8
Oct
2018

„გასაუბრება – ეს არის რეპუტაციის მენეჯმენტის პროცესი ადამიანური რესურსების მართვაში“ – თიკა ქერაშვილის #აზრები

8 Oct 2018

M2
M2


სიტყვა „გასაუბრება“, თითქოს, სტრესის, ნერვიულობის განცდას აჩენს, რომელიც უფრო მეტად სამუშაოს მაძიებელს უნდა აღელვებდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ აპლიკანტი, არამედ  HR მენეჯერიც იყოს შეხვედრისთვის მომზადებული და კეთილგანწყობილი. აპლიკანტები, რომლებიც აგზავნიან თავიანთ რეზუმეს ვაკანტურ პოზიციაზე და მოდიან  კომპანიაში გასაუბრებაზე, გამოხატავენ ინტერესს და აქვთ სურვილი, რომ შემდეგი რამდენიმე წელი ჩვენს ორგანიზაციას დაუკავშირონ და თავიანთი წვლილი შეიტანონ მის განვითარებაში.

თიკა ქერაშვილი – „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას”, „ვიანორის“ და „სმარტის“ HR მენეჯერი

„ვისოლ ჯგუფში“ 5000-მდე თანამშრომელია დასაქმებული და მისი შვილობილი კომპანიების განვითარების ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, ალბათ, ხვდებით, რამხელა პასუხისმგებლობაა, თითოეული ვაკანსიით დაინტერესებული ადამიანი გაუშვა შეხვედრით კმაყოფილი, მიუხედავად იმისა, გადავა თუ არა ეს კომუნიკაცია შემდეგ ეტაპზე. ურთიერთობის ეს ეტაპი არანაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე შესაბამისი კანდიდატის  ვაკანტურ პოზიციაზე შერჩევა.

ახალი ადამიანური რესურსები უმნიშვნელოვანესია კომპანიის სწორი განვითარებისთვის, ბიზნეს პროცესების გამოსწორებისთვის (თუ საჭიროა), გუნდის კიდევ უფრო ჰარმონიზაციისთვის, მაგრამ ის ადამიანები, რომლებსაც შეხვდი, გაესაუბრე, თუმცა ამა თუ იმ მიზეზის გამო ურთიერთობა ვერ გაცდა გასაუბრების პირველ ეტაპს, გაცილებით უფრო საყურადღებონი არიან და მათთან ურთიერთობა გაცილებით სათუთია, რადგან ისინი გასვლისთანავე უზიარებენ თავიანთ შეხედულებას ახლობლებს, რამდენად კმაყოფილი ან იმედგაცრუებული დარჩნენ შეხვედრით. ემოციურ ფონზე უყალიბდებათ შეხედულება კომპანიის შესახებ და მათთან სწორი კომუნიკაცია რეპუტაციის მენეჯმენტის მნიშვნელოვანი ნაწილია. გასაუბრება, ეს არის რეპუტაციის მენეჯმენტის პროცესი ადამიანური რესურსების მართვაში. თან გადის დრო, ბევრი თუ ცოტა და ისევ ხვდები მათ ან იგივე ფორმატში ან შემთხვევით და ბევრი კოლეგა დამეთანხმება, რა სასიამოვნოა, როდესაც  დიდი ხნის წინ ჩავლილი გასაუბრება კარგად  ახსოვთ,  გემშვიდობებიან შეხვედრის შემდეგ ისევ იმ სურვილით, რომ თუ მათთვის შესაბამის პოზიციაზე ვაკანსია იქნება, ისევ დავუკავშირდებით.

მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო რას და როგორ განვიცდი თავად მე, გადავალ უფრო მნიშვნელოვანზე, თქვენზე, სამუშაოს მაძიებლებზე და გირჩევთ, რა უნდა გაითვალისწინოთ, სანამ წახვალთ ინტერვიუზე.

