააჩინა სტარტაპებში. თავად სტრუქტურა საკმაოდ სიღრმისეულია, ინვესტიცია ხორციელდება როგორც ინდივიდუალურად, ისე — სინდიკატირებულად. ეს უკანასკნელი კი ასეთ რაღაცას გულისხმობს: ვთქვათ, სტარტაპს 100 000 დოლარი სჭირდება; სინდიკატირებული ინვესტირება ხდება, მაგალითად, 10 ინვესტორის მიერ — მათგან ერთ-ერთმა შესაძლოა — 50 000, მეორემ — 10 000, ხოლო დანარჩენებმა ჯამში 40 000 დოლარი შეაგროვონ. მთლიანობაში, ორგანიზაციაში არსებული ყველა წესი სტარტაპებზეა მორგებული… ანუ, პირობითად, ინვესტიციას „40%-ის სანაცვლოდ“ კი არ ვდებთ, არამედ 0.05%-ს ვყიდულობთ 100 000 დოლარად, თუკი სტარტაპის ღირებულება 2 მილიონი დოლარია.
M: სტარტაპების სარგებელი გასაგებია, მაგრამ თავად ორგანიზაცია რა დადებით შედეგებს იღებთ?
გური ქოიავა: ანგელოზ ინვესტორებს, როგორც წესი, მხოლოდ ფინანსური სარგებლის მიღება არ აინტერესებთ. პირადი ინტერესი, ქვეყნის განვითარებაში წვლილის შეტანადა ინოვაციური კომპანიის ნაწილად ყოფნის სიამოვნება არის მხოლოდ რამდენიმე მიზეზი, რომელთა გამოც ადამიანები ირჩევენ, გახდნენ ანგელოზი ინვესტორები. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია, მნიშვნელოვანი როლი შევასრულოთ წარმატებული ტექნოლოგიური სტარტაპების ქვეყნების რუკაზე საქართველოს დამატებაში.
გარდა ამისა, აქსელი არის EBAN-ის, ადრეული ეტაპის ინვესტორთა ევროპის წამყვანი ქსელის წევრი. შესაბამისად, ჩვენი ორგანიზაციის წევრებს უფასო წვდომა აქვთ ყველა უპირატესობაზე: EBAN TV, EBAN Academy, ქსელის ღონისძიებები, Knowledge Center და EBAN ვებინარები.
მთლიანობაში, ჩვენი მიზანია, ანგელოზ ინვესტირების და ე. წ. “giving back” (საზოგადოებისა და ქვეყნისადმი უკუკონტრიბუციის) კულტურა დავნერგოთ. ეს მომგებიანია როგორც სტარტაპებისთვის, ისე ინვესტორებისთვის მოგების ზრდისა და პორტფელის გამრავალფეროვნებისთვის. რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს ზარალის რისკი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ინვესტირებაში.
M: თავად პროცესი და ორგანიზაციის სტრუქტურა უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, როგორ მოდის სტარტაპი თქვენამდე? ან ინვესტორი როგორ ხდება აქსელის წევრი?
გური ქოიავა: საკმაოდ მარტივი და ინფორმაციული ვებგვერდი გვაქვს, რომელზეც სტარტაპები და ინვესტორები შესაბამისად ავსებენ განაცხადს: Apply to pitch და Become a member-ის ფუნქციონალებით. შემდეგ საინტერესო განმცხადებლებს ვუკავშირდებით და ვიწვევთონლაინ ინტერვიუზე, სადაც თემატური კითხვებია როგორც პოტენციური ინვესტორებისთვის, ისე სტარტაპებისთვის.
ამასთან, ჩვენი პლატფორმა თვეში ერთხელ — დახურულ ფიზიკურ, ხოლო გაცილებით ხშირად ონლაინ შეხვედრებს მოიცავს. წელიწადში მინიმუმ ორჯერ კი საერთაშორისო სამიტს ვაწყობთ და ვმასპინძლობთ ანგელოზ ინვესტორებს ლატვიიდან, ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, ფინეთიდან, დანიიდან და ნორვეგიიდან. გასული წლის სამიტებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია — კერძოდ, ფაქტობრივი უცხოური ინვესტიციები მოიზიდა ქართულ სტარტაპებში.
M: ბაჩო, როგორც ანგელოზ ინვესტორს, ყველაზე მეტად რა გიზიდავს სტარტაპებში ინვესტირებისას? და რას აქცევ ყველაზე დიდ ყურადღებას, როდესაც ინვესტიციის ჩადების გადაწყვეტილებას იღებ?
