in

AzRy-ს Senior software developer გუგა ტყეშელაძე პარალელურად Microsoft-ის გუნდს უერთდება

გუგა 22 წლის არის და AzRy-ში Senior Software Developer-ის პოზიციას იკავებს. AzRy მაღალტექნოლოგიური Software და Hardware უზრუნველყოფის მწარმოებელი პირველი  კომპანიაა საქართველოში, რომელიც უკვე 17 წელია მუშაობს კომპლექსური გადაწყვეტების შექმნაზე ფინანსური სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების,  საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და სხვა ინდუსტრიებისთვის.

ამ მიმართულებით გუგას კარიერა 2018 წლის დეკემბერში დაიწყო, როდესაც თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად AzRy-ში სტაჟირების პროგრამაში ჩაერთო.

Microsoft-დან შემოთავაზება კი, გასულ კვირას მიიღო და როგორც აღმოჩნდა ის ამ საერთაშორისო კომპანიის Software Engineer-ის პოზიციას დაიკავებს და ყველასათვის ძალიან კარგად ცნობილ პროექტ – Microsoft 365-ზე იმუშავებს.

საკუთარ სამუშაო გამოცდილებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე გუგა თავად გვიყვება:

AzRy-ში სტაჟირების პროგრამა 3 თვეს მოიცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში ახალი HR სისტემისა და აპლიკაციის დანერგვა მოვახერხეთ, რომელიც დღემდე აქტიურად გამოიყენება.

მას შემდეგ, უკვე მესამე წელია ჩემთვის ძალიან საინტერესო და ამავდროულად მასშტაბურ პროდუქტებზე მიწევს მუშაობა ისეთ პროფესიონალებთან ერთად, რომლებიც მუდმივად გიზიარებენ საკუთარ ცოდნას და გამოცდილებას. თითოეული პროდუქტი განსხვავებულია ერთმანეთისგან და იცი, რომ მასზე მუშაობით კიდევ ერთ პატარა ნაბიჯს დგამ მომავლისკენ და განვითარებისკენ.

ჩემთვის განსაკუთრებული გამოცდილების დაგროვების წყარო რამდენიმე მათგანი გახდა:

UMTS – ეს არის გაერთიანებული ფულადი გზავნილების სისტემა, რომელიც დანერგილია საქართველოში თითქმის ყველა ფინანსურ ინსტიტუტში და წარმოადგენს ფინანსური სექტორისა და ფულადი გზავნილების კომპანიების დაკავშირების წყაროს, მაგალითად ისეთი, როგორიცაა wester union.

მთავარია მომხმარებლისთვის გზავნილის მიღება იყოს მარტივი, რისთვისაც გავაკეთეთ ერთი ფანჯრის სისტემა, რაც გულისხმობს ნებისმიერი ბანკიდან სხვადასხვა ტიპის გზავნილების განაღდებას. პროექტში ჩართვამდე ნამდვილად არ ვიცოდი რამდენი ადამიანი იყენებდა ფულად გზავნილს, როგორც აღმოჩნდა საკმაოდ პოპულარული პროდუქტია საქართველოში და განსაკუთრებით სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა შენ მიერ დანერგილ სისტემას მილიონობით ადამიანი მოიხმარს.

ასევე მინდა აღვნიშნო Messaging System – ნოთიფიქეიშენ პლატფორმა სხვადასხვა ინსტიტუციებისთვის, რომელიც საშუალებას გაძლევს თავად აკონტროლო ნებისმიერი ტიპის შეტყობინება, რაც კი გსურს გაუგზავნო საკუთარ მომხმარებელს, ასევე შეგიძლია აკონტროლო შეტყობინების არხები, დაამუშავო, გარდაქმნა და გაგზავნო მესიჯი.

საკმაოდ საინტერესო იყო მესიჯინგის სისტემის დამუშავება, როდესაც reengineering პროცესში ჩავერთე, რაც სრული სისტემის მიკროსერვისულად გადაწყობას გულისხმობდა.

ამ ეტაპზე, ერთ-ერთი მსხვილი ქართული კომპანიისთვის უნიკალურ ERP სისტემას ვქმნი ჩემი გუნდის წევრებთან ერთად. ეს არის სისტემა, რომელიც უნიკალურია და პირველად ჩვენ ვნერგავთ საქართველოში.

ახალი, ინოვაციური პროცესების მართვა ყოველთვის განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევს და მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ჩემთვის. ამიტომაც გადავწყვიტე Microsoft-თან თანამშრომლობის პარალელურად ჩემი პოზიცია შემენარჩუნებინა AzRy-ში.

Microsoft-ის ამბები

Microsoft-ის რეკრუტერი ლინკდინზე დამიკავშირდა, სამუშაოს აღწერილობა გამაცნო და მითხრა, რომ remote მუშაობის შანსი მექნებოდა. შერჩევის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო და 3 ეტაპისგან შედგებოდა, პირველ ორ შემთხვევაში ავტომატური დავალება მოგდის, ხოლო მესამე ეტაპი გასაუბრების პროცესია:

  1. ონლაინ ტექნიკური ტესტირება – გიგზავნიან კომპლექსურ ამოცანას, რომელიც ფიქსირებულ დროში უნდა ამოხსნა
  2. ყველასათვის კარგად ცნობილი ტექნიკური პლატფორმის ტექნიკური ანალიზი
  3. Microsoft Principal Engineer-თან გასაუბრება, რაც ორ მიმართულებად იყოფა:
  • გამოცდილების გაზიარება, არსებულ პროექტებზე მუშაობის პროცესის გაცნობა, გამოწვევები
  • Coding – ტექნიკური დავალება, რომელიც ფიქსირებულ დროში და სწორი გზით უნდა ამოხსნა.

როდესაც შემოთავაზება მივიღე, გადაწყვეტილებაც მალევე უნდა მიმეღო.  ერთ მხარეს იდგა ძალიან დიდ, საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება, ხოლო მეორე მხარეს კომპანია, რომელიც ჩემს პირველ სამსახურს წარმოადგენდა, სადაც მომეცა შანსი მემუშავა დიდ და მასშტაბურ პროექტებზე, დამეგროვებინა გამოცდილება და არ შეიძლება ამ ყველაფერს ემოციური ფონიც არ ახლდეს თან.

ბევრი დრო არ მქონდა მოსაფიქრებლად, სამუშაო გრაფიკები შევაჯერე და ჩემი იდეალური გეგმა ასე გამოიყურებოდა: მემუშავა Microsoft-ში და პარალელურად გამეგრძელებინა ჩემი პროექტები AzRy-ში.

თავდაპირველად არ ვიცოდი როგორ შეხვდებოდნენ ჩემს მოსაზრებას კომპანიაში, თუმცა როდესაც სიახლეები გავაცანი, ძალიან გამიხარდა, რომ ზუსტად ისე შეხვდნენ, როგორც ჩემს იდეალურ გეგმაში წარმომედგინა. ახლა ისევ აზრელი ვარ და თან მაიკროსოფტელი.

[პარტნიორის კონტნეტი]

მეცნიერებს ადამიანის ტვინის ასლის კომპიუტერულ ჩიპზე გადატანა სურთ

Chrome-ის “გვერდითი ძიების” პანელი – Google-ის საძიებო სისტემის გამოყენება უფრო ადვილი იქნება!