თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე „Axis Towers-ს“ უკვე თამამად შეიძლება ეწოდოს დედაქალაქის მიზიდულობის ახალი ცენტრი. გარდა იმისა, რომ „Axis Towers-ის“ 5-ვე მიმართულება უკვე აქტიურად იღებს სტუმრებს, ქალაქში ჯერ კიდევ განხილვის საგანია ტყუპი ცათამბჯენის გახსნის გრანდიოზული ცერემონია.
გახსნის ცერემონიის კონცეფციის ავტორი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.
„დახვეწილი, ელეგანტური და ამავდროულად გრანდიოზული ქართული პროექტი“, – ასე აფასებს რეჟისორი „Axis Towers“-ს და ცერემონიის შინაარსისა და დატვირთვის შესახებ საუბრობს.
„Axis Towers-ი“ არის დახვეწილი, ელეგანტური, ნატიფი და ამავდროულად გრანდიოზული ქართული პროექტი. გახსნის ცერემონიაც, რა თქმა უნდა, შესაბამის სტილში უნდა გადაწყვეტილიყო. ყოველთვის რთულია ოქროს შუალედის დაჭერა დახვეწილსა და მასშტაბურს შორის. ეს არის მულტინაციონალური კომპლექსი, შესაბამისად, ყველა სხვადასხვა ლოკაციაზე განსხვავებული სანახაობა უნდა დადგმულიყო. პირველი რაც გკარნახობს იდეას, არის „Axis Towers-ის“ ფერები – შავი და თეთრი, რაც ალბათ საერთოდ მთავარია ფილოსოფიურადაც. და, რაც მთავარია, ყველაფერს ხომ ადამიანები ქმნიან. ჩვენთვის დიდი სიამოვნება იყო „Axis Towers-ის“ ამ არაჩვეულებრივ, საინტერესო და პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობა.
პ.ს. ადრე ძალიან მომწონდა „Axis Towers-ი“ ახლა კი მიყვარს“, – ამბობს ბასა ფოცხიშვილი.
„Axis Towers-ის“ გახნის ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართული ბიზნეს ვაგამოფენა გახლდათ.
გამოფენის იდეა გახლდათ, ხაზგასმულიყო ქართული ბიზნესის წარმომადგენლების ღვაწლი და მნიშვნელობა ქვეყნის ცხოვრებაში. იქნება ეს დოვლათის შექმნა, სამუშაო ადგილები, ინოვაციების დანერგვა და ქვეყნის განვითარების ხელშეწყობა.
გამოფენაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, საგამოფენო ბილბორდებზე კიდევ ერთხელ გასცნობოდნენ პატარა დეტალებს სწორედ ასეთი დიდი ადამიანების შესახებ. საუბარია იმ ინფორმაციაზე, რომელიც მშრალი ბიოგრაფიული ცნობების მიღმა იმალება და ხშირად ყველაზე უფრო საინტერესოა.
ქართული ბიზნეს გამოფენის შესახებ „Axis Towers-ის“ ხელოვნების მიმართულების მრჩეველი თეა გოგუაძე საუბრობს. როგორც ის აღნიშნავს, მნივნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც გარდა იმისა, რომ ბიზნესით იყვნენ დაკავებული, საქართველოში თუ საზღვრებს გარეთ ყოველთვის საქვეყნო საქმეს აკეთებდნენ.
„უკანასკნელი 200-წლიანი ისტორიის განმავლობაში ჩვენ განებივრებულნი ვიყავით ძალიან საინტერესო ადამიანებით, რომლებიც ბიზნესს აწარმოებდნენ, თუმცა კომუნისტურ ეპოქაში ბიზნესისადმი აღქმა შეიცვალა. ამის გამო, პოსტსაბჭოთა სივრცეში და მათ შორის, საქართველოშიც ბიზნესის შესახებ ორგვარი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ხანდახან ვფიქრობთ და გვესმის კიდეც, რომ ბიზნესი შესაძლოა, ძალიან კარგი იყოს, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ვერ ვხვდებით, რას ნიშნავს.
