ალბათ, უმეტესობამ იცის, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბუნება იაპონელი ხელოვანების ნამუშევრებში. არტისტმა აზუმა მაკოტომაც მთელი თავისი შემოქმედებითი ცხოვრება მცენარეებისა და ყვავილების სხვადასხვაგვარ ინტერპრეტაციას მიუძღვნა, სადაც მათი არსებობა ბუნებრივი სამყაროს საზღვრებს სცდება. ახლა კი მან გადაწყვიტა, ყვავილების გაყინული პეიზაჟების ნაწილად ქცევის გზით, შეესწავლა მათი ცვალებადი ცხოვრება.
“ადგილს, ჰოკაიდოში, სადაც ეს ინსტალაცია მოეწყო, სამყაროს დასასრულსაც უწოდებენ, რადგან ზამთარში აქაურობა იყინება. ეს არის სერია, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ადევნებდა თვალს აზუმა ყვავილების უცნობ შესაძლებლობებს და როგორ გამოხატავენ ყვავილები საკუთარ თავს ამ პირობებში” – ამბობს Makoto Studio.