in

“თუ არ დაიწყებ, ვიღაც სხვა მოიფიქრებს, გააკეთებს და გული დაგწყდება” – “ბაბისიას” ილუსტრირებული ჩარჩოების ამბავი

Startauperi
Startauperi

“მე ბაბი მაჭავარიანი ვარ და ჩემ გარშემო, ყველაფერი ხატვას და ხელოვნებას უკავშირდება…”

დროდადრო, საკუთარ თავს ვპირდებით, რომ საქმეს მაშინ დავიწყებთ, როდესაც რთული პერიოდი გადაივლის და ყველაფერი ჩაწყნარდება. თუმცა, ვიცით კი დანამდვილებით, როდის არის სწორი დრო ჩვენი წამოწყებისთვის? იქნებ, სწორედ ეს უცნაური ქარიშხლიანი პერიოდია დროული? ან, იქნებ გადაწყვეტილების მიღება იქამდე გადაგვედოს, რომ იგივე იდეა სხვასაც მოუვიდეს და გააკეთოს? დღეს, “ბაბისიას” ილუსტრირებულ ჩარჩოებსა და მის შემქმნელზე, ბაბი მაჭავარიანზე გიამბობთ.

ბაბი მაჭავარიანი

ამბავი კი ასე იწყება… 

“გრაფიკასა და ილუსტრაციას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში დავეუფლე. მახსოვს, აკადემიის დამამთავრებელ კურსზე კლაუს ჰიპის მიერ ორგანიზებულ გამოფენა-კონკურსში მივიღე მონაწილეობა, სადაც დაზგური გრაფიკისა და ქანდაკების მიმართულებით ნამუშევრები უნდა შეგვექმნა, ჰოდა, მეც ორივე მიმართულებით შევქმენი ნაშრომი. მახსოვს როგორ მოუახლოვდა 21 წლის ბაბის, ბატონი კლაუსი და თავისი წიგნაკი გაუწოდა, უთხრა ჩაეწერა მონაცემები და მისამართი, შემდეგ კი მოაყოლა, რომ დავლოდებოდი მიუნხენის ლითოგრაფიის ხელოვნების სკოლიდან მოწვევას. ამგვარად კონკურსის ერთერთი გამარჯვებული გავხდი. ახალ ამბავს ორჭოფობა მოჰყვა, რადგან პატარა, წლის და სამი თვის იყო და მისი დატოვებაც მიძნელებოდა. ჩემი მეუღლის აზრით, უარი არასდროს უნდა მეთქვა და არ უნდა გავჩერებულიყავი. ასე აღმოვჩნდი მიუნხენში, რაც აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი და სრულიად ახალი გამოცდილება ჩემი როგორც პროფესიონალის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში. გერმანიაში ყოფნას 2008 წლის ომი დაემთხვა. ორად ვიყავი გახლეჩილი, ყველანაირი თვალსაზრისით, ყველა, ვინც მიყვარდა საშიშროების ქვეშ იყო! ჩემი მეუღლის ოჯახს მოუწია დაეტოვებინა ყველაფერი და თბილისში ლტოლვილად გადმოსულიყო. უკან დაბრუნებულს ყველაფერი გაჩერებული დამხვდა, თითქოს ყველაფერი თავიდან იწყებდა ფეხის ადგმას.”

M: რა გამოცდილებდა დააგროვეთ, სანამ “ბაბისიაზე” დაიწყებდით მუშაობას?

ილუსტრაციების შექმნაზე პირველი შემოთავაზება პალიტრა L-ისგან მივიღე. გავაფორმე თამრი ფხაკაძის ლექსები „ანბანთქება“. რაც უფრო ვეცნობოდი თანამედროვე ლიტერატურას და ილუსტრირებულ ნაწარმოებებს, უფრო დიდი სურვილი მიჩნდებოდა დიჯითალის შესწავლის. თავდაპირველად, ნაჩუქარი პლანშეტით დავიწყე ხატვა. რთული იყო – საღებავებით ხატვის ტექნიკა, ბუნებრივია, განსხვავდება დიჯითალისგან. პროგრამების შესწავლა კერძოდ დავიწყე და ხშირად ბავშვებით მიწევდა ლექციაზე მისვლა, სადაც ხან ერთს ეძინა ხან მეორეს და ამ დროს ვსწავლობდი პროგრამებს. რაღაც დროის მერე მივხვდი, ძალიან მაინტერესებდა გრაფიკული დიზაინის სფერო და ამ მიმართულებით გადავეშვი. პირველი მნიშვნელოვანი სამსახური “ბიბლუსი” იყო. იქ სამი წლის განმავლობაში ვმუშაობდი და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე როგორც გრაფიკულმა დიზაინერმა. მას მერე, სხვადასხვა სამსახური გამოვიცვალე. თუ საქმეში თავი ამოვწურე განვითარებას ვაგრძელებ, გარემოს ვიცვლი იმისთვის რომ არ გავიყინო. ამჟამად, “ნიკორას” უფროსი დიზაინერი ვარ და უშუალოდ ჩემი მიმართულება პროდუქტის შეფუთვაა.