ბაჩო ხაჩიძე: პირველ რიგში, რაც ამ საქმეში მიზიდავს, ის არის, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი სტარტაპია, რომელთანაც თანამშრომლობა მესიამოვნებოდა. ხშირად სტარტაპებს პრობლემის საოცრად ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტა აქვთ და მინდა, თავადაც ვიყო ამის ნაწილი. მეორე — მსურს, ჩემი გამოცდილება და ცოდნა გავუზიარო სხვებს. ეს გამოცდილება კი ექვს ისეთ შემთხვევას მოიცავს, როდესაც სტარტაპი ე. წ. “good company”-ის სტადიამდე მივიყვანე ანუ ბიზნესმა სვლა განაგრძო და მდგრად კომპანიად ჩამოყალიბდა.
რაც შეეხება იმას, თუ რის მიხედვით ვდებ სტარტაპში ინვესტიციას, არ არსებობს ერთი, ოთხი ან ათი კრიტერიუმი, რომელსაც სტარტაპი უნდა აკმაყოფილებდეს. თუმცა ყურადღებას ვაქცევ, თუ რამდენად გააზრებული აქვთ კონკრეტული პრობლემა და რამდენად სწორად და კარგად აქვთ გადაწყვეტის გზა შემუშავებული. ასევე, გუნდის ყველა წევრს გააზრებული უნდა ჰქონდეს სტარტაპის არსი, რადგან თუ ახალგაზრდა ანტერპრენერმა ზუსტად იცის, როგორ აგვარებს პრობლემას, ესე იგი რაღაც კარგს აკეთებს.
ახლა კი საკუთარ გამოცდილებას სტარტაპ OMOFOX-ის თანადამფუძნებელი მახო ქიტუაშვილი გვიზიარებს, რომელმაც სწორედ აქსელის მეშვეობით მოიპოვა ინვესტიცია. ეს არის ციფრული ტვირთის ექსპედიტორი, რომელიც ტვირთის გადაზიდვის სრული პროცესის პროვაიდერია და ამავდროულად, არსებულ პროცესში წარმოქმნილ ინფორმაციას აციფრულებს OMOFOX-ის პლატფორმაზე, რაც მომხმარებელს ტვირთის გადაზიდვის პროცესში სრულ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას აძლევს. მაგალითად: ტვირთის ადგილმდებარეობა, გადაზიდვის სტატუსები, დოკუმენტები, მონაწილე მხარეები და სხვა.
M: თქვენი გამოცდილებით, რა უპირატესობები აქვს აქსელის ანგელოზი ინვესტორებისგან ინვესტიციის მიღებას?
მახო ქიტუაშვილი: OMOFOX-ის გუნდი ინვესტიციის მოპოვებას არ უყურებს, როგორც მხოლოდ ფინანსურ წარმატებას, არამედ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ჩვენს ინვესტორებს კარგად ჰქონდეთ გააზრებული, ვინ ვართ და რა არის ჩვენი სამომავლო მიზნები, რათა შევძლოთ არა მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერის მოპოვება მათგან, არამედ ღირებული რჩევების მიღებაც. ამ შემთხვევაში კი, ვფიქრობთ, აქსელის ანგელოზი ინვესტორები იზიარებენ ჩვენს ხედვებს, რადგან ვიცით, რომ ჩვენ გვერდით განვითარების გზაზე დგანან ადამიანები, რომელთაც სჯერათ ჩვენი წარმატების.
M: რას ურჩევდით სხვა სტარტაპებს თქვენი გამოცდილებით, რა უნდა გაითვალისწინონ, როცა აქსელის განაცხადს ავსებენ?
მახო ქიტუაშვილი: სტარტაპებს ვურჩევდით, რომ ეცადონ, სწორად განსაზღვრონ თავიანთი შესაძლებლობები, დაისახონ მაქსიმალურად რეალისტური მიზნები და ზუსტად იცოდნენ, რა სახის ინვესტიციის მოზიდვა რა ტიპის განვითარებისთვის იქნება მათთვის საჭირო ზრდის სხვადასხვა ეტაპზე. ინვესტორებთან ურთიერთობისას სტარტაპებმა უნდა შეძლონ, როგორც საკუთარი ინტერესების დაცვა, ასევე, ინვესტორებისთვის თავიანთი ხედვის ისე გაზიარება, რომ მაქსიმალურად წარმოჩინდეს პროექტის ღირებულება.