in

„როდესაც ჩაის სვამ, ჭიქებს არ ითვლი”, – აზერბაიჯანული ჩაის კულტურა

ვინც აზერბაიჯანში ნამყოფია, დაგვეთანხმება, რომ ამ ხალხს ჩაი განსაკუთრებით უყვარს. სასტუმროებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში დგას დიდი ჭურჭელი, რომელშიც მუდმივად ცხელ-ცხელი ჩაი ასხია და შეგიძლიათ, ვიწრო, მინის ჭიქაში ჩამოისხათ. თუ სიტკბოს მოყვარული ბრძანდებით, იქვე დაინახავთ კანფეტებივით შეფუთულ შაქრის ნატეხებს და მთავარია, იცოდეთ, როგორ უნდა გააზავოთ ჩაი წყალთან ერთად, რომ არც ძალიან მუქი და არც სუსტი გამოვიდეს, გემო კი ნამდვილი აზერბაიჯანული ჩაისა ჰქონდეს. 

აქ ჩაის დასალევად რამე განსაკუთრებული მიზეზი არ არსებობს. როცა დაღლილი ხართ შუა სამუშაო დღეს, როცა ცუდ განწყობაზე ხართ, როცა გაბრაზებული ხართ ვინმეზე ან რამეზე – აზერბაიჯანელები გულის გადასაყოლებლად და ყურადღების გადასატანად ჩაის შემოგთავაზებენ. ამ ქვეყანაში ჩაის ყველა ბავშვობიდან სვამს. თუკი ოჯახების ყოველდღიურობაში შეიხედავთ, ნახავთ, რომ დედები ბავშვებს საუზმეზე უწყობენ ჩაისა და ცნობილ აზერბაიჯანულ დესერტს – ფენებიან, მარილიან ფუნთუშას, რომელიც ტკბილ სასმელთან ერთად კიდევ უფრო გემრიელია. საიტერესო ფაქტია ისიც, რომ ტკბილ ჩაის აზერბაიჯანელები მხოლოდ დილით მიირთმევენ. დღის სხვა მონაკვეთში კი უფრო ძლიერ ვარიანტს ანიჭებენ უპირატესობას.

აზერბაიჯანული ჩაი იზრდება ქვეყნის სამხრეთით, თალიშის მთებს შორის პლანტაციებზე. ამ ფოთლოვანი მცენარის დაახლოებით 90 პროცენტი მოდის ქალაქ ლანკარანში, რომელიც მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ საზღვართან ირანთან. 

კოფეინით მდიდარი ბუნებრივი ენერგეტიკული სასმელი თავისთავად საკმაოდ არომატულია, მაგრამ მას ხშირად ამზადებენ დანამატებით. ეს შეიძლება იყოს ლიმონი ან ვარდის წყალი, თუმცა განსხვავებით ბრიტანელებისგან, რძეს არ იყენებენ. ბოლო წლებში აქ საკმაოდ პოპულარული გახდა პიტნის, ბერგამოტის, ჟასმინისა და მწვანე ჩაი. იმის მიუხედავად, რომ ბაქოში ბევრი ჩაის სახლიცაა, არ არის აუცილებელი მაინცდამაინც მას ესტუმროთ, რომ აქ ნამდვილი და გემრიელი ჩაი მიირთვათ. ხშირად თავად ტურისტულ კომპანიებს აქვთ გაწერილი დღის განრიგში, რომ თავიანთი მოგზაურები ლანჩისა და ვახშმის შემდეგ სურნელოვანი ჩაიზე დაპატიჟონ.

ჭურჭელი

აზერბაიჯანში ჩაის დამზადების მთავარი ტექნიკაა წყლის სწორი დუღილი და შესაბამისი ჭურჭლის შერჩევა. როგორც წესი, მას კერამიკულ ან ჩინურ ჭურჭელში ასხამენ, თუმცა აქ ყველაზე გავრცელებული ე.წ. სამოვარია, გახურებული ლითონის კონტეინერი, რომელიც ჩაის არომატს უნიკალურს ხდის. 

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ სამოვარი რუსული ჭურჭელია, თუმცა აზერბაიჯანში არის არქეოლოგიური აღმოჩენები, რომლებიც გვეუბნება, რომ ყველაზე ძველი სამოვარი სწორედ აქ, აზერბაიჯანის მთებშია ნაპოვნი. საინტერესოა ისიც, რომ ხშირად ნახავთ ოჯახებში სამოვარების კოლექციას.

საინტერესო ფაქტები

არსებობს გავრცელებული ლეგენდა, რომ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებიდან მოყოლებული, სამეფო და დიდგვაროვანი ოჯახის წევრები, რომლებსაც მოწამვლის ეშინოდათ, ჩაიში ყოველთვის შაქრის კუბს ყრიდნენ, რათა შეემოწმებინათ, ჯანსაღი იყო ის თუ არა. 

მცენარე აზერბაიჯანში ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე შევიდა, თუმცა თავად ჩაის მოყვანის კულტურა ბევრად უფრო ახალ ისტორიაში იკითხება, კერძოდ, 1912 წლით თარიღდება. 

