in

Background Music – ქართული ფონური მუსიკის სერვისი ბიზნესისთვის

ფონური მუსიკის შექმნა, როგორც ცალკე ინდუსტრია, თითქმის საუკუნოვანი იდეაა — Muzak-ის დაარსება, რომელიც 1934 წელს მოხდა, ხშირად მიიჩნევა ამ კონცეფციის დაბადებად. იდეა იყო ის, რომ მუსიკა, რომელიც კონკრეტული გარემოს განწყობას ემსახურება – ვაჭრობის, კვების, ლოდინის სივრცეებში, განცალკევებული უნდა ყოფილიყო ცნობადობის, ჰიტ-კულტურის და ვარსკვლავის სტატუსის მექანიკისგან. დღევანდელ ეპოქაში Mood Media-სა (აშშ) და Soundtrack Your Brand-ის (შვედეთი) მსგავსი მოთამაშეები ამ გლობალური ბაზრის ლიდერებად ითვლებიან.

სწორედ ამ ნიშაში დაიწყო საკუთარი ბიზნესი მირიან კულულაშვილმა 2024 წელს და Background Musicის მთავარი სიმარტივეც სწორედ მისი დამფუძნებლის მიერ ამ ინდუსტრიის ექსპერტიზაზე გადის. დეტალებზე თავად მირიანი საუბრობს.

დღეს რამდენი აქტიური მომხმარებელი გყავთ და რომელ სექტორებში — საცალო, HoReCa, ფიტნესი, საოფისე სივრცეები?

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი მუსიკა 12 სხვადასხვა ჟანრსა და ასევე თემატურ (საახალწლო/საშობაო) მუსიკას მოიცავს, პოტენციურ კლიენტთა არეალი საკმაოდ ფართოა და მასში შედის როგორც სასურსათო, ტანსაცმლის, პარფიუმერიის თუ სხვა სახის მაღაზიები, ასევე სასტუმროები, კაფეები, სავარჯიშო დარბაზები და სხვა. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიის დაფუძნებიდან პირველ ეტაპზე ჯერ იქმნებოდა სპეციალიზირებული მუსიკა, შემდეგ ონლაინ სტრიმინგ პლატფორმა და პირველი აქტიური კლიენტები მხოლოდ გასული წლის ბოლოდან შევიძინეთ, ამ ეტაპზე ჩვენი მუსიკა ჟღერს მხოლოდ 150-მდე ობიექტში. თუმცა, ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე მათი რიცხვი მინიმუმ გაორმაგდება.

საკანონმდებლო შეზღუდვის გამო მართალია კლიენტებს ვერ ვთავაზობთ პოპულარულ ჰიტებს და მსმენელისთვის ცნობად კომპოზიციებს, თუმცა კომპანია იძლევა გარანტიას, რომ ის მრავალფეროვანი მუსიკა და დაბალი ფასი, აუცილებლად მოერგება სხვადასხვა ბიზნესის ინტერესებს.

საიდან მოდის ის 100+ საათი მუსიკა? ეს ორიგინალური კომპოზიციებია კონკრეტული შემსრულებლებისგან, ლიცენზირებული უცხოური კატალოგი, თუ ჰიბრიდი?

მუსიკა სპეციალურად ჩვენთვის იწერება შვედეთში არსებულ მუსიკალურ სტუდიაში და ყველა საავტორო და მომიჯნავე უფლება ექსკლუზიურად გვეკუთვნის ჩვენ. თავად მუსიკის შემქმნელებსაც აღარ აქვთ ამ მუსიკის გამოყენების უფლება. გარდა არსებული კატალოგისა, ყოველთვიურად 100 ახალი მუსიკალური ნაწარმოები მოგვეწოდება ხსენებული სტუდიიდან და წლის ბოლომდე მინიმუმ 150 საათამდე არსებული კატალოგი გვექნება. სანამ მუსიკა შეიქმნებოდა, ჩვენი კომპანიის მიერ შესწავლილი იქნა სხვადასხვა ტიპის ბიზნესის მოთხოვნები მუსიკასთან დაკავშირებით, გავეცანით საერთაშორისო გამოცდილებას და კვლევებს და მუსიკა მოვარგეთ ზუსტად იმ ხასიათს, რომელიც შესაბამისი იქნებოდა არსებულ ბიზნეს რეალობასთან. სწორედ ამიტომ კომპანიის მთავარი სლოგანიც მიმართვაა ბიზნესისადმი, ფონური მუსიკა – თქვენი კლიენტის უხილავი კომფორტი.