დასაქმების ბაზარზე კონკურენცია ძალიან დიდია და თქვენთვის საინტერესო ვაკანსიის  ბოლო ეტაპზე 5 კანდიდატზე უკეთესად მაინც უნდა წარადგინოთ თქვენი თავი. უპირველეს ყოვლისა, კარგად გაეცანით ვაკანსიის შინაარს და ყურადღება მიაქციეთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და ვალდებულებებს. იცოდეთ, რომ კანდიდატმა, რომელსაც აქვს ინფორმაცია რა პოზიციაზეა გასაუბრებაზე, რას ითხოვს კომპანია მისგან, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სერიოზულად უდგება დასაქმების საკითხს და მისთვის სულ ერთი არ არის, აიყვანენ თუ არა ამ კონკრეტულ პოზიციაზე.

დაუთმეთ დრო კომპანიის შესახებ ინფორმაციის მოძიებას (სოციალური მედია, ვებ გვერდი, ახლობლები კომპანიის შიგნით და ა.შ). მაღალ ინტერესზე და მოწესრიგებულობაზე მიუთითებს ის, რომ კანდიდატმა იცის კომპანიის ძირითადი ღირებეულებები და მიღწევები.

გადახედეთ ხელახლა საკუთარ რეზიუმეს, თუ საჭიროა განაახლეთ, რომ  ზუსტად გაიხსენოთ  სად და როდის მუშაობდით ამა თუ იმ პოზიციაზე. რადგან ინტერვიუერთან, ალბათ, მოგიწევთ დეტალებზე საუბარი.

არასოდეს მოიხსენიოთ აუგად თქვენი წინა დამსაქმებელი ან ხელმძღვანელი. ინტერვიუერის შეკითხვაზე, რატომ გინდათ სამსახურის ცვლილება? თუ აღნიშნული უკავშირდება პრობლემას  წინა დამსაქმებელთან, ეცადეთ კორექტული იყოთ. დატოვოთ მეგობრული, გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებული ადამიანის  შთაბეჭდილება. HR მენეჯერი აუცილებლად ეცდება, რეკომენდაციები მოიძიოს თქვენი წინა სამსახურიდან.

ეცადეთ, დროულად მიხვიდეთ ინტერვიუზე. უმჯობესია 5  წუთით ადრე. თუ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა და ზუსტად იცით, რომ დააგვიანებთ ან ვერ მიხვალთ შეხვედრაზე დანიშნულ დროს, დაურეკეთ ინტერვიუერს და ჩააყენეთ საქმის კურსში. ეს კარგ ტონად ჩაგეთვლებათ.

ჩაცმის სტილი – ყველა ადამიანი თავისუფალია ამ მიმართულებით, თუმცა გირჩევდით, როდესაც მოიძიებთ ინფორმაციას კომპანიის შესახებ, ალბათ, წარმოდგენა შეგექმნებათ კომპანიის კორპორაციულ კულტურაზე, ჩაცმის სტილიც შეხვედრისთვის შეარჩიეთ შესაბამისი (აღნიშნული მოსაზრება ყველა პოზიციას არ ეხება).

არ მოგერიდოთ ინტერვიუერთან დასვათ შეკითხვები ვაკანტურ პოზიციასთან და კომპანიის პოლიტიკასთან დაკავშრებით. მომზადებული კითხვები მეტყველებს, რომ კანიდიდატი ინტერესით და პასუხისმგებლობით ეკიდება კონკრეტულ ვაკანსიას.

შთაბეჭდილების მოსახდენად, არ მიუთითოთ რეზიუმეში ისეთი ცოდნები თუ კომპეტენციები, რომლებსაც არ ფლობთ. არ ისაუბროთ ისეთ პროექტებზე, რომელბიც არ გაგიკეთებიათ. შესაძლებელია, აღნიშნული საკითხები ჩანიშნული ქონდეს HR მენეჯერს და  რამდენიმნე თვის შემდეგ დახმარება გთხოვონ კონკრეტულად ამ მიმართულებით.

ყველაზე მნიშვნელოვანია, არ მოგვატყუოთ! ეს, ადრე თუ გვიან, მაინც გამჟღავნდება.

დარწმუნებულები იყავით საკუთარ თავში, გქონდეთ მკაფიო მიზნები და თქვენ ყველაფერს მიაღწევთ!

მოვიშველიებ დეილ კარნეგის ციტატას: „წარმატება იმის მიღებაა, რაც გსურს. ბედნიერება ნიშნავს იყო კმაყოფილი იმით, რაც მიიღე“.

წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!

განხილვა