4
May
2018

B2C.ge – ქართული ონლაინ პლატფორმა მათთვის, ვისაც ელექტრონული კომერცია აინტერესებს!

4 May 2018

ონლაინ ვაჭრობა ყოველდღე უფრო მეტად იკიდებს ფეხს ქართულ ინტერნეტ ბაზარზე და ონლაინ მაღაზიის შექმნის მსურველთა რიცხვიც სულ უფრო იმატებს. თუმცა, კომერციული ინტერნეტ პლატფორმის შექმნა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რამაც, თავის მხრივ, დამატებითი სერვისების წარმოქმნა განაპირობა. B2C ქართული ონლაინ პლატფორმაა, რომლის შემქმნელებიც შეეცადნენ, ონლაინ ბიზნესის მსურველებისთვის მომხმარებლამდე “მისასვლელი გზა” გაემარტივებინათ. დეტალებზე B2C-ის პარტნიორს, ალექსანდრე ცინცაძეს, ვესაუბრეთ.

 

M: რა სერვისებს მოიცავს B2C?

B2C წარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საშუალებას აძლევს მცირე თუ საშუალო მეწარმეს/ბიზნესს ძალიან მარტივად, დამოუკიდებლად  შექმნას სრულყოფილი ონლაინ მაღაზია და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით, ახალ სიმაღლეზე აიყვანოს მომხმარებელთან ურთიერთობის პროცესი. მათ შორის მარკეტინგი, პროდუქციის კატალოგიზაცია, გაყიდვები, ლოგისტიკა და მიწოდება.

სერვისების ჩამონათვალი ავიღეთ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიების დეველოპმენტის პროცესში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ასევე საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით: პროდუქციის კატოლოგირება, ფასდაკლებების აქციები, მომხმარებლების მართვა, მთავარი გვერდის დიზაინი და წყობის ცვლილება, გადახდისა და მიწოდების მეთოდების მრავალფეროვნება და ა.შ.

M: რა საჭიროებამ განაპირობა ამ პლატფორმის შექმნა?

ზოგადად, E-commerce მიმართულება იმდენად სწრაფი ტემპებით ვითარდება მსოფლიოში, რომ წამყვან გლობალურ ბრენდებს ამ მიმართულებით არ ყოფნით დრო და რესურსი სრულად გაითვალისწინონ განვითარებადი და შედარებით მცირე ქვეყნების სპეციფიური საჭიროებები, შესაბამისად ბაზარზე ჩნდება მოთხოვნა, რომლის დაკმაყოფილების საშუალებაც შედარებით ახალ პლატფორმებს ან ადგილობრივ ვებ-დეველოპერებს ეძლევათ.

B2C-ის ერთ-ერთი მომხმარებელი, www.lobster.ge

ჩვენ შემთხვევაში, პლატფორმა B2C-ის შექმნა განაპირობა, ბარიერებმა, რომელიც ხელს უშლის საქართველოში და ჩვენს მსგავს ქვეყნებში ვაჭრობის სფეროს ე.წ. „გაციფრულება“-ს. ვისაც შეხება ჰქონია, კარგად იცის, რომ ფუნქციონირებადი ონლაინ მაღაზიის შექმნა რამდენიმეთვიანი პროცესია და შედგება მინიმუმ შემდეგი ეტაპებისგან: სანდო ვებ-დეველოპერული კომპანიის შერჩევა; დამკვეთისა და დიზაინერის ხედვების შეჯერება; ხანგრძლივი აქტიური სამუშაო პროცესი პროგრამისტების ჯგუფთან; ბანკთან კონტრაქტის გაფორმება და საგადახდო სისტემის ინტეგრირება პლატფორმაში; დომენისა და ჰოსტინგის სერვისის შეძენა; უსაფრთხოების სისტმების შეძენა და მისი პლატფორმასთან ინტეგრაცია; საკურიერო კომპანიის დაკონტრაქტება, მათთან ინფორმაციის გაცვლის სისტემის აწყობა… შეიძლება რაღაც ეტაპები გამომრჩა, მაგრამ ზემოთ ჩამოთვლილიც საკმარისია იმის გასაგებად, რომ ეს არის დროში ძალიან გაწელილი პროცესი, რომელიც დაკავშირებულია, რამდენიმე ათას ლარიან ბიუჯეტთან და პარალელურად, ძალიან ბევრ საოპერაციო თუ რეპუტაციულ რისკთან. ყველაზე მნიშვნელოვანი – ეს პროცესი, პირველ რიგში, დაკავშირებულია მტკიცე ნერვულ სისტემასთან.

სწორედ ამ ბარიერების მოხსნა და პროცესის მაქსიმალური გამარტივება დავისახეთ ჩვენმა გუნდმა მიზნად, როდესაც დავიწყეთ ამ პლატფორმაზე მუშაობა. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ საკმაოდ მსხვილი E-commerce პროექტების გაშვების პარალელურად, ჩვენ დაგვიგროვდა სფეროში ძალიან დიდი ტექნიკური ცოდნა, ასევე, სრულად გავეცანით ადგილობრივი მეწარმეების მოთხოვნებს ონლაინ მაღაზიის მიმართ.

M: ქართულ ინტერნეტ სივრცეში აქამდეც ყოფილა ვენდორული პრინციპის პლატფორმები, რით განსხვავდება B2C?

