in

აზიური ფაროსანა – პრობლემა, რომელმაც დასავლეთ საქართველო მოსავლის გარეშე დატოვა!

აზიური ფაროსანა წარმოადგენს კუსებრ ბაღლინჯოს,  რომელიც დაფრინავს და აზიანებს თითქმის ყველა სახის აგროკულტურას – მარცვლოვანს, ხეხილს, ბოსტნეულს და ის სამეგრელოში 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელმა განსაკუთრებულ ზიანი მიაყენა: თხილს, სიმინდს, სოიოს, თუთას და ბოსტნეულს, თუმცა ეს მწერი ყველა ტიპის მცენარეს გარკევულ ზიანს აყენებს და დაავადებების გადამტანია. გამოზამთრების შემდეგ, აპრილის ბოლოდან ფაროსანა იწყებს კვებას. ამავე პერიოდში, ფოთლების ქვედა მხარეს დებს კვერცხებს. 1 ფაროსანა დაახლოებით 200 ცალ ბაღლინჯოს შობს წელიწადში. უნდა აღინიშნოს, რომ გამოზათრებას იოლად ახერხებს, რადგან ცივი ამინდები და ყინვები ვერ აზიანებს მას. ძირითადად, შენობების სახურავებსა და ნაპრალებში იზამთრებს. 2015 წლიდან დღემდე, წელიწადში 200-ჯერ გამრავლებული ფაროსანას პოპულაციამ სამეგრელოში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. 2017 წელს, მღრღნელის მიერ სამეგრელოს რეგიონისთვის მიყენებული ზარალი ოფიციალურად დათვლილი არაა, თუმცა, მარკეტერმა რამდენიმე ადგილობრივ მცხოვრებს სთხოვა, საკუთარ მაგალითზე აეღწერა მდგომარეობა: 

  • „თხილს არც წონა აქვს, რომ დაამტვრევ, გული დამპალი აქვს. 100 ცალი თხილი დავამტვრიეთ, მისგან 4 იყო ვარგისი.”
  • „ვერ შევძელი ასე მეყურებინა, როგორ ეყარა მოსავალი და ვერ ამეღო. მუშახელი დავიქირავე, რადგან მარტო თხილის შეგროვებას ვერ შევძლებდი. თითოეულ დაქირავებულს დღეში 20 ლარი გადავუხადე, ორი დღის განმავლობაში აგროვებდნენ. მათ კვებასა და ანაზღაურებაზე 380-ლარამდე დავხარჯე. 600 კილო გამოვიდა ჩემი მოსავალი. როცა მოვამზადე ჩასაბარებლად და შევამოწმებინე თხილის დამამზადებელს, მითხრა, რომ პატივისცემით, 50 თეთრად ჩაიბარებდა. გამოდის, რომ მოსავლის აღებაში დახარჯული თანხაც არ ამინაზღაურდა.” 
  • „არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვროთ. სიმინდსაც შეესია, თხილის ამბავი უკვე გარკვეული იყო, მაგრამ რაც ნაყოფს ისხამს, ისეთი არაფერი დარჩა, ამ მწერმა რომ არ გააფუჭა, ისეთი. არ ვიცით, პირუტყვი რითი გამოვკვებოთ, ან ჩვენ რა ვჭამოთ. მალე სახლისკენ წამოვლენ. ყოველ ღამით ვხოცავთ და ვწვავთ, მაგრამ ამათ არაფერი ამცირებს. შიმშილობა გველოდება ამ ზამთარს.” 
  • „2-დან 2.5 ტონამდე იყო ჩვენი თხილის მოსავალი. ნიმუშისთვის 50 კილო შევაგროვეთ და წავიღეთ ჩასაბარებლად. 40-თეთრის მეტს ვერ გადაგიხდით კილოშიო. რა აზრი აქვს ასეთი მოსავლის აღებას. მუშების ხარჯსაც ვერ გაისტუმრებს. ყრია ძირს ეს თხილი, ღორები შევუშვით და ისინიც კი არ ჭამენ.” 
  • „თხილის სეზონი საუკეთესო სეზონი იყო ჩემი მაღაზიისთვის. მთელი წლის ნისიები ბრუნდებოდა, კარგი ვაჭრობა იყო, ყველა იწყებდა ზამთრისთვის პროდუქტის დაკონსერვებასა და მომარაგებას. რა გახდა ასეთი ეს მწერი, რომ ვერ გავუმკლავდით და ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდით? რამდენიმე დღის წინ ერთი კაცი მოვიდა, ერთი ტომარა თხილი ჰქონდა. ვერსად ჩააბარა. მე პირადად ამის ნერვები აღარ მაქვს, წინა წლებში თუ ვიბარებდი თხილს, ახლა აღარ ვიბარებ. 40 თეთრადაც არ ჩაუბარეს სხვებმა, იმდენად უხარისხო იყო. ბოლოს მოვიდა და მითხრა – „ამ ერთ ტომარა თხილს დაგიტოვებ და ერთი კოლოფი სიგარეტი მომეციო”. ყველაზე კარგად ალბათ მე ვხედავ რა სიტუაციაა სოფელში. ალბათ მაღაზიას დავხურავ.”
  • „ჩვენი მოსავალი, საშუალოდ, 1 ტონა თხილი იყო. წელს, მიუხედავად ასეთი მდგომარეობისა, მაინც შევაგროვეთ და 150 კილო გამოვიდა. კილოგრამი 1 ლარად ჩავაბარეთ. წინა წლებში, 1 ტონა მოსავლიდან 6000 ლარს თუ ვიღებდით, წელს 150 კილოდან 150 ლარი მივიღეთ”
  • „ჩემს ქუჩაში შემოვიდნენ, პიკაპის ფირმის მანქანით და ფაქტობრივად, ჩვენი ეზოები შეწამლეს და არა ჩვენი თხილის ბაღები, რომლებთანაც სამანქანო გზა არ მიდის და ჰექტარობითაა თითოეული სახლის უკან. არ მგონია შხამს თხილნარამდე მიაღწია”.

აღსანიშნავია, რომ ქართული თხილი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა და წინა წლებში კილოგრამის ფასი 6-დან 12 ლარამდეც კი იყო, ეს იყო კულტურა, რომელზეც იდგა სამეგრელოს ეკონომიკა. მეგრელი გლეხის ძირითადი შემოსავლის წყარო თხილი და სიმინდია. გარდა ფინანსური სარგებლისა, სიმინდი პირუტყვის გამოკვების საშუალებაცაა, მისი მოსავალის რაოდენობა და ვარგისიანობა კი არეგულირებს სამეგრელოს ბაზარზე ხორცისა და რძის პროდუქტების ფასს. ადგილობრივები შიშობენ, რომ შემოსავლის არ ქონას და კრიზისს დაემატება მნიშვნელოვნად გაზრდილი ფასები კვებით პროდუქტებზე. ხვადასხვა კულტურით ნაკვები მწერი, შემოდგომის დადგომასთან ერთად, ადგილობრივების სახლებისკენ დაიძვრება და მათ სხვენებში, კარადებსა და საცავებში დაიდებს ბინას. მეგრელი გლეხის შემოსავალი, რომელსაც ის სახლში დააბინავებს, სიმინდის, თხილისა თუ სხვა ნედლეულის ნაცვლად, აზიური კუსებრი ბაღლინჯო ფაროსანა იქნება.

რა პროგრამა ხორციელდება პასუხისმგებელი უწყებების, კერძოდ, სურსათის უვნებლობის სამსახურის მხრიდან, აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად და რამ გამოიწვია ის, რომ ორი წლის განმავლობაში, საქართველო ვერ გაუმკლავდა დასავლეთ საქართველოსთვის და ზოგადად, მთლიანი ქვეყნის ეკონომიკისთვის, ამდენად ზიანის მომტან მოვლენას? ამ კითხვებით მარკეტერმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელს – ნიკოლოზ მესხს მიმართა: 

ნიკოლოზ მესხი

M: როგორც ვიცით, დასავლეთ საქართველოში 2015 წლიდან გავრცელდა მწერი, როდისთვის დაიგეგმა და განხორციელდა სამუშაოები მასთან საბრძოლველად?
2016 წლიდან გვქონდა ამ მავნებლის მიერ გამოწვეული ზარალი. ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება არ გვქონდა და არც ქართულ სამეცნიერო წრეში არსებობდა ამ მწერთან დაკავშირებული ინფორმაცია. USAID-ის პროექტთან ერთად, მოვიწვიეთ უცხოელი ექსპერტები, ვისაც გამოცდილება ჰქონდა ამ კუთხით. მათ შეისწავლეს სიტუაცია, იმყოფებოდნენ დასავლეთ საქართველოში, სადაც მწერი იყო გავრცელებული და მათთან ერთად დავგეგმეთ ღონისძიებები 2017 წლისთვის. ეს იყო გასული წლის ნოემბერი. ამის შემდეგ, დაიგეგმა ბრძოლის ღონისძიებები და დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 588-ე განკარგულებით. განისაზღვრა ფართობები, რომელზეც ღონისძიების გატარება იყო აუცილებელი და სადაც მავნებელი საშიშროებას წარმოადგენდა. პირველ ეტაპზე, მოხდა თხილის ფართობის დამუშავება 53 000 ჰექტარზე.

