in

„ბაგა“ – ხელოვნებაში ჩაქსოვილი ქართული ტრადიციული ეთნოკულტურა

Startauperi
Startauperi

„რომ არა ყველა ის ადამიანი და სიკეთე, რაც ამ გზაზე შეგვხვდა, არც „ბაგა“ იქნებოდა და არც ზეპირსიტყვიერი საგანძურით შთაგონებული ჩვენი ინიციატივა“, – ასე იწყებენ თავიანთ ისტორიაზე თხრობას ქეთი და ანი  ჩხიკვიშვილები. ქართული ისტორიისა და კულტურისადმი ინტერესმა დებს ძველი ამბების შეგროვებისკენ უბიძგა. ანი ფსიქოლოგია, ქეთი – ხელოვანი. „ბაგას“ დახმარებით თავიანთი პროფესიები და ეთნოკულტურისადმი სიყვარული გააერთიანეს.  ეს კი დიდი ამბის მხოლოდ დასაწყისია, რამაც „ბაგას“ სახელის ქვეშ ე.წ ცოცხალი მუზეუმი უნდა შექმნას – სივრცე,რომელიც  დაინტერესებულ ადამიანებს საქართველოს უძველეს წეს-ჩვეულებებს საინტერესოდ გააცნობს და შემოიკრებს.

სასწავლებლად წასულებს, შვიდი წელი შვეიცარიაში ცხოვრება მოუწიათ. შემდეგ, საქართველოში დაბრუნდნენ და სხვადასხვა მიმართულებით განვითარდნენ. დების პროფესიული გზები პირველად მაშინ გადაიკვეთა, როდესაც შვილები ეყოლათ და ბავშვებისთვის სასარგებლო პროექტის შექმნაზე დაიწყეს ფიქრი. შემდეგ იყო მოზარდებისთვის შექმნილი სადისკუსიო/საგანმანათლებლო, სალონური შეხვედრების სივრცე. წლებთან ერთად, უფრო კონკრეტული ხდებოდა ის გზაც, რომელმაც უკვე „ბაგას“  ჩაუყარა საფუძველი. ორი წლის წინ, საკუთარი მიწის ნაკვეთის შეძენა გადაწყვიტეს, რადგან ერთად განსახორციელებელი შემდეგი იდეა უკვე ასე ჟღერდა-  ქართული ტრადიციული ეთნოკულტურა თანამედროვე, გასაგები და საინტერესო სახით გადმოეცათ. ერთობლივი პროექტების შექმნა უკვე ჩვეულებად ჰქონიათ. ქეთი და ანის პირველი პროექტი დაახლოებით 15 წლის წინ დაიბადა, როდესაც საქართველოში დაბრუნებულებმა განსხვავებული საბავშვო სივრცის შექმნა განიზრახეს. თანდათან საქართველოს მთა-ბარისთვის დამახასიათებელი ზეპირსიტყვიერი ცოდნის შეგროვება დაიწყეს და სიმბოლურ პროდუქტადაც გადააქციეს.

M: სანამ „ბაგას“ იდეაზე ვისაუბრებთ, მოდით იმ ერთობლივ პროექტებზე გვიამბეთ, რომლებსაც შვეიცარიიდან დაბრუნებულები ერთად უძღვებოდით…