M: როგორ გააერთიანეთ პროფესიები, რაც საყვარელ საქმედ ჩამოყალიბდა?

კარგა ხანს მინდოდა საკუთარი სტარტაპის წამოწყება. იდეებიც მქონდა, რომლებიც რაღაც დროის მერე, სხვების მიერ ხორციელდებოდა. მესამე ბავშვის შეძენის შემდეგ, “ბიბლუსელებმა” მაჩუქეს საჩუქრები, რომელთა შორის საყვარელი ჩარჩო იყო. ყოველთვის მინდოდა ჩემს ნამუშევრებს, უკვე ოცდაექვსამდე წიგნის ილუსტრაციებისგან რომ შედგება, სხვა დატვირთვაც ჰქონოდათ. ერთხელაც, როდესაც პატარას ვაძინებდი, ამ ჩარჩოს ვუყურებდი. გავიფიქრე, ეს რომ ილუსტირებული იყოს, რა საყვარელი გამოვიდოდათქო. იდეა იდეად რჩებოდა და ოთხი წლის თავზე, ჩემმა მეგობარმა მითხრა, თუ არ დაიწყებ, ვიღაც სხვა მოიფიქრებს, გააკეთებს და გული დაგწყდება, გადადგი ნაბიჯიო.

M: საქმე პანდემიის პერიოდში დაიწყეთ. პირველ ნაბიჯებზე მოგვიყევით და გვიამბეთ, როგორ მოერგეთ პანდემიის რეალობას?

მე და ჩემმა მეუღლემ, ლადომ, მასალების მოძიება და სხვადასხვა სარეკლამოებთან მოლაპარაკება დავიწყეთ. ამ ყველაფერს დაემთხვა პანდემიის პერიოდი, როცა სახლიდან გვიწევდა მუშაობა და შედარებით გაჩერებული იყო ყველაფერი. მეტი დრო გამომიჩნდა. პირველი ჩარჩო რომ დავინახე, მივხვდი ეს ის იყო – იმას, რაზეც ამდენი ხანი ვფიქრობდი, ხორცი შეესხა. თავდაპირველად ოთხი სხვადასხვა ილუსტრაციის ჩარჩო გვქონდა – სულ, 40 ცალი. შეკვეთიდან აღებული თანხა მთლიანად ჩემს სტარტაპს მოვახმარე, იყო შიშის შეგრძნებაც, იქნებ არ მოეწონოთ-მეთქი. პირველი შემფასებლები ჩემი ოჯახის წევრები, შვილები არიან. სხვადასხვა ასაკის ბიჭები 13, 11 და ოთხის, ამიტომ ფაქტობრივად სახლში ყველაზე კარგად ხდება სწორი მიმართულების მოცემა. ბავშვები მაძლევენ შენიშვნას და აქტიურად არიან ჩართული პროცესში, რაც ძალიან მეხმარება.

