მუსიკა ისეთი რამეა, ყველა მუსიკოსთან შენეულ დამოკიდებულებას გიჩენს. ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, თანამედროვე სმარტფონები არ იყო, მაგრამ გვქონდა მობილური ტელეფონები, სადაც სიმღერების ჩაწერა შეგეძლო, მეგობრები ერთმანეთს ახალაღმოჩენილ ტრეკებს ვუზიარებდით და ჩემს ტელეფონშიც ასე მოხვდა ერთი სიმღერა, რომლის სახელწოდებაც დღეს უკვე აღარ მახსოვს, მაგრამ მახსოვს ხმა, რომელიც მაშინ ძალიან მომწონდა.
მოგვიანებით, წლების მერე, ერთ-ერთ ღონისძიებაზე მოწვეული მუსიკოსისგან სწორედ ნაცნობი ხმა გავიგონე და როცა სახელი-გვარიც დაემთხვა, მივხვდი, რომ ეს იგივე ბაჩო ჯიქიძე იყო.
შემდეგ კიდევ გავიდა გარკვეული დრო: გამოჩნდა ახალი ტრეკები სხვადასხვა პლატფორმაზე, ჯგუფი „ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები” და ბაჩოს სახელი კვლავაც ხშირად ფიგურირებს იქ, სადაც მუსიკოსები არიან. მისი საავტორო მუსიკიდან მსმენელს ალბათ ყველაზე კარგად ახსოვს „სიმღერა ოლიგარქზე”, რომელიც არის არა უბრალოდ მუსიკა მოსასმენად, არამედ გასააზრებლად. ზოგადად, უნდა ვთქვათ, რომ ბაჩოს შემოქმედების ძირითადი ნაწილი ასეთია – შეულამაზებელი სიმართლე, რომელსაც ის გარემოზე დაკვირვების შემდეგ პოეტურად გვიზიარებს. ყველა ამ მიზეზის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რუბრიკაც დაინტერესდა ბაჩოთი და გვსურს, მისი ინტერვიუ შემოგთავაზოთ.
M: ბაჩო, მოდი, საუბარი დავიწყოთ მუსიკასთან პირველი შეხებით: როდის გაჩნდა ინტერესი, რა იყო თქვენთვის გადამწყვეტი?
ბიძაჩემი ყაზახეთში ცნობილი მუსიკოსი იყო, ყაზახ ბობ დილანსაც კი ეძახდნენ. მისგან მახსოვს სიტყვები, რომლებსაც სულ მეუბნებოდა: „ბაჩო არ გინდა მუსიკოსობა”, თუმცა ამ ნათქვამმა ჩემზე საპირისპირო გავლენა მოახდინა და უფრო მომინდა მუსიკასთან ახლოს ყოფნა.
თუმცა სწავლა ძალიან ადრეულ ბავშვობაში არ დამიწყია, უკვე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, როცა ტუჩის ჰარმონიკაზე დაკვრა დავიწყე. ვუკრავდი, პირდაპირი გაგებით, ყველგან: უნივერსიტეტის დერეფნებში, ლექციებზეც, ქუჩაში – ვფიქრობ, ცოტა ნერვებსაც ვუშლიდი ამით ვიღაცებს და ვაწუხებდი. ამიტომ მივხვდი, რომ ჰარმონიკა არ ყოფილა ჩემი საქმე, რადგან თუ ხალხს აშინებ, ესე იგი, რაღაცას სწორად არ აკეთებ. ამის მერე გადავწყვიტე გიტარაზე დაკვრა.
M: ბაჩო, მსმენელს გვახსოვხართ სხვადასხვა ფორმატით: როგორც დამოუკიდებელი მუსიკოსი, კოლაბორაციებით სხვა არტისტებთან, ბენდით…მოგვიყევით ამ ეტაპებზე.
საქართველოში, რაც მე მინახავს, მუსიკალური კოლაბორაცია იწყება მეგობრობით. ჩემს შემთხვევაში ბენდი იყო თუ ერთჯერადი თანამშრომლობა ყველანი ჩემი მეგობრები იყვნენ, რომლებთანაც საერთო მუსიკალური ინტერესები აღმომაჩნდა იმ დროს, იმ მომენტში და გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა.
მეგობრობით დაიწყო ჩემი პირველი ბენდი S.Porti ლაშა ჩხაპელიასთან ერთად (Tamada), თუმცა შემდეგ ლაშა საზღვარგარეთ წავიდა ჯერ ლატვიაში, მერე გერმანიაში და მარტო რომ დავრჩი, გარკვეული პერიოდი დამოუკიდებლად ვმუშაობდი.
ამის შემდეგ დავმეგობრდი თორნიკე ჯაფიაშვილთან და ერთად დავიწყეთ მუსიკის წერა. ჩავწერეთ ალბომი, რამდენიმე ლაივიც ჩავატარეთ, შემდეგ ისევ ბენდში ვიყავი ლექსო რატიანთან ერთად, ხოლო ახლანდელ ჩემს ბენდს ჰქვია „ბაჩო ჯიქიძე და ესთეტი ბიჭები”.
