30
დეკ
2017

რა გვასწავლა 2017-მა წელმა? – ეკა ყიფიანის #აზრები

30 დეკ 2017

რა მასწავლა 2017-მა წელმა? მმმ… იმაზე რთული კითხვაა, ვიდრე მეგონა. ალბათ ბევრი რამ, მაგრამ 4-ს გამოვყოფ.

BOG PLUS

რა ვისწავლე 1: შემოქმედებით სფეროს საქართველოს დიდი მომავალი აქვს. რადგანაც ჩვენს ირგვლივ ბევრი ნიჭიერი და ამავდროულად, კარგი ადამიანია. მათ უყვართ თავიანთი საქმე და სურთ ბევრი რამ შექმნან, ამისთვის კი არ დაზოგავენ არც დროს, არც ენერგიას და არც არაფერს. სწორედ ამიტომ, თუნდაც არ გქონდეს რესურსი, დრო, თუ ფული – თუკი სურვილი და ერგულება საკუთარი საქმის მიმართ არის, მაშინ შეიძლება ყველაფერიც გამოვიდეს. ამის მაგალითია ანბანის პროექტი, სადაც უამრავი ადამიანი, ფაქტობრივად, უანგაროდ გაერთიანდა იმისთვის, რომ დაბადებულიყო პროექტი, რომელსაც განხორციელების ძალიან მცირე შანსი ჰქონდა.

ზუსტად იმავეს ამტკიცებს ასევე მეორე პროექტი, რომელიც აბსოლუტურად ყოველი ადამიანის თუ რგოლის სრული პოტენციალით მუშაობას საჭიროებს, იმისთვის რომ განხორციელდეს. ეს არის საქართველოს ბანკის სეკრეტ სანტა. ეს არის ურთულესი პლატფორმა, სადაც ციფრული სააგენტო რედბერი, საქართველოს ბანკის მთელი გუნდი, JWT metro და მეტრო პროდაქშენი – თითქმის გაუსაძლის სტრესულ რეჟიმში მუშაობდა ერთმანეთთან გადახლართული. მაგალითად, ვიდეორგოლის შემთხვევაში, ჩვენ გავრისკეთ გაგვეკეთებინა ის, რაც არასდროს გაგვიკეთებია – ლოკაციის მაგივრად, მაკეტი, კომპლექსური გრაფიკა, რთული გრიმი, გრძელი ქრონომეტრაჟი, ზედ დაწერილი მუსიკა, პავილიონში გაცოცხლებული ზღაპრული მხატვრობა, ექშენი, სპეცეფექტები და მოკლედ, ყველაფერი ერთად თავმოყრილი რაც შეიძლება არ გამოგივიდეს მოკლე ვადებში. მაგრამ ალბათ სწორედ იქაა განვითარება, სადაც რისკავ და აკეთებ იმას, რაც არასდროს გაგიკეთებია და ამ რისკში მოგყვება უამრავი ძალიან ძალიან ძალიან ნიჭიერი და მონდომებული ადამიანი.

რა ვისწავლე 2: ნდობა ყველაფერს აუმჯობესებს. როდესაც კლიენტი, თანამშრომელი, თუ ნებისმიერ სხვა სრულ ნდობას გიცხადებს, სწორედ ამის გამო ბევრად უფრო პასუხისმგებლობით უდგები ნებისმიერ საქმეს. როდესაც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა მოგვცა თავისუფლება გვემოქმედა ისე, როგორც ამას ვთვლიდით საჭიროდ, ასმაგად უფრო მეტად ვინერვიულეთ, ვეცადეთ და 12 დღიანი ძალიან სტრესული დღის შემდეგ შევძელით გაგვეკეთებინა ის, რაც საბოლოოდ გამოვიდა. ნდობა კარგი რამეა და აუცილებელია მათ მიმართ, ვისთანაც ერთად ვმუშაობთ.

რა ვისწავლე 3: ჩვენ ვცდებით, თანაც ხშირად. ძალიან კარგი გაკვეთილი ხატიამ და ზუკამ მასწავლეს (ჩვენმა კოპირაიტერმა და არტ დირექტორმა). ადგილობრივ ევრობესტის კონკურის დროს, მათ გააკეთეს საკონკურსო ნამუშევარი, რომლისაც ძალიან სჯეროდათ, მე კი ბოლომდე დარწმუნებული არ ვიყავი მის უნიკალურ სიძლიერეში. მათ მოიგეს კონკრუსი, მე კი მივხვდი, რომ გამოცდილება თუ ცოდნა არ განაპირობებს, რომ მართლები ვიყოთ. ამიტომ აუცილებელია საკუთარ სისწორეში ხშირად (ძალიან ხშირად) შევიტანოთ ეჭვი და სხვებს მივცეთ საშუალება დაამტკიცონ და აკეთონ ის, რისიც სჯერათ.

რა ვისწავლე 4: დრო მცირდება, შესაძლებლობები კი იზრდება. ამაზე მეტყველებს განსაკუთრებით 2017 წელს დაგროვილი ვერ წაკითხული წიგნები, ვერ ნანახი კინო, ვერ მოსწრებული ონლაინ კურსები, ვერ დასწრებული საინტერესო ღონისძიებები, ვერ მოსმენილი კონცერტები ვერ მონახულებული (და სავსებით სამართლიანად განაწყენებული) მეგობრები თუ ვერ ნასწავლი ახალი უნარები. ამიტომ ალბათ დროის უკეთ გამოყენება ერთ ერთი ყველაზე მნიშნველოვანი საფიქრალი რამაა. უდავოდ, ნაკლებ დროს უნდა ვახარჯავდეთ ლანძღვებს, ნეგატიური პოსტების წერას, სხვების შერცხვენას და უარყოფითი ემოციების ფრქვევას. სამაგიეროდ, ბევრი უნდა ვაკეთოთ, ბევრიც უნდა დავისვენოთ, ჩვენს თავებს მივხედოთ, მეტი ადამიანი გავიცნოთ, ახლობლებს მოვუაროთ, ვისწავლოთ, ვიმოგზაუროთ, გავერთოთ, რაღაცებისგან გავთავისუფლდეთ, სურვილები ავისრულოთ და რაც შეიძლება ბევრი კარგი გამოცდილება დავაგროვოთ – რადგანაც, როგორც უკვე გითხარით, დრო მცირეა, შესაძლებლობები კი ულევი.

განხილვა