მიუხედავად იმისა, რომ რთულ პერიოდში დავიწყე სტარტაპის განვითარება, ვფიქრობ ცოტა დროულიც იყო. გამომდინარე იქედან რომ დაბადების დღეებზე მისვლა მოსვლა შეჩერდა, მომხმარებელს ვაძლევთ შესაძლებლობას შეარჩიონ სასურველი ჩარჩო, შუძლიათ გამოგვიგზავნონ ფოტოსურათი, ჩვენ დავბეჭდავთ, ჩავსვამთ, მისალოც ბარათზე სასურველ ტექტსაც დავიტანთ და სასაჩუქრე შეფუთვით მიგვაქვს იუბილართან, რომ გავულამაზოთ პატარებს ზოგჯერ ვერგადახდილი დაბადების დღეები. პროდუქტი ბავშვებისთვისაა, ხშირად მწერენ დიდებისთვისაც ხომ არ გვაქვს, თუმცა ეს ნიშა ვფიქრობ ბევრად უფრო ახლოს არის ჩემთან. ვფიქრობ შევძელი ჩემი პროფესიები გამეერთიანებინა და ყველაზე საყვარელი საბავშვო ილუსტრაციების სრულიად სხვა დატვირთვით შექმნა.

M: როგორ უთავსებთ სამი შვილის აღზრდას, სამსახურსა და სტარტაპის განვითარებაზე ზრუნვას?

ვცდილობ, დრო მაქიმალურად გადავნაწილო. ოჯახს სამ შვილსა და სამსახურს დიდი დრო მიაქვს. ამას უკვე სტარტაპი „ბაბისიაც,, დაემატა… მაგრამ ვერ ვჩერდები. ხშირად ღამის 3-4 საათამდე მიწევს მუშაობა, თუმცა ამ ყველაფრის გარეშე წარმოუდგენლად მიმაჩნია ცხოვრება და ვფიქრობ, შვილებსაც აუცილებლად სჭირდებათ რეალიზებული მშობლები.

M: ბიზნესის მართვა, პროდუქტის შექმნის გარდა, ბევრ სხვა უნარს მოითხოვს… რისი შესწავლა მოითხოვა თქვენგან ამ საქმემ?

პროდუქტის უპირატესობას მაღალი ხარისხი ეკოლოგიურად სუფთა ბეჭდვა და ბავშვებზე მორგებული საავტორო ილუსტრაციები განაპირობებს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ახალი პროდუქციის დიზაინის შექმნა და წარდგენის გამოცდილება მქონდა, თუმცა ახალი გამოწვევა იყო სოციალური მედიის მართვა, რასაც მეგობრების დახმარებით ნელ-ნელა ვეუფლები და მომხმარებლებისთვის სწორად წარდგენას ვახერხებ, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სასწავლი. საკმაოდ საინტერესოა უშუალო კონტაქტი მომხმარებელთან – ინტერესდებიან, როგორია პროდუქტი, რამდენად ხარისხიანი…

M: რა გაძლევთ ამ საქმის კეთების მოტივაციას?

ინტერესიდან გამომდინარე, დაემატა ახალი ილუსტრირებული ჩარჩოები, გამოიკვეთა გაყიდვადი პროდუქტები და დღესდღეობით, უკვე გვაქვს როგორც სხვადასხვა ზღაპრის, ასევე საახალწლო თემატიკის ჩარჩოებიც, მომხმარებელს მეტი არჩევანი აქვს, რაც კიდევ უფრო გაიზრდება. არ მავიწყდება პირველი შეკვეთა – ისე ვნერვიულობდი, გაგზავნის ღილაკს ვეძებდი, პასუხი რომ დამებრუნებინა… ძალიან ემოციური იყო. საღამოს საათებში ჩავუშვი გვერდი და შეკვეთები ღამის 2-მდე შემოდიოდა… მოტივაციას მიზრდის ყოველი კმაყოფილი მომხმარებლის წერილი.

M: რას გეგმავთ სამომავლოდ?

სამომავლოდ, ვიმედოვნებ, სულ მალე დასრულდება ეს რთული პერიოდი და ასორტიმენტის გაზრდასთან ერთად, გაიზრდება ,,ბაბისიას,, ხელმისაწვდომობა. ამ ეტაპზე, ვაწარმოებ მოლაპარაკებას რამდენიმე ცნობილ ქსელთან, სადაც შესაძლოა ,,ბაბისიას,, საავტორო ჩარჩოებმაც დაიკავოს ადგილი, ხოლო მანამდე, ონლაინ პლატფორმით ვეცდები გავუზიარო ზღაპარი პატარებს.

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

გიორგი ყიფიანი: „ბიჭებს, მატჩის დაწყებამდე, შინდისის გმირების კადრები ვაჩვენეთ“

ლათინური ანბანით მოთხრობილი კამასუტრა – ფრანგი არტისტის წიგნი