1
Oct
2018

როგორ დავრჩეთ 70 წლის ასაკშიც Funky ბაბუა – Azymuth-ის ტროპიკული საღამო „რესპუბლიკაში“

1 Oct 2018

1968 წელი, ცხელი და პოლიტიკური ზაფხული რიოში, კოპაკაბანას ბოჰემურ კვარტალში, იმ დროისთვის ჯერ კიდევ სესიური მუსიკოსი და პიანისტი, 23 წლის რობერტო ბერტრამი, საღამოხანს ხალხით სავსე ჯაზ კლუბში ატარებს, სადაც იგი ასევე სესიურ მუსიკოსს, პერკუსიონისტ ივან კონტის იცნობს, სულ მალე კი მათ მეგობრობას ბასისტი ალექს მალჰეიროსი ავსებს.

Projeto Tres-ის სახელით, პირველი ალბომის გამოშვების შემდეგ, რომელიც იმ დროისთვის აქტუალურ ბოსა-ნოვას მელოდიებთან შეთამაშებას ჰგავდა, მუსიკოსებმა ერთმანეთის გემოვნების სინთეზი მოახდინეს – ამერიკული ჯაზით, RnB-ითა და აქტუალური ფანკით მოხიბლულებს, ადგილობრივ სამბას რიტმებთან ექსპერიმენტირების სურვილი გაუჩნდათ, რაც იმ დროისთვის, დამწყები მუსიკოსებისთვის რისკიანი ნაბიჯი იყო.

1973 წლისთვის, ლოკალურ სცენაზე მათ პირველ საჯარო აღიარებას მიაღწიეს, როდესაც უკვე საკმაოდ ცნობილ მარკოს ვალესთან ერთად იმუშავეს ფილმის საუნდტრეკზე, რომელიც ბრაზილიელი მრბოლელის, ემერსონ ფიტიპალდის ცხოვრებას ეძღვნებოდა.

ამ დროისთვის ტრიოს საკუთარი უნიკალური ჟღერადობა უკვე ნაპოვნი ჰქონდა, მომავალში სამბა დოიდოს სახელით ცნობილმა მიმართულებამ სრულიად ახალი მუსიკალური რეალობა შექმნა ბრაზილიური აუდიტორიისთვის. მუსიკალური თემები, რომლებიც ბოსა-ნოვას რიტმის სტრუქტურას სცდება, თუმცა შეგრძნების დონეზე მთლიანად ბრაზილიური მუსიკის ტრადიციას აგრძელებს.

ტრიოს სახელიც სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა და ათეულობით წლების შემდეგ, მათ შემოქმედებას მუსიკალურ სამყარო Azymuth-ის სახელით გაიცნობს.

თბილისში არსებული აქტუალური მუსიკალური გარემოსა და ბრაზილიური ბენდის შემოქმედების 10 წლიანი ტრფობის მიუხედავად, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მათი ხილვა ასე მცირე ხანში დედაქალაქში იქნებოდა შესაძლებელი. ამ ყველაფერს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღება და რისკზე წასვლა სჭირდება, რაც რამდენიმე თვის წინ დაარსებულმა Lyra Entertainment-მა თავის თავზე აიღო და სადებიუტო საღამოს გახსნა გიჟური სამბას რიტმებით გადაწყვიტა.

28 სექტემბერი, [20:30]:  მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ზაფხულის კვალიც გამქრალია და საღამოხანს შემოდგომის სუსხმაც შეგვაწუხა, „რესპუბლიკის“ ვენიუს მიმდებარედ ხალხის რიგი უკვე დამდგარიყო. ორ მელომან მეგობართან ერთად, კიდევ ერთი მუსიკალური სურვილის ასრულებისთვის ვემზადები. ვენიუში მოხვედრისას, ნეთვორქინგის მიდამოს მალევე გავეცალეთ და მეორე სართულს მივაშურეთ.

პირველი შთაბეჭდილება, როგორც სხვა მსგავსი საღამოებისას ხდება იგივეა – „ნუთუ, ეს ხალხი მაგიდებთან მსხდომნი აპირებენ ამ ღონისძიებაზე დასწრებას?!“  – მაგრამ ვინაიდან ეს მიდგომა არ ახალია და უკვე ტრადიციადაც იქცა, აღარც მოვლენებით გაკვირვებას აქვს ადგილი. ყოველთვის სასიხარულოა იმ ადამიანების ხილვაც, რომლებისთვისაც ეს საღამო ისევე მოულოდნელი და სასიხარულოა როგორც შენთვის.