ძირითადი განსხვავება ბენდთან ერთად და მარტო მუშაობას შორის ისაა, რომ რაღაცების დაორგანიზება უფრო რთულია: ყველამ უნდა მოიცალოს რეპეტიციებისთვის, ჩაწერისთვის, მით უმეტეს, საქართველოში თავიდან ბოლომდე მუსიკით არავინ ვართ დაკავებული, ყველა ვმუშაობთ და სხვადასხვა საქმე გვაქვს. ზოგიერთი რამდენიმე ბენდში უკრავს და ეს სამენეჯმენტო საკითხებია ის, რაც შეიძლება ხელის შემშლელი იყოს. სხვა მხრივ, მე პირადად განსაკუთრებით მომწონს ბენდთან ერთად მუშაობა, რადგან, როცა სცენაზე მარტო ხარ, ბევრად რთულია, ვიდრე სხვა მუსიკოსებთან ერთად.
გარდა ამისა, როცა ბენდში პროფესიონალი მუსიკოსები გყავს, ისინი გეხმარებიან, რომ შენი პირველი ჩანაფიქრი უფრო გააცოცხლონ, სიმღერას კრავ მათთან ერთად და საბოლოო სახეს სძენ.
M: თქვენი შემოქმედებითი პროცესის შესახებაც ვისაუბროთ, როგორია ის…
შემოქმედებითი პროცესი იწყება ძიებით – იმ ეტაპის მერე განსაკუთრებით, როცა უკვე გაქვს დაწერილი რაღაცები და შენ წინ არის სიბნელე, იმიტომ რომ დგება მომენტი, როცა არ იცი, რაზე დაწერო ან იცი, მაგრამ ეძებ ხერხებს, როგორ დაწერო, რომ არ იყო ერთფეროვანი. ეს ძიება ნებისმიერ ეტაპზე შეიძლება დადგეს მუსიკოსის ცხოვრებაში.
რა თქმა უნდა, მუზა თავისით არ ჩამოფრინდება, შენ უნდა გადადგა პირველი ნაბიჯი და შთაგონებასთან მიხვიდე. ეს ხდება კითხვით, დაკვირვებით გარემოზე, სამყაროზე და ა.შ. ამის მერე უკვე ცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი დრო დაუთმო ინსტრუმენტთან მუშაობას, ის ემოციები, რომლებიც ძიების დროს დაგიგროვდა, შესაბამის აკორდებს მოარგო და რამდენიმე „შავი ჩანაწერი” გააკეთო, რომლიდანაც ამოარჩევ სასურველს და გააშალაშინებ.
M: რა არის დღესდღეობით საჭირო იმისთვის, რომ საქართველოში მუსიკოსმა შეძლოს საკუთარი საქმის კეთება, რა რჩევებს მისცემდით დამწყებებს?
შეიძლება ცოტა პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ არის რაღაცები, რაც დაბადებიდან სულში გაქვს. რაც არ უნდა ხელისშემშლელი პირობები გქონდეს, როცა რაღაც საქმისადმი დიდი ვნება გაქვს, მაინც იპოვი გზას და გააკეთებ. რა თქმა უნდა, კარგია, როცა დილიდან საღამომდე შენს საქმეს აკეთებ, მაგრამ თუ ეს არ გამოდის, არაა პრობლემა. არიან ადამიანები, რომლებიც საერთოდ ისე მიდიან ამ ქვეყნიდან, საკუთარ თავს ბოლომდე ვერ პოულობენ და ჩვენ რომ დღეში თუნდაც ერთი ან ორი საათი დავუთმოთ იმის კეთებას, რაც გვსიამოვნებს, ამაში არაფერია ტრაგიკული.
მეც მქონია პერიოდები, რომ მეტი ინტენსივობით მინდოდა მუსიკის კეთება, მაგრამ ამის გამო არასოდეს ვყოფილვარ მოწყენილი, პირიქით, ის ცოტა დრო, რაც მქონდა, ბედნიერი ვიყავი, რომ მაინც ვაკეთებდი რაღაცას ამ სფეროში.
დამწყებებს რაც შეეხება, ეს სიყვარული თუ არ აქვთ, მე ახალს ვერაფერს ვურჩევ, ხოლო, თუ ისედაც შინაგანად უყვართ ეს საქმე – ვფიქრობ, ჩემი რჩევა სულ არ სჭირდებათ. ერთადერთი, შემიძლია, ტექნიკური რჩევა მივცე ჩემი გამოცდილებიდან – სიმღერების წერა ნახევარი საქმეა, არ ნიშნავს, რომ მაგარი მუსიკოსი ხარ. სიმღერის კეთებას ბევრი რამის ცოდნა სჭირდება, იქნება ეს ჩაწერა, ტექნიკა, ტექნოლოგია, ჰარმონია თუ სხვა. ასევე, მუსიკას ძალიან უხდება კითხვა, განსაკუთრებით პოეტების არა მხოლოდ ქართველების, არამედ უცხოური ლიტერატურისაც.
M: ბაჩო, რაზე მუშაობთ ამჟამად და როგორია თქვენი გეგმები?
ახლა ძირითადად მაქვს რეპეტიციები ბენდთან ერთად, „ბაჩო ჯიქიძე & ესთეტი ბიჭები”
მაისის დასაწყისში ემზადება კონცერტისთვის და ამ საქმეზე ვარ მეც გადართული. გარდა ამისა, დამოუკიდებლადაც სულ ვწერ რაღაცებს, როგორც ყოველთვის. აქედან ჯერ ზუსტად არ ვიცი, რომელი სიმღერა ნახავს დღის სინათლეს და რომელი არა.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
დავტოვებ ქართული ბენდის სიმღერას, რომელზეც ვფიქრობ, რომ ბოლო დროის ერთ-ერთი საუკეთესო ტექსტია, რაც კი მომისმენია.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი