in

ქართველების #აზრები ამერიკიდან – რა ფერია ამერიკა?

4 ივლისს ამერიკამ დამოუკიდებლობის დღე კიდევ ერთხელ იზეიმა. საინტერესოა, რომ დეკლარაციის გაფორმებიდან დღემდე სულ რაღაც ორ საუკუნეზე ცოტა მეტი დრო გავიდა.. დიახ, ეს ქვეყანა სხვებისგან განსხვავებით არც თუ ისე დიდი ხანია, არსებობს, მაგრამ, როგორც ჩანს, 2 საუკუნე საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ისტორია შეექმნა მას და ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად ჩამოყალიბებულიყო.

BOG
BOG

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამერიკა ყველას ქვეყანაა.. ამ “ყველაში” კი საკმაოდ ბევრი ქართველიც მოიაზრება. წარმატებული ქართველები ამერიკას არ უკვირს და ჩვენც, კილომეტრების აქეთ მუდამ ვამაყობთ მათით. 4 ივლისი ჩვენთვის ინსპირაცია გახდა, იქ მყოფი ქართველები მოგვეკითხა – გვეკითხა აზრი იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მათთვის ამერიკა? რა შესაძლებლობებს აძლევს ეს ქვეყანა იმიგრანტებს? ან სულაც, რა ფერია ამერიკა?

მიმი (Freelance Photographer)

„ჩემი აღქმით ამერიკა უტოპიის ნიმუშია, საშინელი სიღრმის მქონე მშვენიერი ზედაპირი, რომელიც ქამელეონის ფერია. მე არ ვიცი, რას მომცემდა სხვა ქვეყანა, მაგრამ ამერიკა თითქმის ყველა ასპექტში იმის საპირისპიროს მაძლევს, რასაც საქართველო.

საქართველო ჩემთვის სულია. ამერიკა მაძლევს იმას, რამაც დიდი როლი ითამაშა We The Love –ის შობაში. We The Love (@we_the_love) არის ჩემი შექმნილი მოძრაობა, რომლის მეშვეობითაც ვუბრუნდები ჩემს თავს, რომ დაუბრუნე შენს თავს, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს თავს. ჩვენი თავი გულისხმობს წმინდა სულს, ჭეშმარიტ სიყვარულს.

თედო რეხვიაშვილი (Visual artist)

„ამერიკა ჩემთვის შესაძლებლობების, ექსპერიმენტებისა და შედეგების სიმბოლოა. ესაა ქვეყანა, რომელიც გთავაზობს ადამიანური ცნობიერებისა და ძალებისთვის უსაზღვრო მასშტაბებს. აქ შენს თვალწინ უზარმაზარი სივრცე იშლება, სადაც თავიდან პატარავდები, იკარგები, თითქოს შუაგულ ოკეანის სიღრმეში უჩინარდები, და შემდეგ ამავე ოკეანის ძალა შენს საკუთარი ნიჭთან, შრომისმოყვარეობასა და ფანტაზიასთან ურთიერთქმედებით ზედაპირზე ამოგტყორცნის.

ამერიკა სუფთა ფურცელია ადამინებისთვის, რათა საკუთარი ფანტაზია, რაც შეიძლება ფართოდ გაშალონ. ესაა მრავალფეროვანი სივრცე, სადაც ხელისშემშლელი კულტურული კოდები და სხვადასხვა ემპირიული კლიშე უგულებელყოფილია. ეს ექსპერიმენტების ქვეყანაა. ახალგაზრდა და არნახულად მრავალფეროვანი ერი, ყოველგვარი კომპლექსის გარეშე, ადამიანური შესაძლებლობების სარბიელიდან ყოველდღიურად მიიწევს ზეადამიანური, უფრო აღმატებული ცნობიერების მოსაპოვებლად.

ჩემთვის, როგორც დამწყები და მიზანდასახული ხელოვანისთვის, შემოქმედებითი გარემო დღეს ამერიკაშია, სადაც შემიძლია, საკუთარი უნარებისა და პროფესიის სრულყოფა შევძლო. ამასთან, ამ ქვეყანაში დიდია შემოქმედებითი სფეროს ფინანსური და, არამარტო ფინანსური მხარდაჭერა. ამერიკელებისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია თავის პროფესიაში დახელოვნებული ნებისმიერი ადამიანი, იქნება ის მეეზოვე, საკანალიზაციო მუშა, მასწავლებელი, მხატვარი თუ პრემიერ-მინისტრი. აქ საზოგადოება რწმენით ცხოვრობს, რომ ადამიანებმა ერთმანეთის მისწრაფებებს პატივი უნდა სცენ, უფრთხილდებოდნენ ერთმანეთის სურვილებსა და იდეებს. ჩემთვის მთავარი ამერიკელი საზოგადოებაა და არა ხელისუფლებების პროპაგანდისტული და პოპულისტური პოლიტიკური მესიჯები.

ამერიკის ხსენებაზე, პირველ რიგში, გონებაში პატარა ბავშვი წარმომიდგება, რომელსაც, მთავარია, თავისუფლება მისცე და საკუთარი ფანტაზიით ის საოცრებას აუცილებლად შექმნის.

რა ფერია ჩემთვია ამერიკა? ამერიკა ჩემთვის სრული ცისარტყელაა, მოუხელთებელი და მუქი, კოსმიური ლურჯიდან აელფერებული.

წამოვედი საქართველოდან ამერიკაში, რათა, პირველ რიგში, როგორც ვიზუალ-არტისტმა, სრულვყო ჩემი ცოდნა და უნარები, რომ დაგროვილი გამოცდილება მოვახმარო საკუთარ სამშობლოს, რომელსაც სიახლეები, ცოდნა და პროფესიონალიზმი ჰაერივით სჭირდება.

ამერიკა ინერციას, დიდი მასშტაბის შეგრძნებას მაძლევს. ეს ტრამპლინების ქვეყანაა, რომელიც ძლიერ და მონდომებულ ადამიანს საკუთარი თავის აღმოჩენაში ეხმარება. განათლება, ცხადია, შესაძლებელია, სხვა სივრცეშიც მიიღო, მაგრამ, დიდი შანსია, დარჩე მცოდნე, თუმცა არათვითმყოფადი, რუტინული პროფესორი. ამერიკაში ყოველდღე შეგიძლია, რაღაც ახალს, აქამდე თითქოს კარგად ნაცნობს, ახლობელს, სხვა მხრიდან შეხედო, არაორდინალურად გადაწყვიტო, ექსპერიმენტული მცდელობებით ახალი გამოიგონო და პირველ რიგში, საკუთარ თავსა და შემდეგ სხვებს წინსვლაში დაეხმარო.“

 სალომე დევაძე (Artist):

“ამერიკის განსაკუთრებულობა  მის შესაძლებლობებში იმალება. აქ შეგიძლია, მარტივად იპოვო შენი შეხედულებების მქონე ადამიანები, თანამოაზრეები. ამერიკას შეუძლია, აითვისოს ნებისმიერი მიმართულება, აქ ყველაფრის წახალისებასა და მხარდაჭერას შეხვდებით, გარდა ჩაგვრისა.

ეს ქვეყანა უზარმაზარი ორგანიზმია, რომელიც ხალხის დახმარებით განაგრძობს გულის ფეთქვასეს ქვეყანა ზღვასავითაა, რომლის ხმა მსოფლიოს ყველა კუთხეში ისმის. ზოგი ამ ხმას ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებთან აიგივებს, ზოგს კი მისი სიმახინჯით ყურები უსკდება.

ამერიკაში სწავლის გასაგრძელებლად წავედი . საკმაოდ საინტერესო სწავლის სისტემა აქვთ, აქ არავის გამოყოფენ, უნიჭოც და ნიჭიერიც ერთია. ყველას ერთნაირ განათლებას აძლევენ, თანაბარ ყურადღებას უთმობენ. პროფესორებმა იციან, რომ მათი მოსწავლეების წარმატებას თუ წარუმატებლობას დრო განაპირობებს, და არა სასწავლო სისტემაში არსებული იერარქიული დაყოფა, რომელიც ქართულ სკოლებსა და უნივერსიტეტებში გვხვდება.

ამერიკა გამძლეობას მაძლევს. აქ გამუდმებით უზარმაზარი წნეხის ქვეშ ხარ, ურთულესი კონკურენციაა. თუ აქ ისწავლი, როგორ გადარჩე, მჯერა რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეძლებ, არ დაიღუპო.”

 თეა აბაშიძე (Basement NY, founder):

“ნიუ-იორკი ჩემთვის მეორე სახლია (თბილისის მერე), სადაც უკვე 5 წელია ვცხოვრობ. თავიდან აქ რამდენიმე ფესტივალსა და კლუბში ვმუშაობდი, სადაც მივხვდი რომ, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში ელექტრონული მუსიკის სფერო საკმაოდ განვითარებულია, ამ ქალაქს აკლდა მუდმივი ტექნოსივრცე, სივრცე, რომელიც მუსიკის მოყვარულებს თავისუფალ გარემოს შეუქმნიდა, გამოეხატათ საკუთარი თავი და ყოფილიყვნენ ისინი, ვინც სინამდვილეში არიან და ვინც უნდათ, რომ იყვნენ. მე და ჩემს პარტნიორს, გეგას, ვფიქრობ, ძალიან გაგვიმართლა, რომ ვიპოვეთ იდეალური სივრცე, რომელიც ძველი, საუკუნის წინანდელი ყოფილი ქარხნის შენობაა და ამ ადგილას დავაარსეთ BASEMENT, რომელიც დღეს ნიუ იორკში ერთადერთი და პირველი ტექნო კლუბია, ამავე დროს, არის თავისუფალი სივრცე, დამწყები ქართველი და უცხოელი მუსიკოსების წარმატებისთვის, ნული ტოლერანტობით ქსენოფოობიის მიმართ.”

გეგა ჯაფარიძე (BASEMENT NY, Founder)

“ამერიკა ჩემთვის უსასრულო შესაძლებლობებსა და თავისუფლებას ნიშნავს. ნიუ- იორკში არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, საიდან ხარ, რამხელა ხარ, რა ფერის ხარ, თუ გაქვს მიზანი და იშრომებ, მიზანს აუცილებლად მიაღწევ.. ნიუ-იორკი შესაძლებლობების ქალაქია.. 

ამერიკაში მიზნის მიღწევა გაცილებით უფრო ადვილილად მიმაჩნდა იმიტომ, რომ მეტი თავისუფლებაა და დაბრკოლებები ნაკლებია, თუ გიყვარს შრომა და გაქვს მიზანი, ალბათ, ამერიკაზე უკეთესი ქვეყანა არ არსებობს. Sky is the limit!

ჩემთვის ამერიკაში წამოსვლის მთავარი მიზანი იყო, მეკეთებინა ის, რაც მიყვარს და გამეგრძელებინა ივენთების კეთება ნიუ-იორკში გაცილებით სხვა მასშტაბით, ვიდრე საქართველოში გვეძლეოდა შესაძლებლობა იმ დროისთვის. 

აქ ნებისმიერი მიზანი შეიძლება მიღწეული იქნას, გაცილებით უფრო ნაკლებ დროში, ამ ფუფუნებას ვერც ერთი სხვა ქვეყანა ვერ მოგცემს.”

“კანის ოქროს ლომი” და 40 წლიანი გამოცდილება! – ჯონ პალანტი თბილისს ეწვია

“სუპერ მარიო” Nintendo-ს სამოგზაურო ინვენტარზე!