შარშანდელ ახალ წელსაც რაღაც ახლის მოლოდინებით შევხვდი. აბა ისე როგორ. მთელი ცხოვრება ხომ რაღაცას ველოდებით. სკოლაში შესვლას.მერე ინსტიტუტში ჩაბარებას, სამსახურის დაწყებას.

არადა, მოლოდინების ვერგამართლება ყოფილა ყველაზე დიდი იმედგაცრუების მიზეზი. ფსიქოლოგები ასე ამბობენ და ვენდოთ.
მაისის თვეში მეც დიდი მოლოდინები მქონდა. უცხოეთში მივფრინავდი მოლაპარაკებებზე. ერთ დღესაც საწოლიდან ვეღარ ავდექი. ჯანმრთელობამ სიგნალი მომცა. კეთილმა ექიმებმა გამომაძვრინეს სიტუაციიდან.
სამაგიეროდ ფრენები გამიუქმდა, ტრეინგებიც, შეხვედრებიც და ბანკეტებიც. მომრჩა ყველაფერი გვერდზე. მერე იყო თანმდევი კრიზისი. აბა, ისე როგორ. მაგის გარეშე არ შეიძლება.
ჩავარდნამ მასწავლა, რომ არ ვარ ულიმიტო ტერმინატორი. კიდევ მასწავლა, რომ ინსტიტუტი დიდი რისკის ქვეშ იქნებოდა, სანამ ერთ კაცის თეატრად დარჩებოდა და ხალხი არ შემომიერთდებოდა. კიდევ ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ აქ რომ დავწერო, რა აზრი აქვს. სანამ საკუთარ თავზე არ გამოცდი, მანამდე სხვის ნაწერს ყოველთვის ირონიულად კითხულობ.
წლის ბოლოს ბევრი რამ გამოსწორდა ჩემი შეცდომების ხარჯზე. უკეთესი კიდევ წინ არის.
სტატიებისა და წიგნების კითხვას იმ იმედით, რომ სხვის შეცდომაზე ისწავლი, მგონი, ჯობია, შენ თვითონ დაუშვა შეცდომები. გეტკინება, გეწყინება, ცივ წყალს დავლევ და გამოძვრები.
წელსაც იმავეს მოლოდინი მაქვს, როგორც შარშან. უკეთესის. ოღონდ ახლა ბედნიერების საზომები შემეცვალა და ციფრებით აღარ იზომება. წარმატება რაღაცნაირად მირაჟს ჰგავს – უახლოვდები და გგონია, რომ ეგ არის, რაც არის. მერე ხვდები, რომ ეგ ის არ არის და მიზანიც კიდევ უფრო წინ ხტება. მერე ისევ იწყებ და ასე… ამიტომ 2018 წელს ერთ რამეს ვუსურვებ ყველას. თითოეული დღისაგან სიამოვნების მიღებას და არამარტო იმ კონკრეტული დიადი დღის მოლოდინს, როდესაც ყველა ნატვრა ახდება.











