მომავალ წელს, დედაქალაქის მერია, თბილისში 500-ზე მეტი ავტობუსის შემოყვანას გეგმავს. „ბიზნეს მედია ჯორჯიას“ ცნობით, თბილისის მერი კახა კალაძე პოლონეთში, კომპანია MAN-ის ქარხანაში იმყოფებოდა, მან ქარხნის ავტოპარკი დაათვალიერა და ქართველ საზოგადოებას მოუწოდა, ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში ჩაერთონ. სააგენტოს ინფორმაციით, თბილისის მერმა ავტობუსების სავარაუდო ფერებზეც ისაუბრა:
რადგან მწვანე პოლიტიკა და ეკოლოგია ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მწვანე ფერის იყოს. შეიძლება იყოს ორ ფერშიც, არ არის გამორიცხული. ამ ყველაფერზე ერთად ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება მივიღოთ. არ არის გამორიცხული, პროცესში ქართველი დიზაინერებიც ჩავრთოთ, რომ თბილისს ბრენდირებული ავტობუსები ჰყავდეს. ჩვენი ქალაქი და მოსახლეობა იმსახურებს, რომ ავტობუსები, რომელსაც უახლოეს მომავალში შევიძენთ, განსხვავებული იყოს, – კახა კალაძე.