M: ორი წლის განმავლობაში, როცა წელიწადში, თითოეული ფაროსანა ორასჯერ მრავლდება და თითოეულ მათგანს 20 000 შთამომავლის მოცემა შეუძლია, პოპულაციის ზრდის რისკის შესახებ ინფორმაცია გქონდათ და მასთან ბრძოლა 2017 წელს დაიწყეთ?
ჩვენ ამაზე გვქონდა ინფორმაცია. მავნებელი იძლევა ორ თაობას, დებს ორას კვერცხს. ერთ მდედრ მწერს, სეზონის განმავლობაში შეუძლია მოგვცეს 20 000-მდე ინდივიდი. ერთი მავნებლის მოკვლაც კი ძალიან დიდი შედეგია. ღონისძიებების დაგეგმვა მოხდა თხილში. პრეპარატის შერჩევისას გაკეთდა ლაბორატორიული კვლევა, თუ როგორ მოქმედებდა პესტიციდი მავნებელზე. ყველაზე ეფექტური, მსოფლიოში, ამ მავნებელთან საბრძოლველად არის დიფენტრინის შემცველი პრეპარატი. გატარებული ღონისძიებების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მისი რიცხოვნობა თხილში, მაგრამ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს მავნებელი არის პოლიფაგი, რაც ნიშნავს, რომ ბევრი სახეობის მცენარით შეუძლია იკვებოს (300-მდე მცენარე) და მას შეუძლია 20 კილომეტრამდე მანძილის გაფრენა დღეში. ამიტომ, ასეთ შემჭიდროვებულ ვადებში ყველაფრის დამუშავება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თხილის ბაღების დამუშავების შემდეგ, ამ მავნებელმა სხვადასხვა ადგილიდან გადაინაცვლა სიმინდის კულტურაში. ამ მომენტისათვის, მოვახდინეთ მთელი ჩვენი ძალების, სპეცტექნიკის, ადამიანური რესურსების მობილიზება და ამ წუთასაც ხორციელდება მავნებელთან ბრძოლის ღონისძიებები.

M: პრევენციული ზომები არ იყო მიღებული?
ჩვენი პროგრამა ისე მიდის, როგორც იყო დაგეგმილი, თუმცა, ერთი საგულისხმო ფაქტია, რომ ამ მავნებლის ერთ წელიწადში გაკონტროლება არ ხდება და არც მომხდარა არსად. ამერიკას დაახლოებით 10 წლამდე დასჭირდა, რომ ამ მავნებლის რიცხოვნობა დაეყვანა მინიმუმამდე. ჩვენ იმის ილუზია არ გვქონდა, რომ ერთ წელიწადში ამ პრობლემას გადავჭრიდით. ეს არის გრძელვადიანი პროცესი და თავიდანაც ვაცხადებდით ამის შესახებ. თითოეული ფერმერის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ჩვენი ერთობლივი და კომპლექსური ქმედებით შევძლებთ ამასთან გამკლავებას.

M: რა თანხა გამოიყო საქართველოს ბიუჯეტიდან მავნებელთან საბრძოლველად და თუ პროგრამა, რომელიც დაგეგმილია ზედმიწევნით განხორციელდება, რა შედეგს მივიღებთ მომავალი წლისთვის?
მიმდინარე წელს გამოყოფილი იყო, როგორც საქართველოს ბიუჯეტიდან, ასევე, ამერიკის საერთაშორისო განვითარების ფონდიდან 13 მილიონი ლარი. ეს მოხმარდა ძირითადი საშუალებების, შემასხურებელი აგრეგატები, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელიც გადაეცათ მუნიციპალიტეტებს. თხილზე გატარებულმა ღონისძიებებმა ფაროსანაზე იმუშავა, ღონისძიებების გატარების გარეშე, შეუძლებელი იქნება მოსავლის მიღება, რადგან ფაროსანა, ძლიერი გავრცელების პირობებში 70%-მდე აზიანებს სასოფლო სამეურნეო კულტურებს. ველოდებით შედეგებს, თუმცა, ამ ღონისძიებებში საჭიროა კომპლექსური მიდგომა და ჩართვა მოსახლეობის.

