in

”ბიზნეს კატალოგი” – ონლაინ მონაცემთა ბაზა მეწარმეებისთვის B2B ურთიერთობების დასამყარებლად

“ბიზნეს კატალოგი“ –www.bcat.ge  საქართველოში რეგისტრირებული კომპანიების შესახებ ორენოვანი, ონლაინ მონაცემთა ბაზაა.

3

მირანდა ხუფენია (”ბიას” კომერციული მენეჯერი): ”მისი ძირითადი მიზანია მეწარმეებისთვის B2B (Business to Business) ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობა. ბაზა აერთიანებს 13 000–ზე მე კომპანიას, თითოეული კომპანიის პროფილი მოიცავს 40-ზე მეტ საინფორმაციო ველს. რაც მთავარია, მარტივი საძიებო სისტემის მეშვეობით „ბიზნეს კატალოგის“ მომხმარებელს შეუძლია მარტივად მოიძიოს სამიზნე კომპანიები, თავად შექმნას და გადმოტვირთოს სია ამ კომპანიების სასურველ ინფორმაციასთან ერთად”.

როდის დაიწყო ამ პროექტის განხორციელება?

სს. ბია გახლავთ შპს „ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიუროს“ მიერ დაარსებული. მისი ერთ-ერთი პროექტია „კრედიტ-ინფო საქართველოც“. 10 წელია საქართველოდან საერთაშორისო რისკის (სადაზღვევო, საკრედიტო, საოპერაციო რისკები) მართვის კომპანიებისა და ინვესტორებისათვის ბიზნეს ინფორმაციის ერთადერთი მიმწოდებლები ვართ. ქართული საწარმოების შესახებ ბიზნეს ინფორმაციას ვაწვდით ისეთ პარტნიორებს, როგორიცაა: D&B (Duns & Bradstreet) (აშშ), Kompass (საფრანგეთი), Interfax (რუსეთი), და IGK AG (ლატვია).

ჩვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, პოტენციურ უცხოელ ინვესტორებსა და მომწოდებლებს უადვილდებათ გადაწყვეტილების მიღება ქართულ კომპანიებთან ბიზნეს ურთიერთობის დამყარებასთან დაკავშირებით. ამდენად, კომპანიას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებასა და შესაბამისად, ახალი ბიზნეს ინვესტიციების მოზიდვის საქმეში სოლიდურ პლატფორმას ქმნის. რაც შეეხება „ბიზნეს კატალოგს“, (”ბიას” ერთ-ერთი პროექტი) ტექნიკურ ნაწილზე მუშაობა დავიწყეთ 2011 წელს, მომხმარებლებისათვის კი www.bcat.ge ხელმისაწვდომი გახდა 2013 წლის აპრილში.

რა არის ”ბიზნეს კატალოგის” შექმნის მიზანი?

უპირველესი მიზანია საქართველოში ბიზნეს ინფორმაციის მართვის კულტურის დანერგვა. კომპანია მაქსიმალურად ცდილობს ბიზნეს ინფორმაციის სააგენტოებთან მჭიდრო და ხშირი თანამშრომლობით, თავისი პროფილი მუდმივად განახლებული ჰქონდეს, რათა არსებულ და პოტენციურ პარტნიორებს გაუადვილოს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება.

„ბიზნეს კატალოგის“ თავდაპირველი და ძირითადი მიზანი იყო შეგვექმნა ყველასთვის ანუ ნებისმიერი დარგისთვის გამოსადეგი ინფორმაცია, თუმცა, ამავდროულად ყოფილიყო ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი საინფორმაციო საიტი, მარტივი საძიებო სისტემით.

კომპანიის გამოწვევა მდგომარეობდა შემდეგში, რომ www.bcat.ge  გამხდარიყო არა მარტო ბიზნეს ინფორმაციის პროვაიდერი, არამედ ნებისმიერი კომპანიისთვის ონლაინ თანამშრომელი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდი ასრულებს ასობით კომპანიისთვის და განსაკუთრებით მათი მარკეტინგის, გაყიდვების, შესყიდვების, კადრების სამსახურებისთვის, უხეშად რომ ვთქვათ, „შავ სამუშაოს“, თავად პორტალი ბია.ჯი კი შეგროვებულ ინფორმაციას მარტივი მოქნილი საძიებო სისტემით გადასცემს მომხმარებელს.

ჩვენი მეშვეობით გაცილებით ეფექტური ხდება ჩვენი მომხმარებლების საქმიანობა, რადგან მოსამზადებელ სამუშაოებზე ნაკლებ დროს, ენერგიას და საკადრო რესურსს ხარჯავენ.

ვისთვისაა შექმნილი ეს კატალოგი?

მიუხედავად იმისა, რომ „ბიზნეს კატალოგი“ საინფორმაციო საიტის ფუნქციასაც ასრულებს, ძირითადად, მეწარმეებისთვისაა გათვლილი. ეს მონაცემთა ბაზა ერთგვარი სახელმძღვანელოა ქართველი მეწარმეებისათვის საქმიანობის დაწყებამდე და მის შემდეგაც, რადგან ის ხელს უწყობს ბიზნესის სწორად დაგეგმვას, რისკების შემცირებას, პოტენციური მომხმარებლების, მომწოდებლებისა და პარტნიორების შერჩევას, და სხვა. „ბიზნეს კატალოგი“ განსაკუთრებით სასარგებლოა კორპორატიულ გაყიდვებზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.

გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიოში ყოველ 5 წუთში რეგისტრირდება ახალი საწარმო, ყოველ 6 წუთში იცვლებიან აქციონერები და ყოველ 32 წამში – მენეჯმენტი, ყოველ 3 წუთში კი იხურება ერთი კომპანია, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ინფორმაციის დროულად ფლობა. ბიზნეს სექტორის გარდა მას იყენებენ საერთაშორისო ბიზნეს გაერთიანებები, საელჩოები, სავაჭრო–სამრეწველო პალატები.

ბაზის მეშვეობით ისინი პირდაპირ აკავშირებენ კომპანიებს ერთმანეთს, რაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობის დამყარებას. ასევე შეუძლიათ ეფექტურად ისარგებლონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და კვლევითმა ინსტიტუტებმა და უნივერსიტეტებმა კვლევითი საქმიანობისთვის.

რა ტიპის ინფორმაციაა თავმოყრილი ამ კატალოგში?

ნებისმიერი კომპანიის პროფილი შედგება 5 ძირითადი სექციისგან: ზოგადი – საქმიანობის სფერო, იურიდიული რეკვიზიტები, საკონტაქტო ინფორმაცია, ფილიალები, სტატუსი (ფუნქციონირებადია თუ შეჩერებული); მენეჯმენტი – დამფუძნებლები, მშობელი და შვილობილი კომპანიები, ზედა რგოლის მენეჯმენტი, თანამშრომლების გენდერული გადანაწილება და საშუალო ასაკი;

მარკეტინგი – კომპანიის ზომა, თანამშრომლების რაოდენობა, სერტიფიკატები, ექსპორტ–იმპორტი, მომსახურე კომპანიები (ბანკი, დაზღვევა, ნავთობკომპანია, ინტერნეტპროვაიდერი, მობილუროპერატორი), ადგილობრივი და უცხოელი პარტნიორები, მომწოდებლები, დისტრიბუტორები და დილერები; ფინანსები – ბრუნვის დიაპაზონი, კომპიუტერების რაოდენობა, საშუალო ხელფასი, უძრავი ქონება და სხვა.

PRexchange– ინტეგრირებულია www.prexchange.ge-თან, რათა მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება ბიზნეს ინფორმაციასთან ერთად გაეცნოს ამ კომპანიაში მიმდინარე PR აქტივობებს.

როგორ შეიძლება მოხვდეს კომპანია თქვენს ბაზაში?

„ბიზნეს კატალოგი“ ინტერნეტ სივრცეში გავიდა 7000 კომპანიით, თავდაპირველად კომპანიები შეირჩა ზომის მიხედვით, თუმცა დღეს ჩვენ ვითვალისწინებთ ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს და ბაზაში შესაყვანი კომპანიების პრიორიტეტიზაცია ხდება როგორც ზომის, ასევე ადგილმდებარეობის, საქმიანობის და დაარსების თარიღის მიხედვით.

ასევე ბაზა მდიდრდება თავად კომპანიების წარმომადგენლების მიერ, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ კომპანია არ ფიქსირდება www.bcat.ge–ზე, კომპანიის უფლებამოსილ პირს შეუძლია გაიაროს იურიდიული პირის რეგისტრაცია და თავად დაამატოს კომპანია. ნებისმიერი კომპანიის შესახებ საბაზისო ინფორმაციის მოძიება ხდება, როგორც საჯარო წყაროებიდან, ასევე თავად ამ კომპანიების პასუხისმგებელ პირებთან გასაუბრების გზით.

რა პერიოდულობით ახლდება კატალოგი?

„ბიზნეს კატალოგი“ ყოველდღიურად მზარდია, თვეში საშუალოდ 500–მდე კომპანია ემატება და ამდენივე ახლდება. მთელი ბაზა ჩვენი რესურსით წელიწადში ერთხელ ახლდება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობა კომპანიებისა, რომელიც საერთაშორისო დაკვეთების საფუძველზე წელიწადში 3-4–ჯერ ახლდება.

როგორ ხდება „ბიზნეს კატალოგზე“ წვდომა?

„ბიზნეს კატალოგში“ არსებული ზოგადი ინფორმაცია (კომპანიის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, საქმიანობა) ხელმისაწვდომია ნებისმიერი ვიზიტორისთვის. რაც შეეხება დანარჩენ ძირითად ინფორმაციას ხელმისაწვდომია (ხილვადია) მხოლოდ ჩვენი კლიენტებისთვის.

„ბიზნეს კატალოგი“ ყველა ბიზნესმენისთვის გამოსადეგი პროდუქტია, თუმცა ინფორმაციის ის მოცულობა, რაც ბაზაშია მოცემული, ყველა კომპანიას ერთნაირად არ ესაჭიროება. სწორედ ამის გამო, ჩვენ დავყავით ბაზაში არსებული ინფორმაცია სხვადასხვა სექციებად.

შესაბამისად, მომხმარებელს თავად შეუძლია შეარჩიოს და შეიძინოს მისთვის საინტერესო ცალკეული სექციები ან მათი კომბინაცია და მიიღოს წვდომა სწორედ იმ საინფორმაციო ველებზე, რაც მისი საქმიანობის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია.

გახდი ფერმერი 350$-ად

ჯოკრები გამოჩნდნენ – JB.ge-ს ბოლო ვიდეო