27
Oct
2017

ბავშვობის ჰობი, რომელიც ძირითად საქმიანობად იქცა – Ayana Accessories შექმნის ისტორია

27 Oct 2017

Startauperi
Startauperi


ბავშვობისას ხელსაქმე და სხვადასხვა სამკაულის შექმნა ბევრი ადამიანის ჰობია, თუმცა, ასაკის მატებასთან ერთად, ამ სახის საქმიანობებს სხვა საჭიროებები ანაცვლებენ. ახალბედა ბიზნესის Ayana Accessories შემქმნელის – ანა ჯმუხაძის შემთხვევაში სხვაგვარად მოხდა, დღეს ის საკუთარი ნამუშევრების რეალიზებას ეწევა და იღებს ინდივიდუალურ შეკვეთებსაც, მომხმარებელთა სურვილისა და გემოვნების გათვალისწინებით. როგორი იყო ახალგაზრდა შემოქმედის გზა Ayana Accessories-ის სამკაულების ბრენდის შექმნამდე – ამაზე აქსესუარების ავტორი თვითონ გვესაუბრა:

M: როგორ აქციეთ საყურეების შექმნის ჰობი ძირითად საქმიანობად?
ბავშვობიდან მიყვარდა სამკაულების შექმნა სხვადასხვა ნივთებისგან: ხან ღილებისაგან ვუკეთებდი სამაჯურებს ჩემს მეგობრებს, ხან ელვა შესაკრავებით ყელსაბამს, ხან ძაფებით თუ ტყავით საყურეებს და ისინი ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევდნენ, რადგან სამკაულის გადაკეთებისა თუ ახალი იდეის განხორციელების საჭიროების შემთხვევაში, მაკითხავდნენ და ერთად ვმუშაობდით. მათი ინიცირებული იყო ამ საქმიანობის ფართო მასშტაბებზე გავრცელებაც და სულ მეუბნებოდნენ, რომ ასეთი ინდივიდუალური დიზაინის და ულამაზესი სამკაულები სხვებსაც უნდა ჰქონოდათ და მე ეს ბიზნესად უნდა მექცია, თუმცა, არასერიოზულად აღვიქვამდი ამ ნათქვამს და ჰობი ჰობად რჩებოდა. ერთ-ერთმა მეგობარ,მა ჩემი გვერდის ავლით და სრულიად დაუკითხავად! მისთვის და ჩემთვის გაკეთებული საყურეები გამიყიდა და „მომადგა“ ახალი შეკვეთებით, რომელიც უნდა გამეკეთებინა. მაშინ ეს სრულიად დაუჯერებელი იყო, თუმცა, შემდეგ, ერთად გავაკეთეთ ბრენდინგი, ლოგო, Facebook გვერდი. შემდეგ იყო სამკაულების კეთება, განვითარება, დახვეწა და წინსვლა. ფაქტობრივად, ლიკა ბერუაშვილმა მაიძულა გავმხდარიყავი Ayana Accessories.

M: სად და რა ფასად შეიძლება თქვენი ნაწარმის შეძენა? 
დღეისათვის, ჩემი სამკაულების შეძენა შესაძლებელია Facebook გვერდის მეშვეობით. მომხმარებელთან პირად მიმოწერაში ვთანხმდები სამკაულის ფერზე, ფორმაზე, მოდელზე, თუმცა, შესაძლებელია ნებისმიერი ადმიანისათვის სასურველი ესკიზის შექმნა. ვახორციელებ ნებისმიერ იდეას, რაც შეიძლება ადამიანს მოაფიქრდეს. სამკაულის ფასები, მისი შექმნის სირთულიდან გამომდინარე, მერყეობს 20-დან 60 ლარამდე.

M: რა მასალას იყენებთ სამკაულების შესაქმნელად და როგორია მათი შექმნის პროცესი?
ამჟამად, ვიყენებ სხვადასხვა სახეობის მასალას, რომლის დიდ ნაწილს ვიწერ სხვადასხვა საიტებიდან, ასევე, ვპოულობ ადგილობრივ ბაზარზე. ძირითადად, ჩემს ნამუშევრებში გამოყენებულია: სუტაჟი, შუშა, სხვადასხვა ტიპის თვლები, სვაროვსკის კრისტალები, ტყავი, ღილები, ელვა და ა. შ. შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია, დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს, თუმცა, თუ საქმე გიყვარს და ჰობია, აუცილებლად ძალიან დიდ სიამოვნებას იღებ შექმნის პროცესში. ასეა ჩემ შემთხვევაშიც.

M: თუ გეგმავთ სხვა ტიპის აქსესუარების დამატებას?
სამომავლოდ, ძალიან ბევრი ახალი იდეა მაქვს განსახორციელებლი და ჩემს ერთგულ მომხმარებელს ბევრ ძალიან დახვეწილ და გემოვნებიან ნაკეთობას შევთავაზებ.

განხილვა