ქეთი:სამშობლოში დაბრუნებულებმა შევამჩნიეთ, რომ არ არსებობდა ისეთი გასართობი სივრცე ბავშვებისთვის, სადაც ხმამაღალი მუსიკისა და უცნაური პერსონაჟების ბორიალის ნაცვლად, ბავშვებს, ასაკობრივ ჯგუფზე შინაარსობრივად მორგებულ პროგრამას შესთავაზებდნენ. შევქმენით გასართობი სივრცედადუს სახლი”. სივრცის შიდა დიზაინში შემავალი თითოეული ფერი თუ ფორმა, ასაკზე მორგებული კრიტერიუმებით განისაზღვრა. შემოვიკრიბეთ კომპეტენტური ადამიანები შოთა რუსთაველის თეატრიდან და მათი დახმარებით იდგმებოდა ისეთი სპექტაკლები, რაც ბავშვებში ინტერესს და ცნობისმოყვარეობას აღძრავდა, მათ ჩართულობას აღვივებდა. ჩვენგან წასულ სტუმარს, რაღაც ღირებული უნდა წაეღო შინ – მაშინ ეს იყო ჩვენი მთავარი მიზანი. „დადუს სახლი“ 6-7 წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა. იმ პერიოდში ეს იყო სრულიად ახლებური ხედვა.

შემდეგი პროექტი იყოსახლი N8“, უფრო დიდი ასაკობრივი სეგმენტისთვის. ეს იყო არა ფორმალური, შემეცნებითი, სალონური შეკრებების და დისკუსიის ადგილი მოზარდებისთვის. ამ სივრცეში იგეგმებოდა შეხვედრები ჯაზმუსიკოსებთან, ასტროფოტოგრაფებთან, ქუჩის მხატვრებთან, შეფმზარეულებთან, მწერლებთან, ჩრდილების თეატრის მსახიობებთან, ეტიკეტის სკოლასთან, მარიონეტების თეატრთან და სხვაგვინდოდა, ჩვენი სივრცის დახმარებით, მოზარდებს მეტი საშუალება ჰქონოდათ თავისუფალი ფიქრის, გაზიარების, სიახლის მიღების და გააზრების, რაც შესაძლოა გამხდარიყო მათთვის შთამაგონებელი ბიძგი თვითშემეცნების და თუნდაც პროფესიული არჩევანის გაკეთების.

M: „ბაგას“ ხედვა ქართულ ეთნოკულტურას როგორ დაუკავშირეთ?

ანი: ბაგას კონცეფციით გვინდა ხალხური შემოქმედების ენერგიის გაღვივება და გაზიარება. იმ ამბების, რაც ქართველებს ერთად უფიქრიათ, განუცდიათ და თაობიდან თაობამდე ზეპირსიტყვიერად გადაუციათ. ეს ამბები იმდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავია, ნამდვილად არ გვაქვს ილუზია ჩვენი იდეით მისი სისრულე დავიტიოთ. ჩვენი მიზანია, ის რაც ქართული ფოლკლორის ინდივიდუალობას წარმოადგენს და რაც დროთა განმავლობაში სრულიად დასაშვებია და ალბათ კანონზომიერიც, რომ ჩაიკარგოს და მკრთალ ჩრდილად იქცეს,  განელებული ინტერესის შედეგად, კიდევ ერთხელ, თავიდან მოვყვეთ. თავისთავად  საინტერესო და უნიკალური თქმულებები, ზღაპრები, მითები თუ ანდაზები თანამედროვე ფორმით და ხედვით გავაზიაროთ. გვჯერა, ეს ჯადოსნური ამბები ქმნის ქვეყნის უნიკალურობას და ავთენტურობას.

M: როგორია ამ ტრადიციული კულტურული საგანძურის ძიების პროცესი?

ქეთი: იმდენად მრავალფეროვანი და ამოუწურავია ხალხური შემოქმედება, თავიდანვე დიდი ინტერესით ჩავეშვით ძიების და აღმოჩენების პროცესში. დავიწყეთ ჩხრეკა, პირდაპირი მნიშვნელობით, ვინაიდან შესაბამისი ლიტერატურა წიგნების სახით, მაღაზიებში მცირედ მოიპოვება. ვეძებდით არქივში, ძველ გამოცემებში, სადაც ფრაგმენტებადაა გაბნეული ეს ყველაფერი. ყველაზე სასიამოვნო ალბათ იმ ადამიანებთან ცოცხალი ურთიერთობაა, ვინც ზეპირსიტყვიერად შემოინახეს ხალხური შემოქმედება. ამ ადამიანების დახმარებით, დავიწყეთ მარტივი ენით, ჩვენებური ხედვით ავთენტური ხალხური ამბების გადმოცემა, მეტი რომ გავიგოთ  ვინ ვართ, როგორ ვცხოვრობდით ჩვენი ქვეყნისთვის რთულ ისტორიულ პერიოდებში, როგორ ვპოულობდით ძალას, მაინც გვემღერა და ეს ხასიათი დღემდე მოგვეტანა.