დეკში წერთ, რომ სრულად ფლობთ თითოეული ნაწარმოების საავტორო და მომიჯნავე უფლებებს. დააზუსტეთ — ეს არის უფლების სრული გადაცემა ექსკლუზიური ლიცენზია თუ work-for-hire?

საერთაშორისო ტერმინით შეგვიძლია დავარქვათ ამას work for hire, ქართულ საავტორო უფლებების კანონმდებლობაში ამას „სამსახურებრივი ნაწარმოები“ ეწოდება, ანუ ეს ის შემთხვევაა, როდესაც შექმნისთანავე ნაწარმოებზე უფლებები ეკუთვნის ე.წ. „დამკვეთს“. ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, როგორც საერთაშორისო არენაზე, ასევე საქართველოშიც.

საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საჯარო შესრულებას ცალკე უფლებად აღიარებს და, როგორც წესი, კოლექტიური მართვის გავლით აგროვებენ. რა იურიდიული საფუძველი გაქვთ პოზიციისთვის, რომ ეს ნაბიჯი თქვენს კლიენტებს არ ჭირდებათ?

საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიური მართვა ბუნებრივია ხელოვანი ხალხისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი საქმიანობაა, თუმცა ჩვენი პროდუქტი საკმაოდ განსხვავებულია. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ჩვენ არ გავცემთ კოლექტიურ ლიცენზიას, არ ვართ ავტორების წარმომადგენლები და არც არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს არ წარმოვადგენთ. ჩვენი ლიცენზია არის ინდივიდუალური, ანუ ჩვენ თავად ვართ ავტორი – საავტორო უფლების მფლობელი და ვხელმძღვანელობთ ბიზნეს ინტერესებით როგორც ბიზნეს კომპანია. შესაბამისად, ჩვენი საქმიანობისთვის არ გვჭირდება რაიმე სახის აკრედიტაცია ან კოლექტიური მართვის ორგანიზაციის ჩართვა.

„მთელ მსოფლიოში“ გამოყენების პრეტენზია — მუსიკალური უფლებები თითქმის ყოველთვის ტერიტორიულად სეგმენტირებულია. თუ თქვენი კლიენტი იღებს იმავე მუსიკას მადრიდის ან დუბაის ფილიალში, რა გარანტიას აძლევთ, რომ SGAE-სა ან Emirates Music Rights Association-ისგან მოთხოვნა არ მოვა?

რადგან მუსიკას მხოლოდ ჩვენ ვფლობთ და მხოლოდ ჩვენი კომპანიისთვის იქმნება, ამ მუსიკის გამოყენებას ტერიტორიული შეზღუდვა არ აქვს. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობას საავტორო უფლებების კანონმდებლობა ერთსა და იმავე პრინციპზეა აგებული და შესაბამისად ჩვენი პროდუქტის გამოყენებაზე არანაირი ბერკეტი არ ექნებათ არც სხვა ქვეყნებში. დამატებით, ბუნებრივია აქაც ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას.

