11
Sep
2018

საუკეთესო თანამშრომელს წამზომი ჩართული აქვს „გასაქცევად“ – ეკატერინე ბენდელიანის #აზრები

11 Sep 2018

M2
M2


ხშირად საუბრობენ და დისკუსიის საგანია საჯარო სამსახურში დასაქმებულ თანამშრომელთა დაბალი მოტივაცია, პიროვნებაზე მორგებულ სისტემა, კადრების მაღალი გადინება და შემოდინება, მენეჯმენტის ცვლილებასთან ერთად. ამ ყველაფრის პარალელურად კი საჯარო სამსახურში არსებობს მეორე რეალობა, როცა გყავს ტოპ თანამშრომელი და მას აქვს უამრავი თუ არა, მინიმუმ, ორი ალტერნატივა სამუშაო ადგილის შესარჩევად. ამ შემთხვევაში შენი, როგორც მენეჯერის მიმართ რამდენიმე პრინციპული კითხვა ჩნდება – რას აკეთებ იმისთვის რომ კარგი კადრი შეინარჩუნო? გაქვს ზუსტად დასახული მიზანი, მისცე თანამშრომელს მკაფიო დავალება? ადეკვატურად მოსთხოვო პასუხი? აჩვენო სწორი მიმართულება და აუმაღლო მოტივაცია? რამდენად ენდობი ამ თანამშრომელს? შეგიძლია უშუალოდ და არა ელექტრონული ფოსტით თანამშრომელთან ურთიერთობა? (ეს უკანასკნელი ხშირად თანამშრომლის გაღიზიანებას იწვევს და „ცუდი ლიდერის“ თვისებებზე მიუთითებს).

ეკატერინე ბენდელიანი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე

ეს ის კითხვებია, რომელზეც პასუხები უნდა ჰქონდეს მენეჯერს საუკეთესო/ტოპ თანამშრომელთან მიმართებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა სამუშაო კვირა, საუკეთესო თანამშრომლის გარეშე დაიწყო, ანუ ის „გაგექცეს”.

ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა და ერთ ორშაბათს საუკეთესო თანამშრომლის, ელენეს გარეშე დავრჩი.

ცოტა რამ მის შესახებ: ერთ დღეს ჩემს წინაშე წარსდგა – უცნობი ელენე, 23 წლის კარგი განათლებით, მზარდი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით ზენიტში, აქტიური, იდეების გენერატორი, გემოვნებიანი (რაც ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია), კარგი კავშირებით. შრომითი ხელშეკრულებიდან მთავარ სპეციალისტამდე ყველა ბიუროკრატიული და საჯარო სამსახურისთვის დამახასიათებელი ბარიერი გადავლახე ელენესთვის. ვცდილობდი, ყველა ზემოთ დასმული კითხვისთვის ტოპ თანამშრომელთან (ელენესთან)  მიმართებაში გამეცა პასუხი და ელენესთვის კომფორტული გარემო შემექმნა. მოკლედ, როგორც ბებიაჩემი მერი ასათიანი იტყოდა ,ელენე საჯარო სამსახურისთვის „დიმიტრი გელოვანი” იყო და არის ახლაც – ერთი განსხვავებით, ის კერძო სექტორში წარმატებით აგრძელებს საქმიანობას.

რაიმე პროექტის/პრეზენტაციის/ღონისძიების განხორციელების დროს „ვნატრობდი”, კრიზისული სიტუაცია მქონოდა, რადგან წუთებში, წამებში შეგვეძლო ეგ ყველაფერი დაგვეძლია, „მთა გადაგვედგა” გუნდთან ერთად, მაგრამ ელენე განსაკუთრებულ უპირატესობას აჩვენებდა, ყოველთვის.

თანამშრომლებს შორის ადამიანური ურთიერთობებიც მნიშვნელოვანი იყო როგორც ჩემთვის, ისე ელენესთვის და მგონი, ვახერხებდი რომ ელენე უბრალოდ „ამოჩემებული” არ მყოლოდა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ელენემ სხვა საჯარო უწყებიდან მიიღო შემოთავაზება მენეჯერულ პოზიციაზე, ფინანსურად უფრო მაღალი ანაზღაურებით, მაგრამ აღმოჩნდა ნაკლები თავისუფლებით, ნაკლები ნდობით და იქედან მალევე „გაიქცა”. ის დღეს ერთ-ერთი წარმატებულ კომპანიაში მუშაობს.

3 წლის შემდეგ, მე ისევ ვარ „ძველი” გამოწვევის წინაშე – ჩემი საუკეთესო თანამშრომლები ირინე და მარიამი „არ გაიქცნენ”. ვფიქრობ და ყოველდღიურ ქცევაში ვცდილობ ამ გამოწვევას ვუპასუხო, თორემ ირინეც და მარიამიც „გარბენს” წარმატებით გაირბენენ, ისე რომ ვერ „დავეწევი”.

პ.ს.

საუკეთესო თანამშრომელს წამზომი ჩართული აქვს „გასაქცევად“.

მენეჯერი – პასუხობს გამოწვევას კარგი კადრის შესანარჩუნებლად!

განხილვა