in

„ბაგანა“: „დაფინანსებაზე მეტად, სწორი და დროული პარტნიორების პოვნა გაგვიხარდა!“

წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც სულ ახლახანს მოავლინა ქვეყანას სასწაული – კიდევ ერთი ახალი სიცოცხლე და მთელი სამყარო შეჰხარის ამ მოვლენას. სამწუხაროდ, რეალობა სრულიად სხვანაირია – დედაც ადამიანია და მამაც. მათ სურთ შეინარჩუნონ თავიანთი ცხოვრების სულ მცირე ნაწილი მაინც, შეხვდნენ მეგობრებს, დალიონ ჩაი, წავიდნენ სამოგზაუროდ, თუნდაც პარკში გაისეირნონ ან მაღაზიაში შევიდნენ ისე, რომ არ იფიქრონ პანდუსზე, ბავშვის დამტოვებელზე, ამინდზე, პანდემიაზე და ა.შ. „ბაგანას“ სლინგი (ბავშვის სატარებელს) არის იმის გარანტი, რომ მშობელს ბავშვი ეყოლება მშვიდად, დაცულად და უსაფრთხოდ ნებისმიერ ვითარებაში, სეზონის მიუხედავად, გულზე მიკრულ შვილთან ერთად წავა სადაც მოისურვებს და თან ექნება 2 თავისუფალი ხელი. ვერ წარმოიდგენთ რამხელა ფუფუნებაა ეს ყველაფერი.

დღესდღეობით, „ბაგანა“ პირველ ქართულ სლინგს აწარმოებს. კომპანიის მისიაა ხელი შეუწყოს 0 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს მონაწილეობა მიიღონ სოციალურ აქტივობებში, შვილებთან ერთად. სწორედ ამიტომ, ჩვენ ქმნით მაღალი ხარისხის, ბუნებრივი ქსოვილისგან დამზადებულ ბავშვის ჩასასმელს, რომელიც უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას და ახალისებს მშობლების ყოველდღიურ ცხოვრებას. კომპანიის სტრატეგიაა, ერთი მხრივ, სლინგის წარმოების გაზრდა, მეორე მხრივ, კი ისეთი პროდუქტების დამატება რომლებიც ჩვენი მისიის შესაბამისი იქნება.

„ბაგანას“ იდეა პირველი შვილის გაჩენის შემდეგ გამიჩნდა, განხორციელებაშიც ჩემს ორივე შვილს დიდი წვლილი მიუძღვით. ფაქტობრივად, უხელფასოდ აქვთ ნამუშევარი მარკეტინგის მიმართულებით. საქმე მე და ანნა ტაბატაძემ წამოვიწყეთ. ერთმანეთი და „ბაგანას“ მაშინდელი თანადამფუძნებლები სოციალური მეწარმეობის საერთაშორისო სკოლამ გაგვაცნო. სწორედ ამ პროექტში მოვიპოვეთ საპრიზო ადგილი 2017 წელს და დავიწყეთ ბიზნესი ნულიდან საქმის სპეციფიკური ცოდნისა და ბიზნესის გამოცდილების გარეშე. არაერთი შეცდომისა თუ დაბრკოლების შემდეგ, მაინც ენთუზიაზმით განვაგრძობდით წარმოებას და ასე მოვედით “შარქ თენქ საქართველომდე” რაც, საბედნიეროდ, კიდევ ერთი დადებითი გამოცდილება აღმოჩნდა.

ამ პროდუქტის კონკურენტული უპირატესობა მისი ფასი, მიწოდების სისწრაფე, სიმარტივე და მომხმარებელთან უწყვეტი უკუკავშირია. საქართველოში უცხოური ალტერნატივების ფასი 119 ლარიდან იწყება, ხოლო ბაგანას მსგავსი ხარისხის სლინგი გამოწერით 200 ლარი ჯდება. კომერციულ მხარეს რაც შეეხება, ბიუჯეტი და თითოეული ფინანსური დეტალი ანნას გათვლილია, ძალიან გაგვიმართლა, რომ ერთად სწავლის შესაძლებლობა მოგვეცა. წარმოების დაწყებისას მაშინდელი საგრანტო პირობებიდან გამომდინარე, სხვა გზა არ გვქონდა, გაყიდვა უნდა დაგვეწყო რაც ახლანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ საუკეთესო ბიძგი იყო. როგორი გადასარევიც არ უნდა გეჩვენებოდეს იდეა განხორციელების გარეშე მხოლოდ ოცნებასავითაა.

„ბაგანამდე“, სამართლის ბაკალავრი და საჯარო მმართველობის მაგისტრი ვიყავი. ანნას ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით აქვს განათლება მიღებული და სამუშაო გამოცდილებაც ბუღალტერიისა და ფინანსების კუთხით, რაც ძალიან დაგვეხმარა. თუმცა, მაინც ვერ ვიტყვი, რომ ვისურვებდი მქონოდა რაიმე გამოცდილება ამ ბიზნესის კუთხით. რაც ნაკლები იცი, უფრო გამბედავად იღებ სულელურ გადაწყვეტილებებს. საბოლოო ჯამში კი, რისკი უფრო ამართლებს ხოლმე, ვიდრე წლობით მხოლოდ დაგეგმვასა და შიშებში დროის გაყვანა.

„შარქ ტენქ საქართველოს“ აპლიკაცია ისე შევავსე, წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო. შოუს შესახებ, სოციალური ქსელით გავიგე (რეკლამა ამომიხტა), ინსტრუქცია წავიკითხე და ვიფიქრე, კარგი შესაძლებლობა იქნებოდა. აპლიკაციის გაგზავნის შემდეგ ვნახე რამდენიმე ვიდეო და მაშინ მივხვდი, რა არასწორად შემივსია. სამაგიეროდ, გასაუბრებისთვის უფრო მომზადებული ვიყავი, გადაცემის საორგანიზაციო გუნდიც ძალიან დაგვეხმარა, როგორც ბიზნესის, ასევე შოუსა და მარკეტინგის ნაწილში. რომც არ გაგვემარჯვა, ბოლომდე მადლობელი ვიქნებოდი ამ შესაძლებლობისთვის.

ეს გამარჯვება „ბაგანას“ განვითარების შესაძლებლობას, ორ ახალ, ძლიერ პარტნიორსა და მენტორს ნიშნავს. პირადად ჩემთვის – კიდევ ერთ მტკიცებულებას, რომ “რატომაც არა?!” დამოკიდებულებით ცხოვრება უნდა განვაგრძო, არ მოვექცე იურისტის, საჯარო მოხელის ან რაღაც მსგავს ჩარჩოში და ხშირად გავიპარო ხოლმე კომფორტის ზონიდან.

დაფინანსებაზე მეტად, სწორი და დროული პარტნიორების პოვნა გაგვიხარდა. 50 000 ლარი ისეთი თანხა არ არის, თუნდაც სესხი რომ ვერ აგვეღო. ძალიან მნიშვნელოვანი რჩევები მივიღეთ და ვაპირებთ, ბოლომდე მივყვეთ ახალ სქემას. იმედია, მალე ვიხილავთ ბაგანას პროდუქციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.

თინათინ გახოკიძე – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

NBA-ს კალენდარულ მატჩებს აბუ-დაბი უმასპინძლებს

კვლევა — თითის ტკაცუნი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი მოძრაობაა