M: როგორია აუდიტორია, ვისაც გსურთ ეს ყველაფერი გაუზიაროთ?

ანი: პირველ რიგში ვფიქრობთ ჩვენთვის – ქართველებისთვის უნდა იყოს ამ ამბების გახსენება/აღმოჩენა საინტერესო და სასიამოვნო. თუმცა, რა თქმა უნდა, ყოველთვის საამაყოა სხვა ეროვნების ადამიანებისთვის ავთენტური, ქართული ხალხური შემოქმედების ენერგიის გაზიარება.

M: პროდუქტის ფორმა როგორ მიიღო ამ ყველაფერმა?

ქეთი: ეს ბუნებრივად მოხდა. პირველი თემა, რომელიც სეზონურობიდან გამომდინარე შემოვიტანეთ სოციალურ ქსელში, იყო მზებუდობა. ვწერდით იმ წესჩვეულებებზე, რაც ადრე ამ მოვლენასთან იყო დაკავშირებული, რას მოიმოქმედებდა ძველი ხალხი იმ დროისათვის. რით შეიქცევდნენ ხოლმე თავს ზამთრის გრძელ ღამეებში, მაგალითად, თუშეთში, რომელიც ქალაქურ გარემოს მოწყვეტილი იყო? ეს გახლდათ ხელსაქმეძაფის დართვა, ქსოვა. როდესაც პირველ პროდუქტზე ვფიქრობდით, გადავწყვიტეთ სწორედ ამ თემისთვის მიგვეძღვნა პირველი კაფსულაკოლექცია. ავთენტურობისთვის ფერებიც შესაბამისი ავარჩიეთზამთრის რძისფერი, გახუნებული ბალახისფერი, ხმელი თივისფერი. ამ ფერების თავისი ეთნოგრაფიული დასახელებებიც შევუსაბამეთ. ესაა სამაჯურისა და ყელსაბამის სერია შეზღუდული რაოდენობითსულ 60 ცალს მოიცავს. ეს არ არის მხოლოდ აქსესუარი, არამედ შინაარსი და ისტორია, რომელიც ამ ყველაფერში ჩაიქსოვება. ესაა განწყობა, რომელიც სულ სხვანაირად გატარებინებს მკლავზე ამ ნაქსოვ დეტალს. ეს გახლდათ პირველი პროდუქტი.

ანალოგიური მიდგომით შეიქმნება მომდევნო კაფსულაკოლექციები. ჩვენ არ ვქმნით პროდუქტს პროდუქტისთვის. ესაა ისტორია, რომელსაც ხელშესახები აქსესუარი მოჰყვება. ყველა პროდუქტი განსხვავებული იქნება, თუმცა ქართული რეწვის ფარგლებში.

M: როგორ გეგმავთ ამ კულტურის პოპულარიზაციას?

ანი: როგორც ვახსენეთ, დიდი სურვილი გვაქვს ახლებური ხედვით მოვყვეთ და გავაზიაროთ ძველი ქართული ხალხური ავთენტური ამბები, მითები, ლეგენდები, რომლებისთვისაც სადღაც მოგვიკრავს ყური, მაგრამ არ გაგვიაზრებია ბოლომდე, რაც თავისთავად განპირობებულია იმ მიზეზითაც, რომ ფოლკლორული მასალა, რაც ჩვენამდეა მოტანილი, მოწყვეტილია იმ ბუნებრივ გარემოს, რამაც ის შექმნა, თუმცა ხალხურ შემოქმედებასთან მრავალჯერადად მიბრუნებით, დაახლოებით და გააზრებით გვჯერა მაინც არის შესაძლებელი მისი ენერგიის და დინამიკის შეგრძნება.