არსებობს გარკვეული კვლევები, სადაც ნაჩვენებია, რომ აზერბაიჯანში წყალზე მეტ ჩაის სვამენ, ამას კი იმით განმარტავენ, რომ ის უფრო კარგად კლავს წყურვილს. აქ მიიჩნევენ, რომ ამ სასმელს შეუძლია ახალგაზრდობის შენარჩუნება, ორგანიზმს კი დაბინძურებისგან იცავს.

ძველად ჩაიხანა ერთგვარი პოლიტიკური ცენტრი იყო, სადაც იკრიბებოდნენ პოლიტიკოსები და საჭირბოროტო თემებს განიხილავდნენ ჭიქა ჩაისთან ერთად. დღეს ჩაიხანაში ნებისმიერ ადამიანს შეხვდებით, რომლებსაც უბრალოდ ურთიერთობა სურთ ამ შესანიშნავი სასმლის თანხლებით.

აზერბაიჯანელებისთვის ჩაი სითბოსთან ასოცირდება. აქაური სტუმართმოყვარეობის ტრადიცია ამბობს, რომ სტუმრის სახლიდან გაშვება ჩაის შეთავაზების გარეშე სირცხვილია მასპინძლისთვის. 

აზერბაიჯანში, განსაკუთრებით რეგიონებში, დღესაც საკმაოდ გავრცელებულია ე.წ. მაჭანკლობის ინსტიტუტი, რომლის დროსაც ოჯახებს შორის საქორწინო გარიგებები ხდება. ეს შეკრება არაფრით არ ჩაივლის ჩაის გარეშე. მეტიც, ზოგიერთ ოჯახში საპატარძლოს ოჯახი თავად გოგონას სთხოვს, სტუმრების ჩაით გამასპინძლებას, რათა მათ ჰქონდეთ საშუალება, დააკვირდნენ, როგორ დიასახლისობს მომავალი რძალი. უფრო შეძლებულ ოჯახებში ეს მისია მოახლეს აკისრია ხოლმე.

ჩაის აზერბაიჯანში „არმუდუს” ჭიქებით მიირთმევენ, რომელსაც ვიწრო ძირი და გაშლილი პირი აქვს. ამ ჭიქებს თავისებური ახსნა აქვს – ჩაი ძირში ყოველთვის ცხელია, რადგან ძნელად ცივდება, ზემოთ კი დასალევად კარგ ტემპერატურას ინარჩუნებს და ამით ადამიანს დამატებით კომფორტი აქვს.

ისტორიულად, ქალები არ დადიოდნენ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ამიტომ ჩაიხანები ადრე მხოლოდ კაცებისთვის იყო განკუთვნილი. დღეს აზერბაიჯანში ამ ტრადიციას კიდევ იცავენ. ჩაიხანებში ძირითადად ნარდის მოთამაშე კაცებს შეხვდებით, რომლებიც ჩაის მიირთმევენ და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. 

ჩაი და ქორწინება

როგორც უკვე მიხვდით, ამ ქვეყანაში ჩაი საკულტო სასმელია. შესაბამისად, ალბათ ვერ წამოიდგენთ, რომ აქ ქორწილი ჩაის გარეშე ჩატარდება. მას მიირთმევენ როგორც ქორწილამდე ნათესავების შეკრებებისას, ისე უშუალოდ ამ დღესაც. 

საქორწილო ტრადიციების თვალიერებისას ერთ საინტერესო ჩვეულებას მივადეგით. ტკბილი ჩაის ან უშაქრო ჩაის გემო გვიჩვენებს გოგონას მშობლების ქორწინებაზე თანხმობას ან უარყოფას. თუ ქალის მშობლები თანხმდებიან, რომ წყვილი ერთად უნდა იყოს, საუბრის ბოლოს მიირთმევენ ჩაის შაქრით; შაქარი არის მათი შეთანხმების სიმბოლო. უშაქრო ჩაი კი უარყოფის ნიშანია.

აზერბაიჯანელები, ზოგადად, ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია და ამ თვისების გამოვლენას ისინი ადგილზე წარმოებული შავი ჩაის შემოთავაზებით ცდილობენ, როცა მათთან სტუმრად მიდიხართ. ისინი თვლიან, რომ როცა ადამიანი შენთან სტუმრადაა და მასთან ერთად ჩაის მიირთმევ, ეს საუბარსა და კომუნიკაცის უფრო რბილსა და თბილს ხდის. ჩაისთან აზერბაიჯანში ასევე ხშირად ერთად შეგხვდებათ კაკლის, მარწყვისა და გარგრის მურაბები. ასევე არ აქვს მნიშვნელობა, ვინმესთან სტუმრად 5 წუთით მიხვედით თუ 5 დღით, მასპინძელი ვალდებულად მიიჩნევს თავს, რომ ჩაიზე დაგპატიჟოთ.

რუბრიკის წარმდგენია მანნა.

ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი

ქართულმა სტარტაპმა მოდულარული სინთეზატორების ადგილობრივი წარმოება დაიწყო

რეზონანსული მიკროსამყაროები TEAMLAB-ისგან