ჩვენ დიდ პატივს ვცემთ კონკურენტებს, ვხვდებით რომ კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, პლატფორმა B2C-ის შემდგომი განვითარებისთვის. თუმცა, ამ ეტაპზე, არ არსებობს ადგილობრივ ბაზარზე მოთამაშე, რომელიც მოგთხოვთ მხოლოდ ელექტრონული ფოსტის მითითებას და მაღაზიის დასახელების შეყვანას და შედეგად 2 წუთში მიიღებთ ფუნქციონირებად ონლაინ მაღაზიას დამოუკიდებელი დომენით. შესაბამისად, ჩვენი მთავარი უპირატესობა სისწრაფე და კომფორტია. 

დღეს ბაზარზე არსებობენ მოთამაშეები, რომლებიც გვთავაზობენ მზა შაბლონებს, რომლებიც ძირითადად უცხოურ „ძრავებზეა“ აწყობილი, თუმცა ეს სრულიად სხვა ბიზნეს მოდელია. ამას გარდა, B2C-ის აქვს ორი პრინციპული განსხვავება კონკურენტებისგან: პირველ რიგში, ჩვენი სისტემა მორგებულია მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე და გათვალისწინებულია ამ მიმართულებისთვის საინტერესო ყველა კომპონენტი, შესაბამისად, ჩვენი პლატფორმა არ იქნება ეფექტური სტანდარტული საინფორმაციო ვებგვერდებისთვის. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ ჩვენ პლატფორმებს ვქმნით ე.წ. „სქრეჩ“ პრინციპით, ანუ პლატფორმის დეველოპმენტი იწყება 0-დან და ჩვენ არ ვიყენებთ მზა ძრავებს. შესაბამისად, ჩვენთვის მარტივია, ადგილობრივი კლიენტის ნებისმიერი სპეციფიური სურვილის გათვალისწინება, ნებისმიერი სახის ცვლილება და ნებისმიერ გლობალურ თუ ლოკალურ საგადახდო სისტემასთან, საფოსტო სერვისთან ან ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამასთან ინტეგრაცია. მზა ძრავების შემთხვევაში, ეს ყველაფერი გაცილებით რთულად მიიღწევა.

M: რა ხარჯებთან არის დაკავშირებული ონლაინ მაღაზიის გახსნა თქვენს პლატფორმაზე?

ონლაინ მაღაზიის გახსნა შეგიძლიათ აბსოლუტურად უფასოდ. პირველი 30 დღის განმავლობაში მისი სრული ფუნქციონალი თქვენთვის ხელმისაწვდომია ყოველგვარი გადასახადის გარეშე. 30 დღიანი უფასოდ სარგებლობის პერიოდის გასვლის შემდეგ, მეწარმე სტანდარტულ პაკეტით სარგებლობისთვის გადაიხდის ყოველთვიურად 99 ლარს. რაც, დაახლოებით, პრესტიჟულ ადგილას 1 კვმ სავაჭრო ფართის იჯარის ღირებულებას უტოლდება.

M: როგორია საკომუნიკაციო სტრატეგია? რა საინფორმაციო არხებს იყენებთ პლატფორმის პოპულარიზაციისთვის?

ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ პოტენციურ მომხმარებელს მივაწვდინოთ ხმა, გამომდინარე თავად პროდუქტის მიმართულებიდან, ძირითადად, გამოვიყენებთ ციფრულ საკომონიკაციო არხებს (სოციალური მედია, საინფორმაციო პორტალები). ამავდროულად ვგეგმავთ თანამშრომლობას და პრეზენტაციების ჩატარებას წამყვან უნივერსიტეტებში.

სტუდენტები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სეგმენტია, რადგან მათ, ერთი მხრივ, შეუძლიათ გახსნან საკუთარი ონლაინ მაღაზიები და რეალობად აქციონ საკუთარი ბიზნეს იდეები, მეორე მხრივ კი, მათ შეუძლიათ არსებულ მსხვილ ბიზნესებს შესთავაზონ B2C-ის მეშვეობით ონლაინ მაღაზიის შექმნა და შემდეგ მისი ადმინისტრირების მომსახურება, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

 

M: რა პროცედურებს მოიცავს მაღაზიის გახსნა B2C.ge-ზე?

მაღაზიის გახსნა ჩვენს პლატფორმაზე ძალიან მარტივი პროცესია: ვებგვერდზე www.b2c.ge მომხმარებელი აფიქსირებს საკუთარ ელექტრონულ ფოსტას, პაროლს, რომლის გამოყენებითაც შეძლებს ვებგვერდის მართვას და მაღაზიის დასახელებას, რომელიც ავტომატურად გახდება ამ მაღაზიის მისამართი ანუ დომენი. მომხმარებელი მითითებულ ფოსტაზე იღებს უნიკალურ ლინკს, რომლზე დაკლიკვის შემდეგაც ონლაინ მაღაზია შექმნილია. ამის შემდეგ უკვე იწყება მაღაზიის მართვის პროცესი: მეწარმე ტვირთავს საკუთარ ლოგოს, პროდუქტების სურათებს და ფასებს. ირჩევს რა დიზაინი არის მისთვის მისაღები, წყვეტს რა გადახდის მეთოდებით სარგებლობა უნდა და ასე შემდეგ.

M: ვინ ქმნის B2C-ის?

ვებ-პლატფორმა B2C-ის ინიციატორია ბიზნეს საკონსულტაციო ჯგუფი „სოლარისი“ და ვებ-დეველოპერული სტუდია „დიზაინ.გე“, შესაბამისად პლატფორმაზე მომუშავე გუნდი შედგება დიდი გამოცდილების მქონე ბიზნეს კონსულტანტებისგან, ფინანსისტებისგან, ვებ-დეველოპერებისგან, სისტემის ადმინისტრატორებისგან, დიზაინერებისა და მარკეტინგის სპეციალისტებისგან.

განხილვა