M: როგორც ვიცით, ერთი ფართობის შეწამვლის შემთხვევაში, მავნებელი სწრაფად გადმოდის მეზობელი ფართობებიდან. თუ იგეგმება სამუშაოები 2018 წლის გაზაფხულისთვის და რა ფართობზე იქნება საუბარი?
მთელი ჩვენი ტექნიკა მობილიზებული გვაქვს, სხვადასხვა ტექნოლოგიით ხდება შესხურება. ეს არის თერმული ნისლის ტექნოლოგია, ასევე, მცირემოცულობიანი შემასხურებელი აგრეგატები, მძლავრი აეროზოლური შემასხურებლები, რომელიც დღეში 500 ჰექტრამდე ნაკვეთს ამუშავებს. იგეგმება ავიაციის ჩართვა. რაც შეეხება ფართობებს, ეს არის სასოფლო სამეურნეო სავარგულები. შესხურებიდან 10 დღის განმავლობაში პესტიციდი რჩება მცენარეზე და მავნებელი მასთან კონტაქტისას კვდება. მნიშვნელოვანია იმ ადგილების დამუშავება, სადაც მავნებელი ცხოვრობს. ამ ეტაპზე, ის იმყოფება მცენარეებზე, საკვებად. როდესაც მისი მიგრაცია მოხდება გამოსაზამთრებელი ადგილებისაკენ, სახლებში, აქ სამუშაოებს ვერ გავატარებთ, რადგან ეს ქიმიური პრეპარატია. მიმდინარე ღონისძიებებზე გვაქვს აქცენტი და გათვალისწინებული იქნება მიმდინარე წლის გამოცდილება, ადგილობრივი რეალობაც ნათელია და სიახლეების გათვალისწინება მოხდება მომავალი წლისთვის, თუმცა, გეგმას, ჯერჯერობით სრულყოფილი სახე არ აქვს.


თხილის ქარხანა Ferrero-ს გააჩნია საკუთარი პლანტაციები, რომლიდანაც იღებს და ამუშავებს მოსავალს. რა გამოცდილება აქვს „ფერერო ჯორჯიას” აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხში – ამ თემაზე Ferrero-ს დირექტორს, მერაბ ჭითანავას ვესაუბრეთ:

მერაბ ჭითანავა

M: თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორია აღნიშნულ მავნებელთან ბრძოლის მსოფლიო გამოცდილება?
მავნებელი გავრცელებულია იტალიაში, თურქეთში, აშშ-სა და მრავალ სხვა ევროპულ ქვეყანაში, მასთან ბძოლა მიმდინარეობს იმავე მეთოდებით, როგორითაც საქართველოში.

M: როგორ ცდილობს/ახერხებს თქვენი ქარხანა („ფერერო”) აზიური ფიროსანას მიერ მიყენებული ზარალის პირობებში მუშაობას და შედეგებთან გამკლავებას?
ჩვენ ვახდენთ აქტიურ მონიტორინგს გავრცელებაზე, წელს შევწამლეთ ინტენსიურად და მივიღეთ საკმაოდ კარგი შედეგი, მოსავლის ხარისხის შენარჩუნება შევძელით.

M: რა პროგნოზები და გეგმები გაქვთ ქარხნის საქმიანობის ფარგლებში, მოცემულ სიტუაციაში?
ვითანამშრომლებთ პასუხისმგებელ ორგანიზაციებთან, გავუზიარებთ ფერმერებს ჩვენს გამოცდილებას და აქტიურად მოვუწოდებთ, რომ ებრძოლონ მავნებელს. სექტემბრის შუა რიცხვებიდან, თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში იგეგმება უცხოელ სპეციალისტთა სემინარები ფაროსანასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებისა და ჩვენი გამოცდილების შესახებ. სემინარები ჩატარდება თვეში ორჯერ. რეგიონში თხილის წარმოებაზე მიყენებული ზიანი აღემატება 50%-ს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია.

რა შეცდომები იქნა დაშვებული, ორი წლის განმავლობაში, აზიურ ფიროსანასთან ბრძოლისას, რატომ ვერ ხერხდება მისი გავრცელების შეზღუდვა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მწერს? ამ კითხვებზე პასუხის გასაგებად მარკეტერი აგრონომიული კონსულტაციის კომპანიის Agro Solutions-ის დირექტორს – ირაკლი ჩიქავას ესაუბრა:

ირაკლი ჩიქავა

M: როგორია სამეგრელოს რეგიონის ფერმერებისთვის აზიური ფაროსანას გავრცელებით მიყენებული ზიანი?
სამეგრელოს რეგიონში აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზიანი, ბოლო 2 წლის მანძილზე, ძალიან დიდია. განსაკუთრებით იგრძნობა ეს დაბლობში მდებარე რაიონებში. მთიან რაიონებში წვიმის წყალი ადვილად დრენაჟირდება. ხოლო, დაბლობში ტენიანობა ძალიან მაღალია, რაც აზიურ ფაროსანას მიერ დასუსტებულ მცენარეს, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აგდებს. აზიური ფაროსანა 50%-დან – 90%-მდე მოსავალს ანადგურებს. წელს, რამდენიმე ასეულ ჰექტარზე ფერმერებმა თხილის მოკრეფისგან და შეგროვებისგან უარი თქვეს, რადგან მოსავლის აღების ხარჯი უფრო მეტი იყო, ვიდრე თხილისგან მისაღები შემოსავალი.

M: რა ღონისძიებები ჩატარდა მწერთან საბრძოლველად და რატომ ვერ გავუმკლავდით მას ორი წლის განმავლობაში?
პირველ ეტაპზე, ივლისის ბოლოს, რამდენიმე ათასი ჰექტარი შეიწამლა პრეპარატით – “დეცისი”, ეს ის პრეპარატია, რომელმაც წლების წინ ამერიკული პეპელა გაანადგურა საქართველოში. თუმცა, აზიურ ფაროსანას ვერაფერი დააკლო. „დეცისის“ შესხურების შემდეგ, ბაღლინჯო არ მოკვდა, უბრალოდ ფართობი შეიცვალა და გადაფრინდა. 15 აგვიტოდან სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაიწყო ფართობების შეწამვლა პრეპარატით – “ზონდერი”, რომელმაც შედარებით უკეთ იმუშავა და აზიური ფაროსანა მოკლა. აღასანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე დაშვებულ იქნა ორი შეცდომა: 1. არასწორად იყო შერჩეული პრეპარატი და 2. აქცენტი მხოლოდ თხილის ფართობებზე ჰქონდათ გაკეთებული. მხოლოდ თხილის ფართობების შეწამვლა მასიურად გამრავლებულ მწერს ვერაფერს დააკლებს. რადგან, რამდენიმე დღეში, სხვა ფართობიდან ისევ შეესევა თხილის ბაღს. ზონდერით წამლობა უკვე მასიურ ფართობებზე მიდის და გარკვეული შედეგებიც არის. თუმცა, უკვე განადგურებულ მოსავალს წელს არაფერი ეშველება.

M: თქვენი რეკომენდაციები – როგორ გავუმკლავდეთ აზიურ ფაროსანას?
აზიურ ფაროსანასთან კომპლექსური ბრძოლაა საჭირო. ერთეული ფართობების შეწამვლით შედეგი არ მიიღება. წელს ბევრმა ფერმერმა შეწამლა თავის ინიციატივით, საკუთარი ფართობები, თუმცა, ამაოდ. რამდენიმე დღეში, მომიჯნავე ნაკვეთებიდან, ისევ გამოჩნდნენ  ბაღლინჯოები ფართობში. ფაროსანას უნდა ვებრძოლოთ ისევე კომპლექსურად, როგორც ეს მოხდა ამერიკული თეთრი პეპლის შემთხვევაში. უნდა მოხდეს ფართობების მასიურად შეწამლვა, განურჩევლად მისი კუთვნილებისა და კატეგორიისა. ეს საერთო პრობლემაა, რომელსაც შეუძლია დასავლეთ საქართველო ყველანაირი მოსავლის გარეშე დატოვოს. აუცილებელია ბაღლინჯოსთან ბრძოლაში ზუსტი ვადების დაცვა. პირველი შეწამვლა უნდა მოხდეს მაისის დასაწყისში, პირველ 2-3 კვირაში, მასიურად. მეორე შეწამვლა კი ივლისის თვეშია აუცილებელი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთოს ამ მწერის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც აღვნიშნე, ფაროსანა იზამთრებს შენობების სახურავებში და ნაპრალებში. მათი ბუდობის ადგილის შემჩნევისას, აუცილებლად უნდა მოვახდინოთ მათი ფიზიკური განადგურება, რათა გაზაფხულზე შევამციროთ მათი მასიური გამრავლება. მასიურად, სწორი პრეპარატით და შესაბამის ვადებში შეწამვლის შემთხვევაში, დარწმუნებულები ვართ, რომ 2018 წელს უკვე შესამჩნევ წარმატებას მივაღწევთ ამ აზიურ ბაღლინჯოსთან ბრძოლაში.

როგორ ავირიდოთ თავიდან მახეები შეხვედრების დროს

#თაობა: ტიმო ბერიძე ახალი ტრეკით Trouble Au Paradis