in

ბახვა ბრეგვაძე – #პირველისამსახური

ფოტოს ავტორი: ნაკანიმამასახლისი

პირველი სამსახური რომ დავიწყე, 18 წლის ვიყავი. კავკასიის უნივერსიტეტში ვსწავლობდი. იქ კიდევ ამერიკული სისტემა იყო – ხშირად მესმოდა, რომ ამერიკელი სტუდენტები მუშაობენ, გამოცდილებას იღებენ და ერთ დღესაც, სახლში მოსულმა გამოვთქვი სურვილი, მუშაობის დაწყება მინდა-მეთქი. მამაჩემმა თავისთან შემომთავაზა მუშაობა. გათბობისა და ვენტილაციის კომპანია ჰქონდა, “თერმი”. მარკეტინგული საკითხები მებარა, თუმცა, გულახდილად რომ ვთქვა, ძირითადად, თარჯიმნის ფუნქციას ვასრულებდი შეხვედრებზე, თუმცა თარჯიმნობა სულაც არ არის ცუდი.

სირთულე ის მახსენდება, რომ იმ დროისთვის არცერთი ჩემი ახლო მეგობარი არ მუშაობდა და ჰქონდათ ბევრი თავისუფალი დრო. მე კიდევ, იმდენად დატვირთული ვიყავი სწავლით და საქმით, რომ მათთან ერთად ვერ ვახერეხებდი ყოფნას და ამაზე ძალიან მეშლებოდა ნერვები. ხან დილას რომ სამსახურში მივდიოდი, საღამოს – ლექციებზე ვიყავი ან პირიქით. ზოგჯერ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ მახსოვს, ერთხელ სადღაც კაფეში, მაგიდაზე დამეძინა და ყველას მთვრალი ვეგონე.

ყოველთვის ვინტერესდებოდი, რა და როგორ ხდება და ალბათ, ამან განაპირობა კიდეც ის, რომ სხვადასხვა სფერო მოვიარე. როცა რაიმე სფერო მაინტერესებს, სულ მინდა ხოლმე, რომ შიგნიდან გავიცნო, რეალურად როგორ კეთდება. პირველმა სამსახურმა მასწავლა საერთოდ ყველაფერი. რაკი არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა მეკეთებინა, ვუყურებდი სხვებს და ალბათ ძალიან ვაწუხებდი კიდეც ჩემი ბევრი შეკითხვით. ამ სამსახურში ვისწავლე, როგორ გამეკეთებინა დავალება კონკრეტულ ვადაში. ძალიან პასუხისმგებლობით ვეკიდებოდი, რადგან რამე რომ ვერ მომესწრო, სხვას უფრო ეპატიებოდა, ვიდრე მე/ ასე მივეჩვიე, აუცილებლად გავაკეთო ის, რაც მე მევალება და რა დროშიც მევალება. აქ ვისწავლე, არ ავიღო ჩემს თავზე იმაზე მეტი, რისი გაკეთებაც შემიძლია.

ბახვა ბრეგვაძე – “სარაჯიშვილის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ტელეწამყვანი, მსახიობი.

სხვებზე შთაბეჭდილებას მათ ინტერესებზე მორგებით ვერ მოახდენ. იყავი ის, ვინც ხარ!

რა გელით 28-29 თებერვალს განათლების საერთაშორისო გამოფენაზე?