30
Oct
2017

აქსოლოტლი – სტარტაპი, რომელიც ქართველი მკითხველის წიგნიერების ამაღლებისთვის შეიქმნა

30 Oct 2017

Startauperi
Startauperi


აქსოლოტლი მექსიკური “მოსიარულე თევზია”, რომელსაც მექსიკურ სალამანდრადაც მოიხსენიებენ, თუმცა ამავე სახელწოდების ქართული სტარტაპი, რომელიც წიგნის მოყვარულებისთვის ქმნის და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაზე მუშაობს, ხულიო კორტასარის ნაწარმოების “აქსოლოტლი” ინსპირაციით შეიქმნა. აქსოლოტლი მკითხველებს, აქსესუარების გარდა, წიგნებთან დაკავშირებულ რჩევებსაც უზიარებს და როგორც მისმა შემქმნელებმა გვითხრეს, წიგნიერების ამაღლებაზე ზრუნავს. ჩვენს კითხვებს შოთა ვაშაძემ უპასუხა.

M: რა არის აქსოლოტლი და რისთვის შეიქმნა?

პროექტი ,,აქსოლოტლი’’ უკვე ორი წელია არსებობს და სოციალურ ქსელში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. პროექტის მთავარი მიზანი საქართველოში წიგნიერების დონის ამაღლებაა. შესაბამისად, აქსოლოტლის გუნდი მუდმივად თავაზობს თავის მომხმარებელს საინტერესო ილუსტრაციებს სხვადასხვა წიგნებიდან.

სახელი „აქსოლოტლი“ უკავშირდება ხულიო კორტასარის მოთხრობას. აღნიშნულ მოთხრობაში აქსოლოტლი გონიერი არსებაა, რომელსაც მისჯილი აქვს ცხოვრება უგუნურთა შორის. რეალურ ცხოვრებაში კი აქსოლოტლი ამფიბიაა, რომელიც სალამანდრას ამბისტომის ლავრას მიეკუთვნება და დღეისათვის გადაშენების პირას იმყოფება.

M: წიგნიერების ამაღლება კომერციული შინაარსის პროდუქტთან როგორ დააკავშირეთ?

პროდუქტის შექმნა გადავწყვიტეთ მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე. ხშირად გვთხვოვდენ კონკრეტულ ილუსტრაციებზე – რომ დაგვეტანა ჩანთაზე ან რაიმე სხვა აქსესუარზე, რომელსაც დიდი სიამოვნებით ატარებდნენ. შესაბამისად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ამ კუთხითაც შეგვექმნა კომფორტი.

M: რა არის თქვენი პროდუქტი და ვინ არის თქვენი მომხმარებელი?

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ხანია, რაც პროდუქტის შექმნა დავიწყეთ, უკვე გვაქვს:  ნაჭრის ჩანთები; წელის ჩანთები; პენლები; სტიკერები; წიგნის სანიშნეები და გაკვეთილის ცხრილები. ვმუშაობთ ახალ პროდუქტებზე, რომელსაც  მომხმარებელს 9 ნოემბრიდან ექსპო ჯორჯიაში – წიგნების დღეებზე წარვუდგენთ და ასევე, ძალიან ბევრ სიურპრიზი ელოდებათ საახალწლოდ.

ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ლიტერატურისა და კითხვის მოყვარულები არიან. თუმცა, ძალიან აქტიურად გვწერენ ,,დამწყებები’’, რომლებსაც სურთ რომ ვურჩიოთ ხოლმე წიგნები, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

M: რომელ საკომუნიკაციო არხებს, რა მიდგომებს იყენებთ მომხმარებლის მოსაზიდად?

გვაქვს Facebook გვერდი, სადაც ვანთავსებთ ჩვენს ილუსტრაციებს. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი იყოს ქართული. ვცდილობთ მეტი ილუსტრაცია და პროდუქტი შევქმნათ ქართული ნაწარმოებების მიხედვით და ვთვლით, რომ ყველაზე მეტად მომხმარებელსაც ეს მოსწონს ჩვენში.

განხილვა