„ფიქსირებული, ფილიალების რაოდენობაზე დაყრდნობით“ ფასი — ნიშნავს, რომ მცირე კაფე და დიდი სავაჭრო ცენტრი ერთსა და იმავეს იხდიან? როგორ განისაზღვრება ტარიფები 

ჩვენი საფასო პოლიტიკა განსხვავებულია კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ დადგენილი ტარიფებისგან. ჩვენ, როგორც ბიზნესს სუბიექტს, უფლება გვაქვს ფასი დავადგინოთ ინდივიდუალური მოლაპარაკების საფუძველზე. პირობითად ქსელური მაღაზიებს შესაძლებელია თითო მაღაზიის გახმოვანება დაუჯდეთ 10 ევროს ექვივალენტი თუ მათი ფილიალების რაოდენობა მასშტაბურია. ჩვენ არ ვუყურებთ იმას, თუ რამდენი კვადრატული მეტრი აქვს კონკრეტულ ობიექტს და არ ვიყენებთ რთულ კალკულაციებს. თუმცა, ფასი შესაძლებელია იმისდა მიხედვით მერყებოდეს, თუ რა სურს კლიენტს ჩვენგან. მაგალითად, ზოგიერთ კლიენტს არ სურს ჩვენი ონლაინ პლატფორმის გამოყენება, რა შემთხვევაშიც მათთვის ფასი შეიძლება ნაკლები იყოს. ასევე, კლიენტების ნაწილი არ ითხოვს ჩვენგან ფინანსურ თუ სამართლებრივ გარანტიებს და რადგან ჩვენი დრო შეიძლება თეორიულად დაიზოგოს, ესეც შეიძლება იყოს კიდევ უფრო შეღავათიანი ფასის პარამეტრი.

„ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასი“ — ვისთან ადარებთ? Spotify for Business, Soundtrack Your Brand, ფიზიკური რადიოს ლიცენზია?

სრული უცხოური სერვისი, გარანტიით და სრულყოფილი მომსახურებით ჩვენს პროდუქტზე გაცილებით ძვირი ჯდება, რაშიც არაერთხელ დავრწმუნებულვართ პრაქტიკაში.

სტრიმინგი, ლოკალური ფაილების ჩამოტვირთვა თუ ჰიბრიდი? რა ხდება, თუ ფილიალში ინტერნეტი წყდება?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სერვისის ძირითადი ნაწილი მოიცავს სტრიმინგ პლატფორმაზე ჩვენი მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური წვდომის მიცემას, სადაც მას შეუძლია ისარგებლოს როგორც ჩვენი ფლეილისტებით, ასევე შექმნას საკუთარი, არიან მომხმარებლები, რომლებიც ირჩევენ, რომ გავუგზავნოთ მუსიკა და თავად მოახდინონ მუსიკის გაშვება საკუთარ ფილიალებში.

კლიენტი თავის რეკლამას ატვირთავს — როგორ ხდება ინტეგრაცია მუსიკალურ ფლოუში: სიხშირე, განთავსების ლოგიკა, ფორმატი? ხდება თუ არა ანალიტიკის გაცემა — რომელი ტრეკი როდის და სად დაიკრა?

რეკლამის „თული“ ახალია ჩვენს სერვისებში და მისი გამოყენება საკმაოდ მარტივია. მომხმარებელს აქვს ე.წ. მოდერატორის სპეციალური ექაუნთი, სადაც იგი ტვირთავს რეკლამის ფაილებს და უთითებს თუ რამდენი სიმღერაში ერთხელ უნდა გაეშვას თითოეული რეკლამა. შემდეგ მის ფილიალებში, ჩვეულებრივი user როდესაც უკრავს მუსიკას ამა თუ იმ ფილიალში, ავტომატურად გადის რეკლამა და ფილიალს მისი არც გამორთვა არც შეცვლა არ შეუძლია. საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელი პროდუქტია.

ამ ეტაპზე რა სამომავლო გეგმები გაქვთ ბიზნესის განვითარების კუთხით?

მომავლის კუთხით, ჩვენთის რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, შემოდგომიდან კომპანია იწყებს საერთაშორისო რითეილ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას, რათა ჩვენი პროდუქტი მაქსიმალურად გავიტანოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში საგრძნობლად გავაფართოვებთ მომსახურების არეალს.

[R]

26 მაისი ნინოშვილზე

„AI იმეჯინერი“, „დიზაინერ-ინჟინერი“ – როგორ ჩნდება ინდუსტრიაში ახალი ჰიბრიდული პროფესიები