31
Dec
2018

„რედბერის“ ტრანსფორმაციის წელიწადი – გაგა დარსალიას #აზრები 

31 Dec 2018

M2
M2


2018 წელი „რედბერისთვის“ ტრანსფორმაციის წელი იყო. ეს იყო სწრაფი ზრდისა და განვითარების, საკუთარი ძალების ბოლომდე რწმუნებისა და საკუთარი საქმის კიდევ უფრო მეტად შეყვარების წელი. წელი, როდესაც სააგენტოში 60-ზე მეტნი გავხდით. როდესაც შემოგვემატნენ თავიანთი საქმის ისეთი პროფესიონალები, როგორებიც არიან სანდრო ჯავახიშვილი და ნინუნა უნგიაძე. ეს იყო წელი, რომელმაც 30-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის “Eurobest“-ის ბრინჯაო, “ADCE“-ის ვერცხლი, „AdBlackSea“-ის “Best of Contest“, “KIAF“-ის გრან-პრი და “Best Agency of the Festival“ მოგვიტანა.

წლიდან წლამდე, ქართული კრეატიული ინდუსტრია სულ უფრო იზრდება და ვითარდება. ეს ტემპი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევს, ძალიან საინტერესოს ხდის და სიახლეებით ავსებს ჩვენს საქმეს.

2018 წელმა ნათლად გვანახა, რომ კლიენტების ბიზნესის ზრდისთვის სააგენტოების ახლებურად მუშაობაა საჭირო. გვჭირდება ერთის მხრივ, კლიენტის ბიზნესისა და პროდუქტის სიღრმისეული ცოდნა, მეორეს მხრივ, კი იმ მედიის სიღრმისეული ცოდნა, რასაც ვიყენებთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქმნება ეფექტური საკომუნიკაციო გადაწყვეტები, რომელიც სცდება ზედაპირს, სიღრმისეულ, ნამდვილ „ინსაითებს“ ეფუძნება და მოაქვს ბიზნეს შედეგი.

გარდა ამისა, ამ წელმა ნათლად გვანახა, რომ ხშირად მხოლოდ საკომუნიკაციო გადაწყვეტები საკმარისი აღარაა. იმ დროს, როცა კომუნიკაცია სულ უფრო და უფრო მეტად ხდება პროდუქტის ნაწილი, ხოლო პროდუქტი – კომუნიკაციის, სააგენტოებმა უნდა შევქმნათ ინტეგრირებული გადაწყვეტები. ეს მოიცავს როგორც პროდუქტის value proposition-ზე, ისე მის კომუნიკაციაზე მუშაობას.

სწორედ ამიტომ, მომავალ წელს „რედბერი“ სრულად გადაიქცევა ციფრული ტრანსფორმაციის სააგენტოდ. ჩვენ დავეხმარებით კლიენტებს შექმნან ახალი ღირებულება მომხმარებლებთან შეხების წერტილების გაციფრულების გზით. ეს მოიცავს როგორც პროდუქტების, ისე გაყიდვების არხებისა და კომუნიკაციის გაციფრულებას. ასევე, ეს მოიცავს მომხმარებლების მონაცემების უკეთეს დამუშავებასა და გამოყენებას.

ახალ წელს გადავდივართ და ვხვდებით ახალ ოფისში, ახალი ენერგიით სავსეები.

განახლებული იმედებით, რომ ეს წელი კიდევ უფრო მეტი ზრდისა და განვითარების მომტანი იქნება, ვიდრე – წინა.

აქვე არ გვინდა შესაძლებლობა გავუშვათ ხელიდან და ყველას გილოცავთ ახალ წელს, ვინც ამ სტატიას კითხულობთ! განსაკუთრებით წარმატებულ და ბედნიერ წელს გისურვებთ!

 

განხილვა