მაისის დასაწყისში, აზერბაიჯანის დედაქალაქი რეგიონული კრეატიული ინდუსტრიის ეპიცენტრად იქცევა. ფესტივალი “Baku Flames” წარმოადგენს პლატფორმას, სადაც თავს იყრის შემოქმედებითი სფერო – გამოცდილი პროფესიონალებიდან დაწყებული, ახალბედა ტალანტებით დამთავრებული. ორდღიანი ღონისძიება ქმნის შესაძლებლობას ისწავლოთ ინდუსტრიის ლიდერებისგან, გააფართოოთ პროფესიული კონტაქტები და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე წარმოაჩინოთ.
ფესტივალზე მონაწილეობისთვის ხელმისაწვდომია სხვადასხვა კატეგორიის ბილეთები – სტუდენტებისთვის შეღავათიანი ტარიფით, ხოლო ახალგაზრდა ტალანტებისთვის – კანის ფესტივალზე მოხვედრის შანსით. ოფიციალურ ვებგვერდზე დეტალურად გაეცნოთ სრულ პროგრამას და დაარეგისტრიროთ კიდევ თქვენი ნამუშევრები.
ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში იქნებიან ქართული კრეატიული სექტორის წარმომადგენლები – Leavingstone-ის, Saatchi & Saatchi-ს, Playmakers-ისა და Holy Motors-ის წამყვანი პროფესიონალები. მათ შორისაა Leavingstone-ის კრეატივ დირექტორი ემილი ქორიძე.
M: ემილი, როგორ შეაფასებ Baku Flames 2025-ს, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ღონისძიება რეგიონული შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებისთვის?
Baku Flames არის პლატფორმა, რომელიც აერთიანებს რეგიონში საუკეთესო კრეატიულ ტალანტებს და აძლევს მათ შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი ნამუშევრები ფართო აუდიტორიისა და საერთაშორისო ჟიურის წინაშე. ასეთი ფესტივალები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინდუსტრიის განვითარებაში, ხელს უწყობენ იდეების გაცვლას, პროფესიონალებს შორის ახალი კავშირების შექმნას და სიახლეების გავრცელებას, ზრდის ადგილობრივი ნიჭის ხილვადობას და გარემოც უფრო კონკურენტუნარიანი ხდება.
M: შენი ხედვით, რა პერსპექტივას ქმნის ღონისძიება და კონკურსში მონაწილეობა კრეატორებისთვის?
Baku Flames კონკურსში მონაწილეობა კრეატორებს სთავაზობს შესაძლებლობას, შეადარონ თავიანთი ნამუშევრები რეგიონის საუკეთესო პროექტებს, მიიღონ უკუკავშირი ინდუსტრიის ლიდერებისგან და გაიგონ, რა არის ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური ტენდენციები. გარდა ამისა, ფესტივალი არის შესანიშნავი შანსი ახალი პერსპექტივების შესაქმნელად – იქნება ეს საერთაშორისო სააგენტოებთან თანამშრომლობის დაწყება, ახალი კლიენტების მოზიდვა თუ ინსპირაციის მიღება მომდევნო პროექტებისთვის. ჩემთვის რაც ყველაზე საინტერესოა მსგავს ფესტივალებში არის ის რომ კარგად ვეცნობი რეგიონის პრობლემებს და წუხილებს, ყველა ნამუშევრის ინსაითი გამომდინარეობს გარემოდან და შესაბამისად ინსაითების დაკვირვება საშუალებას გაძლევს მიხვდე თუ როგორი სოციალური ფონია იმ ქვეყანაში რომლის ნამუშევარსაც უყურებ.
M: წლევანდელი Baku Flames 2025-ის ჟიურის შემადგენლობაში ხარ – რა მიმართულებით უნდა შეაფასო ნამუშევრები?
ნამუშევრებს ვაფასებ ძირითად კატეგორიაში, რაც მოიცავს Advertising Campaigns, Film, Film Craft, Print & Publishing, Outdoor მიმართულებით შექმნილ ნამუშევრებს. მიხარია რომ სწორედ ამ კატეგორიის შეფასების შესაძლებლობა მაქვს. ჩემი ფოკუსი იქნება კონცეფციის სიღრმის და შესრულების ხარისხის შეფასება. მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრებმა არა მხოლოდ ტექნიკურად გამართული და ესთეტიკურად მიმზიდველი შთაბეჭდილება მოახდინოს, არამედ ჰქონდეს მკაფიო იდეა და ემოციური კავშირი აუდიტორიასთან, რადგან ეს სფერო სწორედ იმიტომ არსებობს რომ საზოგადოების ქცევაზე გვალენა მოვახდინოთ და უკეთესი გავხადოთ.
M: რას ნიშნავს შენთვის ასეთუ როლი და როგორია მოლოდინები ფესტივალთან დაკავშირებით?
ჟიურის წევრობა ჩემთვის პატივია და ამავდროულად პასუხისმგებლობა. ეს არის შესაძლებლობა, დავინახო რეგიონის კრეატიული პოტენციალი, ვიპოვო გამორჩეული ნამუშევრები და შევაფასო, თუ როგორ ვითარდება ინდუსტრია. მოლოდინები საკმაოდ მაღალი მაქვს – ველოდები გამბედავ, არატრადიციულ ნამუშევრებს, რომლებიც აჩვენებენ, რომ რეგიონში ახალი სტანდარტები არსებობს. ასევე, მჯერა, რომ ეს ფესტივალი კიდევ უფრო გააძლიერებს კავშირებს სხვადასხვა ქვეყნის კრეატორებს შორის და ხელს შეუწყობს ინდუსტრიის საერთო განვითარებას.
დამატებითი დეტალებისთვის, ბილეთების შეძენის, პროექტის წარდგენისა და პარტნიორობის შესაძლებლობებისთვის, ეწვიეთ www.bakuflames.az ან დაუკავშირდით: [email protected] www.bakuflames.az/contact