4
Sep
2018

ხშირად გაგონილი სიტყვა: „სტარტაპი“

4 Sep 2018

M2
M2


დღეს ბევრს ლაპარაკობენ ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაზე, ანუ ისეთ ეკონომიკურ მოდელზე, რომელშიც მთავარი ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაცია ან ბევრი ქარხნები და ფაბრიკები კი არ არის, არამედ ადამიანები, რომლებსაც აქვთ ცოდნა და თავიანთი ცოდნის გამოყენებით ახალი სერვისებისა და პროდუქტების შექმნა შეუძლიათ.

სანდრო ასათიანია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, GeoLab-ის რექტორი

 

ცოდნაზე დაფუძნებულ ეკონომიკაში დიდი ადგილი სტარტაპებს უჭირავს. დრომ აჩვენა, რომ ბევრი ახალ ტექნოლოგიებზე დაფუძნებული მსოფლიოს მასშტაბის პროდუქტი მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიებში განსწავლული მეცნიერების ან გამოცდილი სპეციალისტების მიერ კი არ შეიქმნა, არამედ ახალგაზრდებმა, უფრო სწორედ, სტარტაპებში გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა შექმნეს. Google ორი სტუდენტის სამაგისტრო პროექტი იყო. Facebook-ი კი მარკ ცუკერბერგმა მაგისტრატურაზე სწავლისას ააწყო და მილიარდერი ისე გახდა, რომ დიპლომიც კი არ ჰქონდა დაცული. მართალია, ყველა სტარტაპი საბოლოო ჯამში Google-ისა და Facebook-ის მასშტაბის კომპანიებად არ იქცევა, მაგრამ უამრავი სტარტაპი არსებობს, რომლიც დღეს ისეთ კომპანიად გადაიქცა, რომელიც მაღალ შემოსავალს აგენერირებს, მნიშვნელოვან ცვლილებებს იწვევს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის.

რა არის სტარტაპი?

სტარტაპი, პირველი რიგში, კომპანიის განვითარების ეტაპია. შეუძლებელია, სტარტაპ წამოწყება მუდამ სტარტაპად დარჩეს. ასახელებენ „სტარტაპობის“ პერიოდსაც, მაგალითად, 3 ან 5 წელს. ამის შემდეგ სტარტაპი ან კომპანიად გადაიქცევა, ან წყვეტს არსებობას. Google-იც, Facebook-იც და საქართველოსავით პატარა ქვეყანაში, ესტონეთში შექმნილი Skype-იც, თავის დროზე, სტარტაპები იყვნენ, რომლებიც შემდგომ მულტინაციონალურ კომპანიებად გადაიქცნენ.

სტარტაპს ახლადშექმნილ კომპანიას, ხშირად კი უბრალოდ ადამიანთა ურთიერთთანამშრომლობით შექმნილ გაერთიანებას უწოდებენ, რომელიც ქმნის ახალ პროდუქტს ან სერვისს. ხშირად სტარტაპს და ახლადშექმნილ ბიზნეს კომპანიას ერთმანეთში ურევენ. ახალშექმნილ ბიზნეს კომპანიას, როგორც წესი, აქვს კარგად გაწერილი ბიზნეს გეგმა, მკვეთრად განსაზღვრული სამოქმედო არეალი და თავისი მასშტაბით, ლოკალურია. რომელიმე ახალგახსნილი კაფე ან მცირე საწარმო, რომელიც ლოკალური ბაზრისათვის რაიმე პროდუქტს აწარმოებს, როგორც წესი, არ გეგმავს თავისი კაფეების ქსელით მთელი მსოფლიო მოიცვას, ან საკუთარი პროდუქტით მთელი მსოფლიო მოამარაგოს. შესაბამისად, ასეთი ბიზნესის ბიზნეს გეგმა ლოკალური ბაზრის მოთხოვნებს არის მორგებული ამგვარი მასშტაბის სტარტაპის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი მცირე ბიზნესისგან მისი მასშტაბია. ანუ სტარტაპი იმ შემთხვევაშიც კი, თუ ლოკალურ ბაზარზე არის ორიენტირებული, სამომავლოდ, მთელი მსოფლიოს შეცვლას გეგმავს. თუმცა ისიც უნდა ვთქვა, რომ სტარტაპში წარუმატებლობის გაცილებით დიდი შანსია, ვიდრე – მცირე ბიზნესში. როგორც წესი, სტარტაპების 90% ვერ აღწევს წარმატებას, ვერ იქცევა კომპანიად. მიუხედავად ამისა, სტარტაპერებს ყოველთვის ურჩევენ წარუმატებლობის შემთხვევაში, თავიდან სცადონ. როგორც წესი, წარმატებული სტარტაპებისათვის წარმატება შემდგომ ცდებში მოდის. ისინი საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ და ამგვარად აღწევენ წარმატებას.

რატომ არ შეიქმნა აქამდე საქართველოში, თუნდაც, ერთი მსოფლიოს დონის წარმატებული სტარტაპი?

ჩემი აზრით, ამას, სხვა ყველაფერთან ერთად, ორი ძირითადი მიზეზი აქვს. პირველი არის ცოდნა, მეორე – ეკოსისტემა. განვითარებულ ქვეყნებში სტარტაპებისთვის ერთ-ერთი ძირითადი გენერატორი უნივერსიტეტები და უნივერსიტეტებთან არსებული აქსელერატორები და სხვა სტარტაპების გასაძლიერებლად შექმნილი პროგრამებია. განვითარებულ ქვეყნებში, სტარტაპ პროგრამების დიდი ნაწილი უნივერსიტეტებში ხორციელდება. არსებობს უამრავი სტარტაპ აქსელერატორი, რომელიც უნივერსიტეტებთან თანამშრომლობს, ან სულაც უნივერსიტეტშია გახსნილი, ანუ იქ სადაც ახალგაზრდები ცოდნას იღებენ. საქართველოშიც სხვადასხვა უნივერსიტეტში ნახავთ აქსელერატორებს, მაგრამ როგორც ჩანს, არარელევანტურია. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ ჩვენთან სტარტაპ გაერთიანებას კომპანიად ტრანსფორმირების ძალიან ცოტა შანსი აქვს. ადგილობრივი ბიზნესი მზად არ არის სტარტაპში ფული ჩადოს, არ არსებობს ვეჩურ კაპიტალის ფონდები და არც „ენჯელ“ ინვესტორები ან ინვესტორთა მიერ ჩამოყალიბებული ფონდები, ანუ სტარტაპ ეკოსისტემის შემადგენელი კომპონენტები.

განხილვა