M: როგორ იქმნება თავად ნაკეთობა?

ანი: პროდუქტის ყველა დეტალი ხელნაკეთია, ნაქსოვი ნაწილიც, მეტალის მედალიონიც და შესაკრავიც. ნაკეთობის შექმნაში ჩართულები არიან ქართული რეწვის პროფესიონალი ოსტატები. ყოველი დიზაინი განსხვავებულია და არ მეორდება. ასეთივე პრინციპით შეიქმნება შემდეგი კაფსულაკოლექციები

შეძენა შესაძლებელიაბაგას“ სოციალური ქსელის დახმარებით, საკურიერო სერვისით მიიღებთ ადგილზე. ასევე, ადგილზე პროდუქტის ნახვა/შეძენა შესაძლებელია პეტრიაშვილის 1 ნომერში, კონცეპტუალური მაღაზიაიერის“ სივრცეში.

M: როგორია თქვენი ხედვა, რა დადებითი გავლენა შეიძლება იქონიოთ ქართული ეთნოკულტურის განვითარებაზე?

ქეთი: საქართველოს ისტორია ერთი დიდი და  უსასრულო ამბავია საოცარ ხალხზე ,რომელმაც საქართველოს მიწაწყალი დღევანდელ დღემდე მოიტანა, ავად თუ კარგად, მაგრამ მოიტანა, სისხლით და ძვლებით, ფერხულით და მრავალჟამიერით, სილაღით და სიდინჯით, სიბრძნით და იუმორით… ეს უსასრულო ისტორია, ჯადოსნური და მისტიკური, აღმოჩენის პროცესში ამყოფებს ყველას ვინც მასთან მიახლოებას გადასწყვეტს. თუკი ჩვენი საქმით, სხვებში გავაჩენთ ინტერესის ნაპერწკლებს და სურვილს ქართული ეთნოკულტურის შეცნობაზე,  თუკი შევძლებთ შევაყვაროთ ადამიანებს ის ამბები, რაც ჩვენ თავად ასე შევიყვარეთ, მაშინ ალბათ გულში ვიტყვით ერთი აგურის დადება გამოგვივიდა თქო.

M: როგორი იქნება „ბაგას“ მულტიფუნქციური პროექტი?

ეს იქნება ღია მუზეუმის კონცეფცია, რისი პრეცედენტებიც არსებობს მთიანი რეგიონების მქონე განვითარებულ ქვეყნებში. ამ ეტაპზე, ვმუშაობთ, რომ ჩვენი საკუთარი რესურსებითა და დაფინანსებით შევძლოთ ამ ყველაფრის ამუშავება. სახელწოდებაბაგაუკავშირდება დუშეთის სოფლის სახელს, სადაც ჩვენი მიწა მდებარეობს. ლოგოც სიმბოლურად გამოხატავს მზისა და მთვარის ამბებსა და ემოციებს. ეს არის კოლაბორაციული პროდუქტი, შეხვედრებისა და მასტერკლასების ინტერაქციული სივრცე ვიზიტორებისთვის. ამგვარად, უზრუნველვყოფთ ცოცხალ ურთიერთობას მუზეუმსა და სტუმრებს შორის. ეს უნდა იყოს დროის გასატარებელი და დასასვენებელი გემრიელი სივრცე, რომელიც გააერთიანებს ქართულ ზეპირსიტყვიერ კულტურულ საგანძურს.


ავტორი: თამარ მეფარიშვილი

Mercedes-Benz კამპანიას უძღვნის ადამიანებს, რომლებსაც „ბენცი“ დაარქვეს

როგორია Rakuten Viber-ის სტრატეგიული გეგმები და მიზნები საქართველოში?