6
Sep
2018

რა უნდა გამოხვიდე? – მარიამ მაღულარიას #აზრები

6 Sep 2018

M2
M2


აი, საიდან იწყება პროფესიის არჩევა – რა უნდა გამოხვიდე?  ჩვენ ვპასუხობთ: ბალერინა, კოსმონავტი, ექიმი, მომღერალი, პოლიციელი… და ასე, იქამდე, სანამ პირველი სამუშაო დღე გვექნება, ან იქამდე, სანამ დავფიქრდებით, მოვხვდით თუ არა იქ, სადაც პროფესიონალებად ვყალიბდებით და მოგვწონს თუ არა ის, რასაც ვაკეთებთ.

მარიამ მაღულარია – „კავკასიის უნივერსიტეტის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

ჯერ კიდევ გაუაზრებელ ასაკში, ბებიას და ბაბუას საოჯახო კამერასთან დავსვამდი და წამყვანის როლში შევდიოდი. ზუსტად ვიცოდი, ეს იყო ჩემი ოცნების პროფესია – მე, როგორც ჟურნალისტს მაყურებლისთვის ამბავი უნდა მომეყოლა!

ერთ დღესაც, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერიდან მთელ საქართველოს (ხმამაღალია, მაგრამ შეიძლება მის ფარგლებს გარეთაც) მივმართე. ჩემი, 19 წლის რეპორტიორის პირველი LIVE შედგა. და ამ დროს მივხვდი, როგორ ზუსტად მოვხვდი აქ, კამერის წინ, ერთ-ერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე.

მართალია, 24 წელი არც ისე დიდია (და არც ისე პატარა) მაგრამ, ამასობაში, ახალ ამბებზე მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება დამიგროვდა და ვიფიქრე, პიარის მიმართულებით მაგისტრატურაზე ჩაბარება და ამ სფეროში კარიერის გაგრძელება ურიგო არ იქნებოდა – მივხვდი, საზოგადოებასთან ურთიერთობას აქაც არ მოვეშვებოდი, პირიქით, ეს, ზოგჯერ, კამერის გარეშე გამაკეთებინებდა იმას, რაც ასე ძალიან მომწონდა.

დიახ, დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ – პროფესია შევიცვალე, ცხადია, თუმცა, არ ვიცი, რამდენად შეიძლება პიარ მენეჯერი დაშორდეს ჟურნალისტიკას, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, საერთაშორისო მასშტაბითაც, რადგან მედია, პიარის ყველაზე ცოცხალი, ყველაზე აქტიური და ყველაზე ნამდვილი მეგობარია. ყოველდღიურად ვეცნობი „ნიუსებს“, მთავარ საინფორმაციო გამოშვებებსაც ვუყურებ (ადრე ტრანსპორტშიც ვუყურებდი, მიჩვევა იცის).

იქნებ საზოგადოებას ჯერ ჟურნალისტები და შემდეგ პიარის სპეციალისტები უყვარს? ხშირად მიფიქრია, იქნებ, მენატრება ის გიჟური გრაფიკი, გათენებული ღამეები მიკროფონით ხელში, წვიმასა და ქარში და იმიტომ მიჩნდება ეს კითხვა-მეთქი. იქნებ, ზოგჯერ ვნანობ, როგორ მივატოვე ჩემი საყვარელი პროფესია და აქ გადმოვბარგდი? პასუხი მარტივია – ჩვენ ვეძებთ განვითარებას, მუდმივად ვცდილობთ, ვისწავლოთ და ვცადოთ რაღაც ახალი, შეიძლება ხვალ პროტოკოლით, ან კომუნიკაციების სპეციალისტობით დავინტერესდე. ან იქნებ, ცეკვა მომინდეს? (სისულელეა, ძალიან მოუქნელი ვარ) ჩვენ ხომ ახალგაზრდები და ცოცხლები ვართ?!

და შენ რა უნდა გამოხვიდე? იქნებ, გამოხვედი? იქნებ, ზუსტად იცი, გიყვარს ის პროფესია, რომელიც აირჩიე. ან იქნებ, სადღაც სხვაგანაც მიგიწევს გული? იქნებ, მთელი ცხოვრებაა, ვარსკვლავებზე დაკვირვება გინდა, მაგრამ შენ რენტგენის სურათებს აკვირდები? ყველა შემთხვევაში, სანამ ცვილებებისთვის მზად ხარ, ყველაფერი წინ არის!

განხილვა