in

წინაპართა სახლში გაცოცხლებული ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სამთო ტურიზმისა და გასტრონომიული ტურიზმის  ხელშეწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

საქართველოს ერთ-ერთი განსაკუთრებული რეგიონი – რაჭა, მომაჯადოებელი ბუნებით, ისტორიული ძეგლებით, რეგიონისთვის დამახასიათებელი უნიკალური სამზარეულოთი და სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებით, ბუნებრივად ხელსაყრელ გარემოს ქმნის სხვადასხვა ტიპის ტურისტული შეთავაზებების განვითარებისთვის.

130 წლის წინ, სოფელ წესში გადმოსახლებულ აზნაურთა ოჯახის ისტორიულ სახლში საოჯახო სასტუმროს მოწყობის იდეა ამ ოჯახის შთამომავლებს, თამარ და მიხეილ ელბაქიძეებს ეკუთვნით. მათი ძირითადი მოტივაცია წინაპართა ტრადიციის კვალდაკვალ სტუმართა ღირსეული გამასპინძლების წესის აღდგენა იყო.

„აზნაურის სახლი“- ასე ქვია სოფელ წესის მთის ფერდობზე მდებარე ძველ რაჭულ სახლს, საიდანაც ზღაპრული ბუნების ხედებთან ერთად ბარაკონის, მრავალძალის, ველიეთის ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის ტაძრები თითქოს ხელის გულზეა გადაშლილი.

აფხაზეთში მომხდარი ცნობილი ისტორიული მოვლენების შემდეგ, სოფელი წესი უკვე ერთადერთი მშობლიური ადგილი გახდა ჩვენს ცხოვრებაში, რომელიც შევინარჩუნეთ. ჩვენი ოცნება იყო, ამ სახლში ისეთი კეთილი და კარგი საქმის გაკეთება, რაც შეეფერებოდა ჩვენს რეგიონს, ჩვენს ოჯახს და გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საოჯახო სასტუმრო“, – იდეის დაბადების ისტორიაზე გვიამბობენ თამარ და მიხეილ ელბაქიძეები.

ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში გაწეული დახმარება საოჯახო სასტუმროსთვის უმნიშვნელოვანესი იყო. აღნიშნული დახმარებით სასტუმრო აღიჭურვა ყველა ტიპის საჭირო ავეჯით, ტექნიკით, ჭურჭლით, სრულად განხორციელდა ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟი და გამართვა, რამაც განაპირობა სასტუმროსთვის რეალური ფუნქციური როლის შეძენა და ყველა სეზონზე დატვირთვის პერსპექტივა.

„აზნაურის სახლში” სტუმრებისთვის კერძები ადგილობრივი სეზონური პროდუქტისაგან მზადდება, რომელიც იქვე გაშენებულ ბაღებსა და ბაღჩებშია მოყვანილი. ასევე, საინტერესო და მიმზიდველია კულინარიული მასტერკლასები, სადაც სტუმრები სწავლობენ ძველი ტრადიციული რეცეპტებით ქართული და რაჭული კერძების მომზადებას.

ჩემი სახელოვანი წინაპრების ფუძე ისეთ ძალას, ენერგიას მაძლევს, ყოველი დღის გათენება მიხარია. უამრავი იდეა და განვითარების გეგმა გვაქვს, რომლებიც „აზნაურის სახლის“ უნიკალური კონცეფციის შენარჩუნებით გაკეთდება. ჩემს ვალდებულებად მიმაჩნია, სტუმრებს ჩვენი ქვეყნის ისტორია, მრავალფეროვანი კულტურა და ულამაზესი ბუნება გავაცნო, ჩვენს უნიკალურ ფოლკლორულ და გასტრონომიულ ტრადიციებს ვაზიარო. ამ ყველაფრის დაწყებაში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დახმარება უმნიშვნელოვანესი იყო“, – სიამაყით გვიყვება მიხეილ ელბაქიძე.

დღესდღეობით, ელბაქიძეების საოჯახო სასტუმროს ტურისტები თითქმის მთელი მსოფლიოდან სტუმრობენ. ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სხვადასხვა ტურისტული შემოთავაზებით, როგორიცაა საფეხმავლო, საცხენოსნო, კულტურული, სათავგადასავლო და ჯიპტურები, სატრანსპორტო და გიდის მომსახურებით; შეუძლიათ დაგეგმონ კარვებით ლაშქრობა ღამისთევით, ითევზაონ ტბაზე და მიიღონ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში მონაწილეობა.

სტუმრის ღირსეულად გამასპინძლება ელბაქიძეების ოჯახის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა. როდესაც ძველი სახლი აღვადგინეთ და სასტუმრო მოვაწყვეთ, სწორედ ეს მიზანი გვქონდა, რომ ამ სახლში სულ ყოფილიყო სტუმარი. ეს არ არის სტანდარტული სასტუმრო მომსახურება, ჩვენს სტუმრებს ამ უნიკალური ადგილისა და სახლის ისტორიას, ჩვენი წინაპრების ყოფას, ქართული სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციებს, ადათს, ქართული სუფრის და თამადობის წესებს ვაცნობთ“, – ამბობს თამარ ელბაქიძე.

რაჭის გასაოცარი ბუნება, უნიკალური სამზარეულო, მასპინძლობის მრავალსაუკუნოვანი ადათ-წესები, კულინარიული მასტერკლასები და მრავალფეროვანი ტურები, სტუმრებისთვის წარუშლელ შთაბეჭდილებებს ტოვებს, რომლებიც ამ ყველაფერს სიამოვნებით უზიარებენ სხვა ადამიანებსაც. დონორების მხარდაჭერით საქართველოს მაღალმთიან რეგიონში „აზნაურის სახლი“ და კიდევ 27 ტურისტული ბიზნესი უკვე მდგრადი განვითარების გზას ადგას.

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ იხილეთ ვებგვერდზე.

ეს მასალა მომზადებულია ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავსტრიის განვითარების სააგენტო/პროექტი GRETA და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

[პარტნიორის კონტენტი]

NASA ხმის სიჩქარეზე 4-ჯერ სწრაფი თვითმფრინავის შექმნას გეგმავს

ღების შთამბეჭდავი თავგადასავალი