დავით სარაჯიშვილის შესახებ, კონიაკის წყალობით, ბევრმა ადამიანმა იცის. როცა მასზე ვსაუბრობთ, გვახსენდება მწერალთა სახლი, რომელიც თავდაპირველად სარაჯიშვილის სახლი იყო. ასევე, ხშირად ვსაუბრობთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც სარაჯიშვილს დიდ ბიზნესმენად წარმოაჩენს, თუმცა ძალიან ცოტამ თუ იცის იმის შესახებ, რომ სწორედ სარაჯიშვილი იყო პირველი, ვინც გადაჭარბებული 9-10-საათიანი სამუშაო დროის ნაცვლად, 8-საათიანი სამუშაო დრო დააწესა; სწორედ სარაჯიშვილმა შექმნა უფასო სასადილოები და ბიბლიოთეკები მუშახელისთვის; სწორედ მან შემოიტანა ანაზღაურებადი შვებულება.იმ დროს, სოციალური გადმოსახედიდან, ეს რევოლუციური ნაბიჯები იყო“, – ამბობს თეა გოგუაძე.
თეა გოგუაძე აღნიშნავს, რომ ასეთი ბიზნესმენები ქმნიდნენ ქართული ბიზნესის ისტორიას და ამავდროულად, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს უყრიდნენ საფუძველს.
„ასეთი ადამიანები ქმნიდნენ იმ გარემოს, რომელშიც ჯანსაღი კონკურენცია ადამიანების ღირსების დაცვის ფონზე მიმდინარეობდა. ეს იყო ბიზნესი არა მხოლოდ ბიზნესისთვის, არამედ საზოგადოებისთვის. მათი სურდათ, რომ საზოგადოება შემდგარიყო და თავი ჯანმრთელად, ბედნიერად ეგრძნო.
ამ ღირებულებების უბრწყინვალესი მაგალითია ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, რომლის შესახებაც ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცის. სწორედ გრიგოლ კობახიძეა საახალწლო განწყობის მთავარი და პირველი სულისჩამდგმელი. მან შექმნა საახალწლო განათება და მინის გირლანდა, რომლის გარეშეც დღეს საახალწლო ნაძვის ხე არ არსებობს. ამასთან ერთად, ის იყო ძალიან დიდი ქველმოქმედი და მთელი ცხოვრების განმავლობაში ზრუნავდა რაჭის იმ პატარა სოფელზე, სადაც დაიბადა და იზრდებოდა. ამ ღირებულებების ნათელი მაგალითია, ასევე, პრინცი გიორგი მაჩაბელი, რომელმაც აშშ-ში პარფიუმერიის პირველი წარმოება შექმნა. უნიკალური, გამჭვირვალე მინის ფლაკონი, რომელშიც შემდგომში პრინცი მაჩაბლის სუნამოები იყო მოთავსებული, ჯორჯ კობის მინის ქარხანაში დამზადდა.
ასე რომ, სულერთია, სად მოღვაწეობდნენ – საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ეს ადამიანები ყველგან ჩვენი ქვეყნის საქმეს აკეთებდნენ“, – აცხადებს თეა გოგუაძე.
გარდა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება, ვამაყობდეთ თითოეული ქართველით, რომელმაც რაღაც ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი რამ შესძინა სამყაროს, ამ გამოფენით, „Axis Towers-ის“ გუნდს სურს, ხაზი გაუსვას იმ მნიშვნელოვან ფაქტორს, რომ ბიზნესმენები შრომობენ არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც სამუშაო ადგილებს ქმნიან და იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც ისინი მოღვაწეობენ.
ამ ფაქტორს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „Axis Towers-ისთვის“, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის (WTC) სახელს ატარებს.
„Axis Towers-ი“ სწორედ იმ ღირებულებებზე დგას, რომლებსაც ეს ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდნენ და ამკვიდრებდნენ საზოგადოებაში. ასე ესმის „Axis Towes-ს“ ბიზნესი”, – აცხადებს თეა გოგუაძე.
აღსანიშნავია, რომ გამოფენას რეგულარული სახე ექნება. გარდა ამისა, ამ დიდი ბიზნესმენების სახელები „Axis Towers-ის“ შეხვედრების ოთახებს დაერქმევა.