დაწყებისთვის ბევრი ლოდინი არ დაგვჭირდა. მალევე 70 წელს მიღწეული მუსიკოსები, ახალგაზრდა კოლეგასთან, კიკო კონტინენტინოსთან ერთად, ჩვენს წინ გამოჩნდნენ. კლავიშისტი ბენდს რამდენიმე წლის წინ, მუსიკალური ბირთვის, ხოსე რობერტო ბერტრამის გარდაცვალების შემდეგ შეუერთდა, რაც მისთვისაც და მთლიანად ბენდისთვისაც გამოწვევა აღმოჩნდა. ხშირად რთულია წარმოიდგინო, თუ რისი შემოთავაზება შეუძლია გენიალურ, თუმცა უკვე ასაკში შესულ მუსიკოსს – სტუდიური ჩანაწერებისგან განსხვავებით, დარბაზში ცოცხალ შესრულებას სულ სხვა ენერგეტიკა და აუდიტორიასთან კონტაქტი ესაჭიროება.

მეორე მხრივ კი, თუ ნამდვილი მუსიკოსი ხარ, ჭაღარა ვერაფერს დაგაკლებს – „სანამ ღმერთი ამის საშუალებას გაძლევს, უნდა იარო და იშრომო“ – აღნიშნავს დრამერი ივან „მამაო“ კონტი – „სანამ სიარული შეგვიძლია, დაკვრაც შეგვიძლია“ – ამატებს ვეტერანი მაჰლეიროსი. მომდევნი საათის განმავლობაში, რესპუბლიკაში შეკრებილი აუდიტორია ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში დარწმუნდა.

ასაკის მიუხედავად მუსიკოსების შემართება დაკარგული არ აღმოჩნდა. პირველი კომპოზიციების შესრულების შემდეგ, ცნობილი ჰიტის დროც დადგა, ტროპიკული, სენტიმენტური, ამავე დროს, იმედით სავსე „Last Summer In Rio” აუდიტორიის გამოცოცხლებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. აქ უკვე ყველას დაავიწყდა გარეთ მდგარი შემოდგომა და ზაფხულის საუკეთესო მოგონებების ნოსტალგიამ შეიპყრო. სამბა დოიდოს მუსიკალური ვირტუოზობა არ სჭირდება, თუმცა მისი მთავარი გასაღები მხოლოდ Azymuth-ის წევრებმა იციან და სწორედ ამ საიდუმლო ინგრედიენტის წყალობით ახერხებენ, შექმნიდან 50 წლის შემდეგაც აქტუალურები იყვნენ და ახალგაზრდა თაობასთანაც ისევე გააბან ემოციური ჯაჭვები, როგორც თავის დროს – რიოს პატარა კვარტლის დაპყრობისას.

მიუხედავად ბენდში მისი ახალბედობისა, კიკო კონტინენტინოს საკუთარი ვირტუოზობის გამოვლენა ყველა მიმართულებით მიეცა, თუმცა ყოველი კომპოზიციის დასრულების შემდეგ, მისი ხელები აუდიტორიას, ძველი გვარდიის პატივისცემისა და მათი დამსახურების აღნიშვნისკენ მიუთითებდა.

ივან კონტის დახვეწილმა დრამ იმპროვიზაციებმა და მსმენელთან გულწრფელმა კონტაქტმა, მაგიდებთან მოკალათებული აუდიტორიაც გამოაფხიზლა და ვენიუზე ერთიანი მუსიკალური ენერგია დამყარდა.

კონცერტის მსვლელობისას ერთმანეთს ენაცვლებოდა ფანკზე ორიენტირებული და ბენდის მშვიდი, ტროპიკული კომპოზიციები. აუდიტორიაში შეინიშნებოდნენ ადამიანები, რომლებიც თითქმის ყველა ვოკალურ პასაჟზე აჰყვნენ ჯგუფის წევრებს. 1 საათიანი პროგრამის შემდეგ, რთული გახდა წევრების კულისებში გადანაცვლება და მიუხედავად დაღლილობისა, კონცერტი ლამაზი ბისით დასრულდა.

პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ, მსურველებს საშუალება მიეცათ აზიმუტის ბოლო ალბომი, ფენიქსივით გაცოცხლებული “სამბა ოდისეა”, სახლში ავტოგრაფით დამშვენებული წაეღოთ.

საღამო თბილისელი ბასისტისა და პროდიუსერის, გიორგი მანაგაძის ბენდმა გააგრძელა და Zurkin-ის სელექციით დასრულდა, თუმცა ამავდროულად გაჩნდა იმედი, რომ “Lyra Entertainment”-ის საშუალებით მომავალში კვლავ ვიხილავთ საინტერესო და ქვეყნისთვის საჭირო მუსიკალურ აქტივობებს, რაც 70 წლიანი კულტურული ვაკუუმის შესავსებად გარდაუვალი ნაბიჯია.



განხილვა